ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"საბავშვო უნივერსიტეტი" ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება

4 ოქტომბერი, 2015
„თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი“, რომელიც ახლა უკვე  „თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის“ შემადგენლობაშია,  2015-2016 სასწავლო წელს ახალი, უფრო მასშტაბური შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამით ხვდება.

„საბავშვო უნივერსიტეტის“ ერთ-ერთ პოპულარულ პროგრამას მოსწავლეებისათვის ჩვენი უნივერსიტეტის გაცნობა წარმოადგენს. მასში შედის ექსკურსიები I კორპუსში, თსუ-ის მუზეუმებში, ბიბლიოთეკაში, სასწავლო თუ კვლევით ლაბორატორიებში. მოსწავლეებს საშუალება აქვთ ასევე დაესწრონ ლექციებს, მონაწილეობა მიიღონ ლაბორატორულ მუშაობაში, კონფერენციებში, ვიქტორინებში, ექსკურსიებსა და ა.შ., რომლებიც ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა მეთოდოლოგიითა და ფორმით ხორციელდება.

მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის დაახლოებას ემსახურება „საბავშვო უნივერსიტეტის“ პროექტი „თსუ-დესპანი“, რომელიც უკვე ოთხი წელია, რაც მოხალისე სტუდენტების მონაწილეობით მიმდინარეობს. იგი თსუ სტუდენტების მიერ საკუთარ სკოლებში უნივერსიტეტის პრეზენტაციას, სტუდენტური ცხოვრების გაცნობას, საუნივერსიტეტო პროგრამების შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას გულისხმობს. აღსანიშნავია საბავშვო უნივერსიტეტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ "თსუ ეკო კლუბის" თანამშრომლობა, რომელიც სხვადასხვა კონკურსების, ვიქტორინების, ექსკურსიების მოწყობას გულისხმობს.

"საბავშვო უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფორმას სკოლის მოსწავლეებისათვის შემეცნებითი სალექციო კურსები წარმოადგენს. ფაკულტეტებზე „ნორჩთა სკოლების“ სახით მიმდინარეობს: „ნორჩ ასტრონომთა სკოლა“ (მეცადინეობები პლანეტარიუმში ტარდება), „ნორჩ ეკონომისტთა სკოლა“, „ნორჩ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსთა სკოლა“ და ა.შ. დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერდისციპლინარული ლექციების კურსები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და საზოგადოებრივ მეცნიერებებში. ეს უკანასკნელი მომავალ სასწავლო წელს მოსწავლეთა წინაშე უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება. ყველა ეს პროგრამა მოსწავლეებისათვის უფასოა.

უახლოეს პერიოდში იეგეგმება ასევე ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაც. პირველ ეტაპზე ეს იქნება გრძელვადიანი ტრენინგ კურსები მათემატიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში, მეცნიერებით დაინტერესებული მე-7-11 კლასების მოსწავლეებისთვის.  სპეციალურად შედგენილი პროგრამები მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამების საკითხებს, ასევე თემებს, რომლებსაც სასკოლო პროგრამა არ ითვალისწინებს. კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან. მეცადინეობები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას ჩატარდება. შემდგომ ეტაპზე ამ პროგრამას უცხო ენები და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებიც დაემატება.

ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო უნივერსიტეტმა მშობლებთან თანამშრომლობის გააქტიურების ახალი სტრატეგია დაისახა. დაგეგმილია სისტემატური შეხვედრები მშობლებთან როგორც თბილისის, ასევე რეგიონის სკოლებში, კონკრეტული, აქტუალური პრობლემების განხილვა. „საბავშვო უნივერსიტეტი“ მშობლებს  „თსუ მშობელთა კლუბში“ გაწევრიანებასაც სთავაზობს. კლუბის წევრებისათვის მოეწყობა ლექციები აღზრდისა და განათლების სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, საუბრები მეცნიერებთან, მწერლებთან, საზოგადოების თვალსაჩინო მოღვაწეებთან. შეხვედრების დროს მშობლებს შეეძლებათ შეკითხვების დასმა, პრობლემების, სირთულეების განხილვა, გამოცდილების გაზიარება. კლუბში გაწევრიანების მსურველები „საბავშვო უნივერსიტეტს“ „თსუ მშობელთა კლუბის“  ელექტრონულ მისამართზე უნდა დაუკავშირდნენ: მსჰობელტა.კლუბი@ტსუ.გე.

სხვა სტატიები »