ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტების პირველი სასწავლო წელი თბილისში

სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტების პირველი სასწავლო წელი თბილისში
17 სექტემბერი, 2015
2014 წლის ივლისში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, აშშ-ს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, მეორე კომპაქტის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, რომლის პარტნიორები საქრთველოში თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდნენ. მისი მეშვეობით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი საქართველოში. კერძოდ, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამები საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 17 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის დაწყება თსუ-ში ოფიციალურად მიულოცეს.

თსუ პირველი კორპუსის სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში ამერიკელ პროფესორ ვილიამ ტონგს ლექციებზე პირველკურსელებისაგან ინტერესის ნაკლებობა არ უგრძვნია. 3 სექტემბერს დაწყებული STEM აკადემიის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიზანი თავისი სტუდენტებისათვის აშშ-ის განათლების სისტემის, უნივერსიტეტის რეგულაციებისა და შეფასების სისტემის გაცნობა იყო. ათდღიანი მოსამზადებელი და საორიენტაციო კურსის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს სტუდენტები ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის და ინჟინერიის სფეროში არსებულ უახლეს აღმოჩენებს გაეცნენ. საკუთარი კარიერული წინსვლის გამოცდილების გარდა ამერიკელმა მეცნიერებმა კი შთEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დარგების ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებასთან უშუალო კავშირზე ისაუბრეს.

STEM აკადემიის ფარგლებში საქართველოში უკვე მეხუთედ ჩამოსული მეცნიერებათა დოქტორი ვილიამ (ბილ) ტონგი, ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტს წარმოადგენს სან დიეგოს უნივერსიტეტში. ტონგისა და მისი კოლეგების აღმოჩენილი ლაზერული ტექნოლოგიების მეშვეობით ძალიან მცირედი კონცენტრაციის მქონე ქიმიური ელემენტების დაფიქსირებაა შესაძლებელი. ეს ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის ალცჰეიმერის და სხვა დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკას და საგრძნობლად ზრდის განკურნების შანსს.

პროფესორი ტონგი სან დიეგოს პროგრამის საქართველოში ამოქმედების საქმეში პროცესის დასაწყისიდანვე არის ჩართული.

„4 სექტემბრიდან მოყოლებული გვქონდა ვორქშოფი იმისათვის, რათა გავაცნოთ ჩვენი კვლევები სტუდენტებსა და ფაკულტეტებს აქ. ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევას ვცდილობთ. ეს არის ზოგადად სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩვენი კონცეფციის და შესაბამისი ტერმინოლოგიის გაცნობა. ამავე დროს ვცდილობთ დავეხმაროთ მათთვის ნაკლებად ცნობილ და საჭირო საკითხებში გარკვევაში. ერთ-ერთი საკითხი, რის გარკვევასაც STEM აკადემიის ფარგლებში ვაპირებთ იმის დადგენაა თუ რა საფეხურიდან უნდა დავიწყოთ სტუდენტების სწავლება. ახლახანს ქიმიაში დონის დასადგენი ტესტი გვქონდა და შესაბამისად შეგვიძლია ვურჩიოთ თუ რომელი დონიდან გაგზავნონ სწავლა. ვიცით, მათთვის შესაბამის რა საფეხურზე უნდა განვათავსოთ ისინი. გარდა ამისა, ვცდილობთ ცოტა უფრო მოვუთხროთ იმის შესახებ თუ რა კლასების აღება იქნება მათთვის მიზანშეწონილი. ყოველ ე.წ. „მაიჯორზე“ (ძირითად საგანზე) გვაქვს ეწ რუკა, რომელსაც უნდა მისდიო, სწორი კლასების გასავლელად და სწავლის დროზე დასასრულებლად. ზოგიერთი სტუდენტი მეკითხებოდა თუ შეიძლებოდა „მეიჯორი“ ჰქონოდა ინჟინერიაში და „მაინორი“ ქიმიაში. მე დადებითი პასუხი გავეცი და ახლა უნდა დავაზუსტოთ, თუ როგორ შეიძლება მათი დახმარება. იმედი გავქვს, რომ მოვახერხებთ სტუდენტების ისეთ საგნებზე რეკრუტირებას, როგორიცაა ტექნოლოგიები, ინჟინერია და სხვა, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მომავალში გვყავდეს კვალიფაციური სამუშაო ძალა უმაღლესი ტექნოლოგიებით მომუშავე კომპანიებისთვის, მაღალტექნოლოგიური კვლევებისთვის. სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოსთვის გათვალისწინებული საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულ სტუდენტებს, თავისი ამერიკელი თანატოლების მსგავსად შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ ისეთ კომპანიებში, როგორიც არის თუნდაც „ჯონსონი და ჯონსონი“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისიას პროფესორმა ტონგმა.

როგორც იგი ამბობს 27 მონაწილიდან 8-9 სტუდენტი მართლაც ძალიან კარგად გაუმკლავდა დავალებას. არც ელოდა, რომ ტესტირებას ყველა გაივლიდა, რადგან ამას სან დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკელი სტუდენტებისაგანაც არ ელიან. ზოგადად კი, სანდიეგოს უნივერსიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი შედეგების მქონე სტუდენტები არიან. მათ შორის არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს ყველაზე მაღალი ქულების მქონე დავით სოსელია. 2015 წლის მისაღებ გამოცდების ზოგად უნარებში მხოლოდ მან შეძლო უმაღლესი, 80 ქულის მოპოვება. დავითი თსუ-ში, სან დიეგოს უნივერსიტეტში კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს. სამომავლოდ კი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე აპირებს მუშაობას.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა STEM აკადემიის ფარგლებში საქართველოში ყოფნისას სტუდენტებს ლექციები ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩაუტარეს. სრული სემესტრის განმავლობაში დარჩებიან ლექციების წასაკითხად ქიმიის პროფესორი სან დიეგოდან, ისევე როგორც ინგლისურისა და სამეცნიერო წერის მასწავლებლები.

სხვა სტატიები »