ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ რექტორის ანგარიში

თსუ რექტორის ანგარიში
5 ოქტომბერი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარების ტრადიციას განაგრძობს. სასწავლო წლის დაწყების პარალელურად თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ რექტორობის მეორე წლის მუშაობა შეაჯამა. მთავარი აქცენტები სტუდენტების არჩევანზე, საერთაშორისო ცნობადობის გაზრდაზე, ახალ სამეცნიერო მიღწევებზე და სხვა არაერთ საკითხზე გაკეთდა.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ რჩება ლიდერ უნივერსიტეტად საქართველოში. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 3600-მდე აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თსუ-ს აქვს უფრო მაღალი, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებს“, - განაცხადა თსუ  რექტორმა.

ვლადიმერ პაპავამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თსუ-ს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის შესახებაც და ამ ფაქტის დასადასტურებლად შემდეგი მონაცემები მოიყვანა:
WEBOMETRICS-ის რანჟირებით თსუ შედის მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტთა 5%-ში, კავკასიაში და საქართველოში კი პირველ ადგილზეა; მსგავსი მაჩვენებლით ლიდერობს თსუ უნივერსიტეტების რანჟირების (URAP) რეიტინგებში.

თსუ ერთადერთი ქართულ უნივერსიტეტია რომლის ერთობლივ (თსუ-შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის) სამაგისტრო პოგრამას (საჯარო მმართველობა) ხუთი წლის ვადით მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. ხოლო ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიამ (IABE) თსუ-ს მსოფლიოში საუკეთესო კვლევით ცენტრებს შორის მეორე ადგილი მიანიჭა.

რექტორმა ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა თსუ არქეოლოგი სტუდენტებისა და მეცნიერების საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოჩენაც გრაკლიან გორაზე (კასპის რაიონი), რომელიც, მეცნიერთა აზრით, არა მარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეულ ეტაპს შეცვლის.

რექტორმა სხვა თემებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით: აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა აკადემიური ხარისხის მისანიჭებელი მინიმალური სტანდარტი. ეს სტანდარტი საკმაოდ მომთხოვნია, სადაც გათვალისწინებულია მეცნიერის მუშაობის შეფასება პუბლიკაციებით, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობით, საერთაშორისო გრანტების მოპოვებით. ამ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად პროფესორებს დრო 2017 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.

რექტორმა გაიხსენა ისიც, რომ გასულ წელს მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამების განსახორციელებლად თითოეულ ფაკულტეტს მიეცა დამატებით 75000 ლარი, რომ შეერჩიათ საინტერესო პროგრამები. სულ შეირჩა 7 ფაკულტეტზე 62 პროგრამა, რომელშიც ჩართულია ბაკალავრიატის საფეხურის 104 სტუდენტი, 50 მაგისტრანტი და 75 დოქტორანტი, ანუ სულ 200-ზე მეტი სტუდენტი;

რექტორმა ისაუბრა სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე, მოსალოდნელ ატესტაციის პროცესზე, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე;

ვლადიმერ პაპავამ ყურადღება გაამახვილა ახალ სასწავლო კურსზე - ანტიკური ტექსტები ციფრული ჰუმანიტარიის კონტექსტში, რომელშიც თსუ-სთან ერთად ჰარვარდის, ლიონის, სან-პაოლოს, ლაიპციგის და  სხვა უნივერსიტეტებია გართიანებული.

თსუ რექტორის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს დახმარებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საგანმანათლებლო სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, უნივერსიტეტში შეიქმნა აუდიოსტუდია, სადაც, სტუდენტების დახმარებით, მზადდება სახელმძღვანელობის აუდიო ვერსიები.
შეხვედრაზე რექტორმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით უნივერსიტეტის წარმატებებს. მისი ინფორმაციით გაიზარდა მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, თსუ სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის მეტ გაცვლით პროგრამას და საერთაშორიო პროექტს ნიშნავს. 

თსუ რექტორმა ისაუბრა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტზე, რომელიც თსუ-მ პირველმა დანერგა. ვლადიმერ პაპავას ინფორმაციით, პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, უნივერსიტეტში ამოქმედდა დოქტორანტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა - შვიდივე ფაკულტეტიდან 5-5 საუკეთესო დოქტორანტის სწავლის საფასურს უნივერსიტეტი დაფარავს.

თსუ რექტორმა ისაუბრა სხვა სიახლეებსა და ინიციატივებზე, სამეცნიერო გრანტებსა და პუბლიკაციებზე, სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საინჟინრო სკოლის წარმატებულ სტარტზე, სახელმძღვანელოების თარგმანზე, საბიბლიოთეკო ფონდის შევსებაზე, თანამშრომელთა მხარდაჭერაზე, გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე,  სახელმწიფოსთან ურთიერთობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სხვა ღონისძიებებზე, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.

სხვა სტატიები »