ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში

ახალი სასწავლო წელი თსუ-ში
14 სექტემბერი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელსაც ლიდერი იყო როგორც აბიტურიენტთა პირველი არჩევანის, ასევე საერთო მოთხოვნის კუთხითაც. 39 ათასი აბიტურიენტიდან 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა სწორედ თსუ შემოხაზა, როგორც უპირველესი არჩევანი.  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ში 3600-მდე პირველკურსელი ისწავლის, რომელთა 80-მა პროცენტმა - 2765-მა პირველსემესტრელმა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი. მთლიანად თსუ 7 ფაკულტეტზე 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წლის დაწყება თსუ სტუდენტებს რექტორმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.

„დღეს ვხსნით ახალ  2015-2016  სასწავლო წელს. 4000-მდე ახალი სტუდენტი შემოემატა ჩვენს  უნივერსიტეტს. ვულოცავ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და მინდა მათ ვუსურვო წარმატება და შინაარსიანი საუნივერსიტეტო ცხოვრება“, - განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ბოლო წლების განმავლობაში ტრადიციულად მოვდივარ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, რათა უნივერსიტეტელებს აქედან მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე პირველკურსელებისთვის, რომლებმაც ცხოვრების სხვა ეტაპი დაიწყეს. მათი მომავალი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული რამდენად მაქსიმალურად წაიღებენ უნივერსიტეტიდან იმ კვალიფიკაციას,  ცოდნას და განათლებას, რომელსაც მათ ჩვენი ღირსეული პედაგოგები მიაწვდიან. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანი იქნება წარმატებული“,- აღნიშნა ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, „დღეს სწავლა იწყება უნივერსიტეტებში, სკოლებში და მინდა ვისარგებლო მომენტით და ახალი სასწავლო წელი მივულოცო ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, პედაგოგებს, ადმინისტრაციას და სტუდენტებს ვუსურვო, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობა, რასაც მათ სახელმწიფო აძლევს. ეს არის მათი წარმატებული ცხოვრების, განვითარების დასაწყისი“.


რექტორის სტიპენდიანტი

თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ინიციატივით, უკვე მეორე წელია უნივერსიტეტში რექტორის სტიპენდიანტს არჩევენ. სტიპენდიატი რექტორის ხელფასიდან ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველთვიურად 250 ლარს მიიღებს. 2015 წლის შემოდგომის სემესტრში ეს ჯილდო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის სტუდენტს ვენერა ცერცვაძეს ერგო.
„ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია რექტორის სტიპენდიის მოპოვება. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვლადიმერ პაპავას. ეს იქნება სტიმული, რომ შემდგომ კვლავ გადავდგა წარმატებული ნაბიჯები და ვეცდები, რომ ბოლომდე   ღირსეული უნივერსიტეტელი ვიყო“, - აღნიშნა რექტორის სტიპენდიატმა.


თსუ-ს წლის საუკეთესო პედაგოგები

უკვე მეორედ თსუ ახალ სასწავლო წელს წლის საუკეთესოდ დასახელებული პედაგოგების დაჯილდოვებით იწყებს. 15 სექტემბრის ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ 2014-2015 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგებს ყველა ფაკულტეტიდან: ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან მაია მესტვირიშვილს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან ქეთი ჩიტალაძეს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან თამაზ ჯოლოგუას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან იური პაპავას და სიმონ წერეთელს, მედიცინის ფაკულტეტიდან თეიმურაზ ჯორბენაძეს და რუსუდან ქარსელაძეს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ნანი გელოვანსა და ნინო გოგიაშვილს, იურიდიული ფაკულტეტიდან მარიამ ხოფერიას, ტურიზმის განვითარების ინსტიტუტიდან რომან ხარბედიას, ენების ცენტრის მოწვეულ პედაგოგს ხათუნა გელაშვილს.


ყველაზე მაღალრეიტინგულები

სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ თსუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული მაღალრეიტინგული პირველკურსელები. მათ შორის, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ზოგად უნარებში ყველაზე მაღალი ქულის მქონე პირველკურსელს, თსუ-ში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ დავით სოსელიას კომპანია „ჯინო ფერედაისმა“  ყოველთვიური სტიპენდია  დაუნიშნა 200 ლარის ოდენობით.


* * *
თსუ-ში დღეისთვის მოქმედებს 212 აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა. მათ შორის: საბაკალავრო - 65, ერთსაფეხურიანი - 3, სამაგისტრო - 90, სადოქტორო - 42, პროფესიული -9. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - 3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს  უცხოენოვანი და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.


სხვა სტატიები »