ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ცნობილი სახელმძღვანელოები უკვე ქართულ ენაზე

ცნობილი სახელმძღვანელოები უკვე ქართულ ენაზე
27 ივლისი, 2015
ეკონომიკის მიმართულების სტუდენტებს და მეცნიერებს რამდენიმე მნიშვნელოვანი, დასავლეთის სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში აღიარებული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს ქართულად გაცნობის საშუალება მიეცემათ.

30 ივნისს თსუ-ში ორი წიგნის ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა, ესენია: რაინერ კლუმპი, ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები, თსუ გამომცემლობა, თბ., 2015.

გიუნტერ ფალტინი, გონება ამარცხებს კაპიტალს, თსუ გამომცემლობა, თბ., 2015.

დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში აპრობირებული ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს  „ეკონომიკური პოლიტიკა: მიზნები, ინსტრუმენტები და ინსტიტუციები“, ავტორია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ამჟამად ლუქსემბურგის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი რაინერ კლუმპი. მეწარმეობის შესახებ დღეისათვის ევროპაში ყველაზე წარმატებული წიგნის – "გონება ამარცხებს კაპიტალს" – ავტორი კი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ლეგენდარული თეეკამპაგნე-ის დამფუძნებელი გიუნტერ ფალტინია.

ეკონომიკური პოლიტიკის სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი, ხოლო წიგნის ,,გონება ამარცხებს კაპიტალს’’ ქართულ ენაზე თარგმანის სამეცნიერო რედაქტორები არიან პროფესორი რევაზ გველესიანი და თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი.

9 ივნისს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მსოფლიოში ცნობილი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოს ,,მიკროეკონომიკის თეორია: ძირითადი პრინციპები და გავრცობა” ქართულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია.

სახელმძღვანელოს ქართულენოვანი თარგმანის სამეცნიერო რედაქტორია პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან ასოცირებული პროფესორები: ი. გაგნიძე, მ. ნაცვალაძე, ი. ნაცვლიშვილი, მ. ჩავლეიშვილი და დოქტორატი ლ. ლაბაძე.

წიგნის ავტორია ცნობილი ეკონომისტი ვალტერ ნიკოლსონი, რომელმაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა მასაჩუსეტის უნივერსიტეტში და ამჟამად ემჰერსტის კოლეჯის პროფესორია აშშ-ში. ხოლო თანაავტორია ქრისტოფერ სნაიდერი, დარტმუთის კოლეჯის პროფესორი. ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან მაგისტრატურაში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კალიფორნიის, კოლორადოს, ჯორჯ ვაშინგტონის, ემ-აი-თის (MIთ), კენტუკისა და დუკის უნივერსიტეტებში, დარტმუთის კოლეჯში (აშშ), ვარვიკის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ვილფრიდის უნივერსიტეტში (კანადა), ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE), ჰონგკონგის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში და სხვ.

სახელმძღვანელოები გამოიცა თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით მოქმედი სახელმძღვანელოების თარგმნის საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში და დაიბეჭდა თსუ სტამბაში.

სხვა სტატიები »