ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნივერსიტეტის „ეკო დესპანები“

27 ივლისი, 2015
მიმდინარე ზაფხულს “თსუ საბავშვო უნივერსიტეტმა“ და „თსუ ეკო-კლუბმა“   ახალი პროექტი - “ეკო დესპანი“ დაიწყეს.  შეგახსენებთ, „დესპანი“ „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი, საკმაოდ  წარმატებული პროექტია, რომელიც უკვე ოთხი წელია ხორციელდება. მისი მეშვეობით  სხვადასხვა ფაკულტეტის   სტუდენტები  საქართველოს მასშტაბით რაიონების სკოლებში სტუმრობენ და სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს და სხვებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  საინტერესო და ნაკლებად ოფიციალური კუთხით წარუდგენენ. პარალელურად კი მოსწავლეების ინტერესების  და მისწრაფებების შესახებ უფრო მეტს იგებენ.

„ეკო დესპანის’’ მიზანი ძირითადად უკვე რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარემოსდაცვითი პრინციპების და მიდგომების  გაცნობაა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის 30-მდე სტუდენტი ადგილობრივ მოსახლეობას ეკოლოგიური კუთხით  მათ რეგიონში არსებულ პრობლემაზე ესაუბრება. არსებული პრობლემების გადასაჭრელად სხვადასხვა გარემოსდაცვით საშუალებას გააცნობს და თავის მხრივ,  რეგიონში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე შეკრებს და შეავსებს ინფორმაციას. საამისოდ, სტუდენტებს გეოგრაფიის პროფესორის, თსუ `ეკო კლუბის~ ხელმძღვანელ გიორგი დვალაშვილის მიერ სპეციალურად შემუშავებული კითხვარი დაეხმარებათ.

„ეკო-დესპანობის“ მსურველ სტუდენტებს ელექტრონული რეგისტრაციის საშუალება 1 -12 ივლისის პერიოდში,  „თსუ დესპანისა“ და „თსუ ეკო-კლუბის“  „ფეისბუკის“ და ვებ გვერდებზე განთავსებული შესაბამისი ფორმის შევსების მეშვეობით მიეცათ. გასაუბრების შედეგად შეირჩენენ „ეკო დესპანები“, რომელთაც „თსუ დესპანობის“ გამოცდილება უკვე აქვთ.

 პროექტისთვის შერჩეულ სტუდენტებს სამი დღის განმავლობაში „თსუ ეკო კლუბისა“ და „საბავშვო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლების, თსუ პროფესორ-მასწავლებლების  მიერ შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგში გიორგი დვალაშვილის გარდა ჩართულები იყვნენ „თსუ საბავშვო უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორი გიორგი გრიგოლაშვილი და „ეკო-კლუბის“ პრეზიდენტი ნიკა წითელაშვილი.

საკუთარი მისიის განხორციელება „ეკო დესპანებმა“ 20 ივლისიდან რეგიონებში გასვლით დაიწყეს. „სამიზნე“ რეგიონის შერჩევის მხრივ ისინი შეზღუდული არ ყოფილან. სტუდენტებს პროექტის განსახორციელებლად  შეეძლოთ მშობლიური რეგიონი შეერჩიათ, ან ის რაიონი,  სადაც პროექტის მიმდინარეობის პერიოდში  დასასვენებლად აპირებდნენ წასვლას.

საკუთარი აქტივობის განსახორციელებლად „ეკო-დესპანებს“ ვადა 13 სექტემბრის ჩათვლით აქვთ. 27 სექტემბრის ჩათვლით კი მათ უკვე პროექტის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო მასალა და, სურვილის შემთხვევაში, მოკლე ვიდეო რგოლი უნდა წარმოადგინონ. პროექტის ორგანიზატორები, სტუდენტების მიერ შეგროვებული ინფორმაციის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის მიწოდებასაც გეგმავენ.

 იმის მიხედვით, თუ რა მასალის მოძიებას შეძლებენ „ეკო-დესპანები“ თავისი აქტივობის შედეგად, მიღებული მასალების პრეზენტაცია შესაძლოა კონფერენციაზე მოხდეს, ან რაიმე სახით გამოიცეს. პროექტის  მონაწილეებისთვის შემაჯამებელი სახით სერტიფიკატის გადაცემა უკვე სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.

სხვა სტატიები »