ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ საანგარიშო ღონისძიება

„ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ საანგარიშო ღონისძიება
6 ივლისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ დაწყებიდან 5 წლის საანგარიშო ღონისძიება და პროგრამის მიღწევებისა და არსებული პრობლემების თაობაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას დაესწრნენ თსუ რექტორის მოადგილე მერაბ ელიაშვილი,  სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძე, სახალხო დამცველის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ილიაუნის, სამედიცინო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის, გორის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები და სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სომხეთისა და აზერბაიჯანის საელჩოების წარმომადგენლები.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის განცხადებით, „თსუ-ში ამ პროგრამას კურირებას უწევს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ყოველწლიურად ჩვენ 300-მდე სტუდენტამდე გვყავს ამ პროგრამით ჩარიცხული. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული პროგრამაა, ზოგადად მნიშვნელოვანი პოლიტიკაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საზოგადოებაში ინტეგრირების თვალასაზრისით. არიან სტუდენტები, რომლებიც ძალიან კარგად დაეუფლენ ქართულს ამ ერთი წლის განმავლობაში და საკმაოდ კარგად აგრძელებენ  სწავლას სხვადასხვა ფაკულტეტზე.“

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს. სამინისტროს სახელით  დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში- უნივერსიტეტებს, აკადემიურ პერსონალს - იმ ხალხს, რომლის ზურგზეც გადაიარა ამ პროგრამამ, ყველა სტუდენტს, რომელმაც გარისკა და ენდო ამ პროგრამას. ეს პროგრამა ნიშნავს უფრო მეტ მცოდნე ადამიანს, უფრო მეტ პროფესიონალს, უფრო მეტ ინტეგრაციას, უფრო მეტ ბედნიერ ადამიანს, რომელიც საკუთრი თავის რექლიზებას მოახდენს,“- აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენსტის უფროსმა, თსუ პროფესორმა ირინა დარჩიამ.

„5 წლის განმავლობაში ამ პროგრამამ ბევრ არაქართველს მისცა საშუალება, რომ სწავლა გაეგრძელებისნა თსუ-ში. ეს არის დიდი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ ქართულს დავეუფლოთ სრულყოფილად. მართალია სომხურ სკოლებში გვასწავლიდნენ ქართულ ენას, მაგრამ ეს პროგრამა საშუალებას გვაძლევს  გრამატიკულად უფრო გამართულად ვისაუბროთ და ლიტერატურაც კარგად ვიცოდეთ. სწავლის გაგრძელებას ვაპირებ თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, მგონი შევძლებ, რადგან ამ ერთმა  წელმა დიდი ცოდნა მომცა. მიხარია, რომ ამ პროგრამაში მოვხვდი და მომავალში გავაგრძელებ თსუ-ში სწავლას,“- განაცხადა პროგრამა „1+4 “ კურსდამთავრებულმა ლიკა მარქარიანი.

„ეს პროგრამა, ვფიქრობ, რომ არის ძალიან წარმატებული, საჭირო და რაც მთავარია, ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული. ჩვენ დღეს ვიხილეთ კურსდამთავრებულები, რომლებიც უზადო ქართულით საუბრობდნენ. ძალიან ბევრ ეთნიკურ ქართველს გაუჭირდება ასე საუბარი ქართულად. ვფიქრობ, რომ დიდი მომავალი აქვს ამ პროგრამას და რომ ის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გუბაზ სანიკიძემ.

სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, „ ეს პროგრამა, პირველ რიგში, ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაციას საქართველოში, როგორც სახელმწიფოში.  საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ მათი იდენტობა იყოს დაცული, მაგრამ იდენტობის მკაფიოდ დაცვის დროს ვერ ხდება მათი ინტეგრაცია; ისინი კარგად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას. ამიტომ ჩვენ უნდა დავიცვათ ბალანსი - ერთი მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ მათი იდენტობა და, მეორე მხრივ, ისეთი ინტეგრირებული პროგრამები შევთავაზოთ, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ღირსეულ, თანასწორ  ჩართულობას  სახელმწიფოს მშენებლობაში. 1+4 სწორედ ამ ტიპის პროგრამაა. აქ ჩანს  რამდენად მონდომებულები არიან ახალგაზრდები იყვნენ თავისი სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქეები; ისინი სწავლობენ ქართულ ენას, აპირებენ დარჩნენ თავიანთ სამშობლოში და აქ ხედავენ საკუთარ პერსპექტივას.“

2010 წლიდან ე.წ. „საშეღავათო პოლიტიკის“ ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში შემოიღეს კვოტირების სისტემა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის. მშობლიურ ენაზე უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, არაქართულენოვანი აბიტურიენტები 1 წლის განმავლობაში ემზადებიან ქართულ ენაში და ენის სათანადოდ ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის აღების შემდეგ ირჩევენ მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამას, რომელზეც აგრძელებენ სწავლას.

2010 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი გახდა ჩვენი 2500-ზე მეტი მოქალაქე. მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენაში მომზადების პროგრამა გაიარა 1500-მდე სტუდენტმა.

ქართული ენის შესწავლის გარდა, არაქართულენოვანი სტუდენტები 1+4 პროგრამის ფარგლებში, ინტეგრირდებიან ქართულენოვან სტუდენტურ საზოგადოებაში, ეუფლებიან ამა თუ იმ პროფესიას და საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად ყალიბდებიან.

სხვა სტატიები »