ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საპილოტე პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“

საპილოტე პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“
1 ივლისი, 2015
2015 წლის აპრილში თსუ ლექტორებისა და დოქტორანტების მონაწილეობით საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების საპილოტე პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“ დაიწყო. პროგრამა პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა და დღეს მისი მონაწილეები უკვე შედეგებს აჯამებენ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართული ენის დაჩქარებული სწავლების საპილოტე პროგრამას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ  ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებენ.  დამატებით ერთი საპილოტე პუნქტი გახსნილია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.  პროექტი სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ქართული ენის დაჩქარებულად შესწავლა სურს, მაგრამ საქართველოში დღეისთვის ამ მიმართულებით არსებული პროგრამები მათთვის არ არის გათვალისწინებული ან ტერიტორიულად მიუწვდომელია. დღეს საქართველოში მოქმედებს ქართული ენის შესწავლის შემდეგი პროგრამები: მოსწავლეთათვის ქართული ენის სწავლება საჯარო სკოლებში, საჯარო მოხელეთათვის  ქართული ენის სპეციალური კურსები რაიონულ ცენტრებში განთავსებულ „ქართულ სახლებში“ და ა.შ. თუმცა, ისინი ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებენ.

სწორედ ამიტომ განიზრახეს პროექტის ხელმძღვანელებმა თსუ-ს წარმომადგენლებმა  ნინო ჯორბენაძემ და პროფესორმა ეკატერინე კობახიძემ ამ პროგრამის განხორციელება.

ნინო ჯორბენაძე პროექტის შექმნის მიზეზს ასე ხსნის: 2014 წლის 25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორებმა და მასწავლებლებმა საგანგებო განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს. განცხადებაში აღნიშნულია: „სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაცილებით ფართო მასშტაბით გააგრძელოს ქართული ენის შესწავლის სახელმწიფო პროგრამა, ხოლო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, გამოხატავს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს როგორც ამ პროგრამის განხორციელებაში, ასევე ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის განმტკიცების საქმეში“.

როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობს: „მართლაც, თანამედროვე საქართველოში დღესდღეობით მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი ინტეგრაცია საზოგადოებაში და  ქვეყანაში, რომლის წევრებიც და მოქალაქეებიც ისინი არიან. როგორც წესი, ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ამის ძირითად მიზეზს ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არასაკმარისი ცოდნა წარმოადგენს. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, მოქმედებს ეროვნული უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების რამდენიმე პროგრამა, მაგრამ ამ პროგრამების სამიზნე ჯგუფებს მიღმა ბევრი ადამიანი აღმოჩნდა“.

პროექტი დასაფინანსებლად წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდს, რომელმაც სრულად უზრუნველყო პროექტის განხორციელების ფინანსური მხარე. პროექტის მიმდინარეობაში აქტიურადაა ჩაბმული საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხში ქალბატონი სოფიო შამანიდი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განმახორციელებლებს გაკვეთილების ჩასატარებლად უსასყიდლოდ დაუთმო  სკოლის შენობები.

პროექტის განხორციელების ვადა 4 თვეა, აქედან, მარტის თვე მოსამზადებელ პერიოდს დაეთმო (მსმენელთა მოძიება-დარეგისტრირება, სასწავლო პუნქტების შერჩევა, სწავლების განრიგის შედგენა და სხვა...), ხოლო უშუალოდ სწავლება 3 თვის განმავლობაში (აპრილი, მაისი, ივნისი) მიმდინარეობს და სწავლება ითვალისწინებს 3-თვიან დაჩქარებულ კურსს. სპეციალურად პროგრამისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო - ქართული ენის დაჩქარებული კურსი (ავტორი - თსუ ასოც. პროფესორი კახა გაბუნია). სახელმძღვანელო ორი სახისაა - ერთი სომხურენოვანი მოსახლეობისათვის (სომხური ლექსიკონითურთ), ხოლო მეორე - აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობისათვის (შესაბამისად - აზერბაიჯანული ლექსიკონითურთ).

პროექტით გათვალისწინებული სწავლებისათვის შეირჩნენ  თსუ პროფესორ-მასწავლებლები, ასევე თსუ დოქტორანტები, რომელთაც უშუალოდ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან  მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ესენი არიან: ქაჯაია შორენა, ხეცურიანი ლაშა, კარტოზია ხათუნა, ჭანიშვილი ნინო, გეწაძე კლარა,  ქაჯაია მანანა,  ბრეგვაძე რუსუდანი, ნაჩხატაშვილი დალი, ბააკაშვილი თამარი, გაფრინდაშვილი ქეთევანი, ბაღაშვილი ზურაბი,  მემანიშვილი ნონა, გულედანი ციცინო, უგულავა გიორგი, არეშიძე მაია, პეტრიაშვილი ქეთევანი, ზალალიანი მარინე. 

პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტის (მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისისა და დმანისის) სოფლებსა და სამცხე-ჯავახეთის ერთ მუნიციპალურ ცენტრში (ნინოწმინდა). სულ გახსნილია 21 პუნქტი (ნინოწმინდისა და ქვემო ქართლის სოფლების რაოდენობის მიხედვით). აქედან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გარდა სომხურენოვანი მოსახლეობაა ქვემო ქართლის სოფლებიდან ორშიც - შაუმიანსა და ბოლნისში. დანარჩენი მსმენელები აზერბაიჯანლები არიან.

პროექტის ხელმძღვანელის თქმით: „მოსახლეობის მხრიდან პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე დიდია სწავლის მსურველთა რაოდენობაც. მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მსმენელთა შორის არიან როგორც ორივე სქესის, ისე თითქმის ყველა ასაკის (საშუალოდ 12-დან 70 წლამდე) და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც განსაკუთრებული სიბეჯითითა და სერიოზულობით ეკიდებიან სწავლის პროცესს“.

ივნისის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდებიან წარმატებული მსმენელები. მათ ამის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. დაგეგმილია რამდენიმე განსაკუთრებული წარმატების მქონე მსმენელის (სავარაუდოდ, თითო სოფლიდან ორ-ორის) საზეიმო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან  გიორგი მარგველაშვილთან.

იგეგმება პროექტის გაგრძელებაც (სწავლების პერიოდი - სექტემბრიდან ნოემბრის თვის ჩათვლით). სავარაუდოდ, პროექტის ამ ეტაპზე რეგიონებიდან პროგრამას შემოემატება - კახეთის რეგიონის სოფლები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კიდევ უფრო მეტი მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები. ქვემო ქართლის რეგიონიდან აღნიშნული 4 მუნიციპალიტეტის (მარნეული, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი) გარდა პროექტში მონაწილეობის მზაობა უკვე გამოთქვეს წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

სხვა სტატიები »