ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„საერთაშორისო ურთიერთობები - დისციპლინა და თეორია“

„საერთაშორისო ურთიერთობები - დისციპლინა და თეორია“
13 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დავით პატარაიას წიგნის „საერთაშორისო ურთიერთობები - დისციპლინა და თეორია“ პრეზენტაცია. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობათა მეცნიერების მიმართულება აქტუალური დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გახდა. ბოლო წლების ისტორია ცხადყოფს, რომ საზოგადოების ინტერესი ამ მიმართულებით ძალიან გაზრდილია, გაზრდილია სტუდენტთა ინტერესიც. დავით პატარაიას ნაშრომი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან მასში საკმაოდ საინტერესო თემებსა და პრობლემათა გადაჭრის გზებზეა საუბარი.“

„წიგნში დასმულია საკმაოდ საინტერესო ფილოსოფიური პრობლემა - პირველ რიგში ცოდნის, დისციპლინის, სისტემის არსებობა და მეორე რიგში, ამ ცოდნის რეალობაში განხორციელების სირთულეები. ეს კითხვა ყველაზე აქტუალური გახდა თანამედროვე სამყაროში, რეალობამ ახალი ფორმები, სახე შეიძინა. ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის, როცა საერთაშორისო სამართლის, ურთიერთობების ნორმები ხშირად სხვადასხვაა. წიგნი იმითაც არის საინტრესო, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორი შეიძლება იყოს ამა თუ იმ ხელშეკრულებაზე მხარეთა განმარტებები, ის გვაძლევს სააზროვნო ჩარჩოებს, რომლითაც ფუნქციონირებს თანამედროვე დიპლომატია“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

"საერთაშორისო ურთიერთობები ძალიან საინტერესო და ამავდროულად რთული და კომპლექსური ფენომენია. საერთაშორისო ურთიერთობებს მეცნიერება სხვადასხვა რაკურსიდან იკვლევს – ფილოსოფიური, პოლიტოლოგიური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ა.შ. მაგრამ დისციპლინა საერთაშორისო ურთიერთობებს მთლიანობაში სწავლობს და ცდილობს წარმოსახოს მისი ერთი მთლიანი სურათი. სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინას და თეორიას ეხება ეს წიგნი. ასევე, ჩაფიქრებულია, რომ ის იყოს ერთგვარი მეცნიერული გზამკვლევი. ამდენად, არ არის აუცილებელი იყო ამ სფეროს სპეციალისტი. ნებისმიერ მკითხველს, რომელიც დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით თანდათანობით შეუძლია შეისწავლოს ეს სფერო და და მოხვდეს საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან საინტერესო სამყაროში", - აღნიშნა წიგნის ავტორმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა დავით პატარაიამ.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თსუ პროფესორის ალექსანდრე რონდელის ხსოვნას.

წიგნი ეძღვნება საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინასა და თეორიას. მასში განხილულია საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის წინაშე მდგომი თითქმის ყველა პრობლემა, სრულფასოვნადაა გაანალიზებული მრავალი დიდი მოაზროვნის შეხედულებები და ქმნილებები. წიგნი გათვლილია საერთშორისო ურთიერთობების, ასევე საერთშორისო სამართლის სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის.

სხვა სტატიები »