ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ წარმომადგენლებმა ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს

თსუ წარმომადგენლებმა ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს
16 ივნისი, 2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებმა, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განადგურებული თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტერიტორია დაათვალიერეს.

თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „სამწუხაროდ, თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ერთი შენობა მთლიანად დანგრეულია, მეორე შენობა დაზიანებულია. ეს ლაბორატორია საჭიროა ქვეყნისთვის. ჩვენი სპეციალისტები უმოკლეს დღეებში დადებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ლაბორატორია აღდგეს და ამ საქმეში, მთავრობის დახმარების იმედი გვაქვს.“

„ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია, სამწუხაროდ, ძალიან დაზიანდა. განადგურდა და დაზიანდა  ლაბორატორიის აპარატურა, ხელსაწყო-იარაღები, სახელმძღვანელოები. ლაბორატორიაში გარდა სამეცნიერო კვლევებისა, ინტენსიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. მხოლოდ გაზაფხულის სემესტრში თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 500-ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა ლაბორატორიაში სალექციო და პრაქტიკული კურსები,“- აღნიშნა თსუ ჰიდრომეტეოროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, გეოგრაფიის დოქტორმა მერაბ ალავერდაშვილმა. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებიმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჰიდრო-მეტეოროლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ლაბორატორია 1962 წლიდან ფუნქციონირებდა. იგი ტერიტორიულად ვაკე-საბურთალოს გზის მიდამოებში, მდ. ვერეს ხეობაში, მის სანაპიროზე მდებარეობდა და 0,6 ჰა-მდე ფართობი ეკავა.

ლაბორატორიის დაარსების ძირითადი მიზეზი 1960 წელს მდინარე ვერეს  კატასტროფული  წყალმოვარდნა იყო, რომლის შედეგადაც დაიტბორა ზოოპარკი და  მდინარე ვერეს ჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლები.  აუცილებელი გახდა მდინარე ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის დეტალური შესაწავლის აუცილებლობა, უწყვეტი მონიტორინგის რეჟიმი და ამ პროცესის მეცნიერულ დონეზე ორგანიზაცია წარმოადგენდა.

ლაბორატორია დღიდან დაარსებისა ჩართული იყო ფაკულტეტის სასწავლო პროცესში და აქ ყოველ სემესტრში ასეულობით სტუდენტისათვის ინტენსიურად ტარდება ლექციები და პრაქტიკული სამუშაობები. ლაბორატორიაში, ზაფხულის პერიოდში, სასწავლო-საველე პრაქტიკებს გადიოდნენ როგორც თსუ–ს, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების (ტექნიკური, აგრარული და სოხუმის უნვერსიტეტები) სტუდენტები. გარდა ამისა, აქ  ტრენინგებს გადიოდნენ   საშულო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლებიც.

ლაბორატორიის ტერიტორიაზე მდებარეობდა ორი კორპუსი, სადაც განლაგებული იყო აუდიტორიები და სამუშაო ოთახები, ასევე ბიბლიოთეკა,  ორი მეტეომოედანი, წყალსაზომი საგუშაგო დაკიდული ჰიდრომეტრიული ხიდი, მდინარის დონეების თვითმწერი დანადგარი. ლაბორატორიაში წარმოებდა მდ. ვერეს ჰიდროლოგიური რეჟიმის შესწავლა და დაკვირვებები. კერძოდ, ყოველდღიური დაკვირვებები მდ. ვერეს წყლის დონეებზე, ტემპერატურაზე და ხდებოდა წყლის ხარჯების გაზომვები.  აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში მოპოვებული მასალებით სარგებლობდა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო.  ქუჩას, სადაც მდებარეობდა ლაბორატორია, მინიჭებული აქვს მისი ერთ–ერთი დამაარსებლის აკადემიკოს გივი სვანიძის სახელი, ხოლო ლაბორატორიაში არსებულ აუდიტორიას კი - პროფესორ ნოე უკლებას სახელი.

აღნიშნული ლაბორატორია  თავისი ფუნქციური დანიშნულებით მეტად მნშვნელოვანი იყო თსუ-სთვის. აქ მოპოვებული მასალები კი ძალზე აქტუალურია თბილისის მიდამოების თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის  შესაფასებლად. განსაკუთრებით თუ გავითვალიწინებთ, რომ ის ერთ–ერთი იყო საქართველოში შემორჩენილ მცირე რაოდენობის სადგურებს შორის.

აღნიშნული ლაბორატორია მაღალ დონეზე შეაფასეს უცხოელმა ექსპერტებმა და შეთანხმების შედეგად გადაწყდა მისი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაში ”წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა” სასწავლო-საბაზო ცენტრად გამოყენება.

სხვა სტატიები »