ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

კარიერული განვითარების ცენტრი თსუ-ში

კარიერული განვითარების ცენტრი თსუ-ში
26 მაისი, 2015
"ხშირად მეკითხებიან, თუ რამდენი ადამიანი დავასაქმე. არადა ჩვენი ცენტრის პირდაპირი ფუნქცია სტუდენტთა ვაკანსიებზე გადამისამართება და დასაქმება კი არა, მათი დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში დახმარება და ზოგადად – დასაქმების ხელშეწყობაა. ცხადია, არავის არაფერს ვპირდებით, რადგან დამოკიდებულები ვართ შრომის ბაზრის მოთხოვნაზე. ცენტრი სტუდენტს სააპლიკაციო დოკუმენტაციის მომზადებაში, თვითპრეზენტაციის უნარების განვითარებაში ეხმარება. ხელს უწყობს, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები, რაც თავის მხრივ დასაქმების მეტ შანსს იძლევა. შესაძლოა, ადამიანი კარგი  პროფესიონალი იყოს, მაგრამ ამავე დროს საკუთრი თავის წარდგენა არ შეეძლოს, ჩვენ ასეთი პრობლემების მოგვარებაშიც ვეხმარებით სტუდენტებს“, – აცხადებს თსუ სტუდენტთა კარიერული ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ცხადაძე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილმა კარიერული განვითარების ცენტრმა ოფიციალურად ფუნქციონირება 2014 წლის ივნისიდან დაიწყო. ცენტრი ტემპუსის პროექტის (CASEDE) ფარგლებში ამოქმედდა. პროექტის ხელმძღვანელი იყო ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა).  მასში ჩართული იყო ასევე ესექსის (დიდი ბრიტანეთი) და კორნივსუსის (უნგრეთი) უნივერსიტეტები. თსუ-ის გარდა ეს პროექტი საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახალციხის, ზუგდიდის, თელავის და ბათუმის უნივერისტეტებში განხორციელდა.

თსუ საკარიერო ცენტრის დახმარებით უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია გაარკვიოს, როგორ ან სად უნდა ეძებოს სამსახური საქართველოში, კონკრეტულად რა ეტაპები უნდა განვლოს სამომავლოდ მისთვის სასურველ სფეროში და პოზიციაზე დასასაქმებლად. როგორც ხათუნა ცხადაძე მიიჩნევს, ეს იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ სტუდენტთა დიდი ნაწილი კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში, კონკრეტულ სპეციალობაზე ახლობელთა რჩევითა და გავლენით უფრო აბარებს, ვიდრე საკუთარი, გააზრებული გადაწყვეტილების გამო. ბევრი უბრალოდ შემთხვევით ხვდება ამა თუ იმ მიმართულებაზე და აგრძელებს იქ სწავლას. 

"იმისათვის, რომ თსუ-ს სტუდენტი კონკურენტუნარიანი გახდეს შრომის ბაზარზე, კარიერული განვითარების ცენტრი სპეციალურ ტრენინგებს ატარებს. ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ტრენინგის გავლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: თვითპრეზენტაციის უნარი, დამსაქმებელთან ინტერვიუ, CV-ის, სამოტივაციო წერილის დაწერა, ზოგადად სამუშაოს ძიების მექანიზმები და ა.შ. მოწესრიგებული სააპლიკაციო დოკუმენტაცია ის აუცილებელი პირობაა, რომლიც საწყის ეტაპზე დამსაქმებლის ყურადღებას მიიპყრობს. სტანდარტული CV-ის დაწერა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მისი მოძიება დღეს  ინტერნეტითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ბევრი ვერ ითვალისწინებს, რომ CV აუცილებლად უნდა მოერგოს კონკრეტული ვაკანსიის მოთხოვნებს. სტუდენტები ხშირად სათანადოდ ვერ აღიქვამენ სამოტივაციო წერილის მნიშვნელობას. დამსაქმებელი კი ხშირად სამოტივაციო წერილს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სააპლიკაციო დოკუმენტებიდან, რადგან სამოტივაციო წერილიდან უფრო მეტი შეიძლება გაიგო ახალგაზრდაზე, ვიდრე რომელიმე სხვა სტანდარტული დოკუმენტიდან. მაგალითად, მასში ჩანს წერის, აზროვნების, არგუმენტაციის უნარი. სტუდენტებს შეუძლიათ, პირადადაც მოგვმართონ ცენტრში და ელექტრონულადაც: ხშირად გვეკითხებიან რჩვებს ელ. ფოსტის საშუალებით, გვიგზავნიან საკუთარ დოკუმენტებს რჩევისა და კომენტარებისთვის", – განმარტავს ხათუნა ცხადაძე.

ცენტრს შექმნილი აქვს დამსაქმებელი კომპანიების მონაცემთა ბაზა და რეგულარული კავშირი აქვს მათ კადრების მენეჯერებთან. სწორედ ისინი აწვდიან ინფორმაციას არსებული ვაკანსიებისა თუ სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ. 

„საქართველოში საჯარო სექტორი მსხვილი დამსაქმებელია, მაგრამ იქ არსებული  რეგულაციების თანახმად სტუდენტის დასაქმება ადვილი არაა, რადგან ვაკანსიები ძირითადად სრულ განაკვეთზეა. გარდა ამისა, საჯარო სექტორში დასაქმება კონკურსის საფუძველზე ხდება. საჯარო სამსახურებთან ვთანამშრობლობთ სტაჟირების ხელშეწყობის მიმართულებით, სტაჟირებას კი ხშირად ებმის ახალგაზრდების დასაქმება. ცხადია, უფრო მოქნილია თანამშრომლობა კერძო სექტორთან. უფრო აქტიურია საბანკო _ საფინანსო სფერო, სადაზღვევო კომპანიები. კარიერული განვითარების ცენტრი რეგულარულად ატარებს სტუდენტების შეხვედრებს პოტენციურ დამსაქმებლებთან. სხვადასხვა ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია სტუდენტებს ასევე ფეისბუკის, იმეილის, ზოგჯერ SMS-ის საშუალებით მიეწოდება.” - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

ხათუნა ცხადაძე სამუშაოს მაძიებელთა კიდევ ერთ შეცდომაზე საუბრობს. "ალბათ ხშირად მოგისმენიათ ნაცნობებისგან, უკვე დიდი ხანია, ყველაგან ვაგზავნი მონაცემებს და აქამდე არავინ გამომხმაურებიაო. აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ის, რომ, სამწუხაროდ, სამუშაო ადგილი ბევრი არ არის.Eეს ყველამ ვიცით და ეს დასაქმების საიტების ზედაპირული ანალიზადანაც კი ჩანს: განთავსებული განცხადებების დიდი ნაწილი ტრენინგებსა და სხვადასხვა სახის სასწავლო კურსებს სთავაზობს ახალგაზრდებს. მოკლედ, სამუშაო ადგილები შეზღუდულია, რაც ნიშნავს, რომ კონკურენცია მართლა ძალიან დიდია. ამის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ სწორად, მიზნობრივად მოამზადოს აპლიკაცია. რამდენიმე ვაკანსიაზე კარგად მომზადებული აპლიკაციის გაგზავნა ბევრად უფრო ეფექტიანია, ვიდრე განურჩევლად ყველგან, მათ შორის სრულიად სხვადასხვა პროფილისა და მოთხოვნების ვაკანსიებზე, ერთი და იგივე CV-სა და სამოტივაციო წერილის გზავნა", – აცხადებს იგი.
კარიერული განვითარების ცენტრის მომსახურებით თსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს.

ხათუნა ცხადაძის აზრით, კარიერიული განვითარების ცენტრის დამსაქმებლებთან ურთიერთობა უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამების განვითარებასა და სამომავლოდ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მათ უკეთ მორგებაშიც დაეხმარება.

“ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება კონკრეტული, სისტემატური რეკომენადციების მიღება დამსაქმებლებისაგან. მაგალითად, იმის დაზუსტება, თუ რა პროფილის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს რა ხარვეზები ჰქონდათ, რომლებმაც სტაჟირებისა თუ დასაქმების შემთხვევაში იჩინა თავი.  ამ საკითხითან დაკავშირებით სასურველია უფრო კონკრეტული კომენტარები სტუდენტების მხრიდანაც, იმის განმარტება, თუ რატომ არის ესა თუ ის სავალდებულო საგანი მათთვის გამოუსადეგარი, რაში ხედავენ ნაკლოვანებას, ან პირიქით – რისი სწავლა სჭირდებათ უფრო მეტად. ამ ინფორმაციის მოკვლევა და ანალიზი აუცილებელია, რასაც მხოლოდ 2 ადამიანი ვერ გასწვდება. თუმცა, იმედია, ცენტრი გაიზრდება და უფრო აქტიურად ჩაატარებს ანალიტიკურ სამუშაოს, რაც ხელს შეუწყობს დამსაქმებლებისა და უნივერსიტეტის მეტად დაახლოებას და უფრო კონკურენტუნარიანი კურსდამთავრებულების ფორმირებას ჩვენს უნივერსიტეტში.” – აცხადებს ხათუნა ცხადაძე.

სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი აპირებს რეგულარულ თანამშრომლობას თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებთან მათთვის ცენტრში სტაჟირებების შეთავაზებით. ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება.

სხვა სტატიები »