ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები, ჩვენი იმედები, ჩვენი ცხოვრება" - ესე, რომლითაც თსუ სტუდენტმა გაიმარჯვა

"ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები, ჩვენი იმედები, ჩვენი ცხოვრება" -  ესე, რომლითაც თსუ სტუდენტმა გაიმარჯვა
25 მაისი, 2015
"მეცხრე კლასში დაგვავალეს, დაგვეწერა თემა ,,ჩემი ოცნების ქალაქი“. მახსოვს, მაშინ ღრმად შევიჭერი მითოსში, ვოცნებობდი ლეგენდერული კოლხეთის მსგავსს ქალაქზე, სადაც თაფლისა და ღვინის მდინარეები მოდიოდა, თეთრი კოშკები იდგა და ეტლებით დადიოდა ხალხი ქუჩაში, ლამაზი სამოსით. ახლა ვიცი, რომ მითოსი არ ამართლებს, პირიქით, ღრმა ლეთარგიაში მივყავართ, საიდანაც გამოსვლა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო რთულდება. ქიმერები რეალობად იქცევა, დრო გადის და წლების წინ გამოგონილი ცრუ ჭორები წარსულიდან შემორჩენილ სანდო ამბებად გვექცევა, სხვისი ავადმყოფური ფანტაზიები - სანდო ,,სასწაულებად“ და ვცხოვრობთ ასე, დროში და სივრცეში დაკარგულები“ - ასე იწყება თსუ  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  IVკურსის სტუდენტის ლილე ყაზაიშვილის ესე, რომელმაც EBRD-ის მიერ, კავკასიის რეგიონში ორგანიზებულ სტუდენტური ესეების კონკურსში - "ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები, ჩვენი იმედები, ჩვენი ცხოვრება" გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონია 15 მაისს,  EBRD-ს ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრაზე, პარლამენტში გაიმართა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ  გამოცხადებულ კონკურსში საქართველოდან მონაწილეობდნენ თსუ და თავისუფალი უნივერსიტეტის, სომხეთიდან ამერიკული უნივერსიტეტის (American University of Armenia), ხოლო აზერბაიჯანიდან ადას უნივერსიტეტი (ADA University). სტუდენტები. თუმცა საუკეთესო შეფასება თსუ-ს სტუდენტის ნამუშავერმა  დაიმსახურა.

„როცა ფიქრობ შენი ცხოვრების გასავლელ გზაზე, რომელიც შენი პიროვნების განვითარებაზე, თვითაქტუალიზაციაზე, რაღაც ზოგადად ადამიანურზე და სასარგებლოზე გინდა, იყოს მიმართული, ძნელია იმისთვის თვალის გასწორება, რომ ამ მთავარ გზამდე მისასვლელად უნდა გაიარო ბნელი ჩიხები, რომელსაც შენს ირგვლივ ქმნიან, ან იქნებ სულაც ხომ შეიძლება, ამ ჩიხებში დარჩე?! ბნელ ჩიხებს ქმნის ხალხი, მითოსიდან. ხალხი, რომელიც შეიძლება არც არსებობდა ისე, როგორიც ის ჩვენ წარმოგვიდგენია, მაგრამ აქვს ძალა, რაც ქმნის უხილავ ფარდას რეალობასა და წარმოსახულს, გამონაგონსა და არსებულს შორის,“ - წერს თსუ სტუდენტი თავის ესეში, სადაც  ცდოლობს გააშიშვლოს ის „ბნელი ჩიხები“, რომელშიც დღეს ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები არიან დარჩენილი.

„კონკურსში სრულიად შემთხვევით მივიღე მონაწილეობა. ერთ საღამოს სმს ტსუ-ს ვამოწმებდი, უნივერსიტეტიდან შეტყობინება მომივიდა კონკურსის შესახებ. იმ წამსვე დავიწყე წერა, არც მიფიქრია რას დავწერდი. უფრო სწორად, ეს ის თემებია, რომელზეც ყოველთვის ფიქრობ, სათქმელიც ბევრია. ამიტომ წინასწარ არ მოვმზადებულვარ, რამდენიმე წუთში დავწერე და გავაგზავნე. ჩემი დამოკიდებულებები შეიძლება მტკივნეულია, კრიტიკის გამო, მაგრამ ადეკვატური და საინტერესოა სხვებისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო კონკურსის მინდინარეობის პროცესი. განსაკუთრებით აზარბაიჯანელ და სომეხ სტუდენტებთან შეხვედრა. მივხვდი, რამდენად ახლოსაა ჩვენი პრობლემები ერთმანეთთან, რამდენად საჭიროა ამ ქვეყნების დაახლოება და მხარდაჭერა“, - გვითხრა ლილე ყაზაიშვილმა,   რომელმაც ქუთაისის მე-9 საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, დაუფიქრებლად გადაწყვიტა სწავლა თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაეგრძელებინა, რადგან, მისი აზრით, საქართველოს პირობებში, ამ ფაკულტეტზე თსუ-ს არ ჰყავს კონკურენტი.

„ჩემს ფაკულტეტზე თავს იყრიან სტუდენტები, რომლებსაც აქვთ რეფლექსიისა და კრიტიკულად გააზრების უნარი. ამიტომ ხშირად ილუზია მექმნება, რომ ყველგან ასეა, რომ ეს თაობის ზოგადი ტენდენციაა. თუმცა, საკმარისია გახვიდე თბილისის გარეთ, იქ ისევ შენარჩუნებულია ის შოვინიზმი, ნაციონალიზმი და აბსოლუტურად უკრიტიკო დამოკიდებულება, რაც ხელს უშლის განვითარების პროცესს. უკეთესი საზოგადოებისთვის საჭიროა პროგრესული ნათელი იდეების რაც შეიძლება ფართოდ გავრცელება. ახალგაზრდა თაობა კი ისაა, რასაც ქვეყნის მომავალი ეფუძნება. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ - ამბობს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი.

„ამბობენ, სიბნელე არ არსებობს, სიბნელე სინათლის არარსებობააო. იქნებ აქაც ასეა?! იქნებ ჩვენ არ ვანათებთ საკმარისად?!
მინდა ქვეყანა, სადაც მეტი სინათლე იქნება, სადაც თითოეულ ჩვენგანში ანთებული
ჩირაღდანი გაანათებს მთავარ გზას. გაანათებს იმდენად, რომ სიბნელე გაქრება.
სიბნელე არ გაქრება მასთან ბნელეთში ბრძოლით. სიბნელე მხოლოდ სინათლით გაქრება, უბრალო სინათლით, მთავარია თითოეულ ჩვენგანში ანთებული სანთელი შევკრათ ერთად, დავდგეთ ერთად...
და მერე?
მერე არ ვიცი, რას აკეთებს ნეტა რიგითი ამერიკელი, ფრანგი ან ინგლისელი?!
მათ, ალბათ, დრო უნდა რჩებოდეთ ერთმანეთზე ზრუნვისთვის, ქიმერებთან ბრძოლის ნაცვლად.
იქნებ მერე მაინც დავინახოთ ერთმანეთში ადამიანები. დავუძახოთ ერთმანეთს სახელები, გიორგი... მარი....თამარ.... ანა... პიდარასტოს, იაღოველოს, ბოზოს, ზანგოს, ნაცოს და ქოცოს ნაცვლად.
იქნებ მერე არ შეგვეშინდეს ჩვენი აზრების...! იქნებ მერე ვენდოთ ერთმანეთს...!
იქნებ მერე არ შეგვრცხვეს ჩვენი იდენტობის...! იქნებ მერე გავუღიმოთ ერთმანეთს...!“ - ესაა მეოთხე კურსის ოცნება, რომელიც ესეში აღწერა. თავად, თსუ-ს დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას მაგისტატურაში გეგმავს, თუ გაუმართლებს - დოქტორანტურაშიც. უნდა, რომ პრაქტიკოსი ფსიქოლოგი იყოს და დაეხმაროს ადამიანებს ბედნიერებისა და კმაყოფილების შეგრძნების მიღწევაში - „მჯერა, რომ ეს საუკეთესოა, რაც ქართული საზოდაგოებისთვის შემიძლია გავაკეთო და, რაც მთავარია, ესაა ნამდვილად პროდუქტიული გზა, რადგან საზოგადოების განვითარებისკენ გზა ინდივიდებზე გადის და არა მასებზე“.

სხვა სტატიები »