ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტე­ბი სულ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა

28 ივლისი, 2014



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. თსუ წარმომადგენლები სპარსული ენისა და ლიტერატურის აკადემიას, თეირანის უნივერსიტეტსა და ისლამური ენციკლოპედიის ფონდს ეწვივნენ. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თეირანის უნივერსიტეტსა და თსუ-ს შორის. 23 მაისიდან 1 ივნისამდე კი შედგა ვიზიტი არგენტინაში, სადაც დელეგაცია არგენტინის განათლების სამინისტროს, არგენტინის მეცნი-ერების, ტექნოლოგიისა და პროდუქციული ინოვაციების სამინისტროს და ოთხი წამყვანი უნივერსიტეტის (სალვადორის უნივერსიტეტი, ლა პლატას ნაციონალური უნივერსიტეტი, ბელგრანოს უნივერსიტეტი, კილმესის უნივერსიტეტი) წარმომადგენლებს შეხვდნენ. ვიზიტების მიზნებისა და შედეგების შესახებ „უნივერსიტეტის“ მკითხველს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ესაუბრება:

- ირანში ვიზიტი განპირობებული იყო ორი სხვადასხვა მიმართულებით - თეირანის უნივერსიტეტთან ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა გაუვიდა და საჭირო იყო მისი განახლება; იყო მეორე მიზეზიც - დაინტერესება სპარსული ენის აკადემიის მხრიდან, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა ქართველ მეცნიერებთან. ამ შეხვედრებზე, ბუნებრივია, საუბარი იყო იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მეცნიერების მონაწილეობა კვლევით პროცესებში, რამდენად გაიღება ირანის ისლამური რესპუბლიკის არქივები ამისთვის, რამდენად იქნება შესაძლებელი ირანის მეცნიერების საქართველოში ჩამოსვლა. ასე რომ, ეს იყო მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხასიათის შეხვედრა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი ირანისტიკის სკოლა და, ბუნებრივია, მას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ მეზობელი სახელმწიფოები ვართ და, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ეს ტრადიციები გაგრძელდეს და გაძლიერდეს.

- შეიძლება ითქვას თუ არა, რომ არქივები, რომელშიც, ალბათ, საქართველოზე ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობაა დაცული, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება ქართველი მეცნიერებისთვის?
- ეს პროცესი არ არის ასეთი მარტივი. ჩვენ გვქონდა საუბარი ამ თემებზე. ირანელი მეცნიერების მხრიდან არის სრული მზაობა თანამშრომლობისთვის, თუმცა, ცხადია არის სხვა ბიუროკრატიული პროცედურები. ამ თემებზე შეხვედრები და კონსულტაციები გაგრძელდება. მოგვიანებით მე მქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ეს არის საკმაოდ სერიოზული თანამშრომლობის პროცესი.

- არგენტინა თითქოს ასეთი შორია საქართველოსგან. რა საერთო ინტერესები და გეგმები აქვთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და არგენტინის უნივერსიტეტებს?
- ორი წლის წინ, სანამ მე ვიქნებოდი არჩეული უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე, ჩვენ უნივერსიტეტსა და ლა პლატას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება. ლა პლატას უნივერსიტეტში არსებობს საქართველოს შემსწავლელი კათედრა, იქ პერიოდულად ჩადიან ქართველი პროფესორები და კითხულობენ ლექციებს. ლა პლატას უნივერსიტეტიდან იყო დაინტერესება, რომ ჩავსულიყავი და როგორც ახალ რექტორს დამეფიქსირებინა მზადყოფნა თა-ნამშრომლობის გაგრძელებაზე. თუმცა, ამას გარდა, გამოიკვეთა სხვა ინტერესებიც - კერძოდ, ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე ბელგრანოს უნივერსიტეტთან, სადაც გამოითქვა სურვილი თსუ-სა და ბელგრანოს უნივერსიტეტის თანამშრომლობის შესახებ. ბელგრანოს უნივერსიტეტში ჩატარდა ჩემი საჯარო ლექციაც თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური რეფორმები: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები“, რომელსაც დაესწრნენ პროფესორები და სტუდენტები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა სალვადორის უნივერსიტეტშიც, რომელიც ასევე მზად არის თანამშრომლობისთვის - ერთბლივი პროგრამების განხორციელებისთვის, სტუდენტების გაცვლისთვის; ხოლო კილმესის უნივერსიტეტის რექტორი უკვე სექტემბერში ჩამოდის თბილისში იმ მიზნით, რომ კონკრეტულ დოკუმენტს მოვაწეროთ ხელი.

- ანუ საუბარია ერთობლივ კვლევებზე, ერთობლივ პროექტებზე...
- ისინი მზად არიან ჩვენს სტუდენტობას და პროფესურას, ვინც დაინტერესებულია ესპანური ენისა თუ ლათინო-ამერიკული კულტურის შესწავლით, კარი გაუხსნან თანამშრომლობისთვის. გარდა ამისა, შევხვდით არგენტინის მეცნიერებისა და ინოვაცების მინისტრს. მან გვაცნობა, რომ არის საერთაშორისო გრანტები, რომელსაც გასცემს ეს სამინისტრო და მოგვიწოდა ქართველი მეცნიერების ამ პროცესში ჩართვისკენ. გვქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროში, სადაც ითქვა, რომ დღეს არგენტინაში პრიორიტეტულად ითვლება კავკასიის რეგიონი.
სხვათა შორის, ახლახან იყო ჩამოსული ჩვენთან კოსტა-რიკას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების დარგში და ასევე გამოხატეს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.
აქ არის ერთი პრობლემა - რამდენად არიან ქართველი სტუდენტები მზად ესპანურ ენაზე სასწავლად. ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს სპეციალურად დავამუშავებთ შესაბამის ფაკულტეტებთან ერთად. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება გაფართოვდეს უნივერსიტეტის შესაძლებლობები და დანარჩენი კონკრეტული ფაკულტეტების, პროფესორებისა და სტუდენტების ჩართულობით იქნება მიღწეული.
უნივერსიტეტის საერთშორისო კონტაქტები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. შემოდგომით ასევე არის დაგეგმილი რამდენიმე ვიზიტი, რომელიც არსებული მიმართულებების გაღრმავებას, ზოგი კი ახალი მიმართულებების ათვისებას მოემსახურება.

სხვა სტატიები »