ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

რექტორის ანგარიში - საზოგადოებას

29 სექტემბერი, 2014
ერთი წლის მუშაობის ანგარიში ჩააბარა საზოგადოებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ. პრესკონფერენციაზე თსუ რექტორმა უნივერსიტეტში გატარებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას; თავის ანგარიშში რექტორმა ყურადღება გაამახვილა გატარებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე და ახალ ინიციატივებზე, რომელთა შორის შემდეგი სიახლეები გამოყო:
ერთი წლის განმავლობაში თსუ-ში 15 ახალი საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა; ჩამოყალიბდა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი 12 საკონკურსო ადგილისთვის;
ქართველოლოგიაში დაწესდა  ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემია;
წელს პირველად გამოვლინდნენ ფაკულტეტებიდან წლის საუკეთესო პედაგოგები და რექტორის სტიპენდიატი სტუდენტი;
მოხერხდა  აკადემიური რეგისტრაციის პრობლემის მოგვარება, შეიქმნა სასწავლო პროცესის მართვის გაუმჯობესებული ელექტრონული ბაზა;
დაიხვეწა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი, რომელიც სუბიექტივიზმს მაქსიმალურად გამორიცხავს;
თსუ ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს 7 ათასზე მეტი წიგნი შეემატა და ეს პროცესი გრძელდება;
გაიზარდა და განმტკიცდა საერთაშორისო კონტაქტები უცხოეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, გაიზარდა გაცვლითი პროგრამების რიცხვი;
უახლესი ტექნიკით აღიჭურვა და განახლდა ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და მექანიკისა და მოლეკულური ფიზიკის ლაბორატორიები;
უნივერსიტეტში გაიხსნა თანამედროვე მულტიმედია ცენტრი, რაც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას აძლევს;
თსუ აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი ფაკულტეტის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  ჩამოყალიბებაზე, რაც ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას მოემსახურება;
თსუ კვლავ ლიდერია სამეცნიერო გრანტების მოიპოვების კუთხით საქართველოში არსებულ კვლევით დაწესებულებებს შორის.
თსუ ჩართულია პროექტში, რომლის ფარგლებშიც სან დიეგოს (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეიქმნება საინჟინრო სკოლა და სტუდენტები საქართველოში მიიღებენ ამერიკული ხარისხის განათლებასა და დიპლომს;
დაიგეგმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ფაკულტეტთან ინტეგრაცია, რამაც ორივე სტრუქტურის გაძიერება უნდა გამოიწვიოს;
მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითრების ახალ გეგმაზე და სხვა.
ყველაფერი აღნიშნულის მიუხედავად, თსუ რექტორი მიიჩნევს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისთვის და განათლების დონის საერთაშორისო სტანდარტების დამ-კვიდრებისთვის აუცილებელია სახელწიფოს მხრიდან უნივერსიტეტებისთვის პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა:
„რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თსუ სტუდენტებს შეხვედრაზე შეპირდა, რომ უნივერსიტეტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებენ დაფინანსებას. ეს აუცილებელია უნივერსიტეტების განვითარებისთვის. სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. თსუ მხოლოდ სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით არსებობს. ეს კი არასაკმარისია ისეთი ძვირადღირებული დარგების განვითარებისთვის, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, მედიცინა. თანხა არასაკმარისია სასწავლო კორპუსების გასარემონტებლად, პროფესორთა ხელფასების დიფერენცირების აღმოფხვრისათვის და სხვა მრავალი პრობლემის მოსაგვარებლად. ვიმედოვნებ, რომ უნივერსიტეტების პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებისთვის საჭირო თანხა ახალ სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება,“- აღნიშნა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის დაფინანსების პრობლემაზე საუბრისას.



სხვა სტატიები »