ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ-ს ახალი აკადემიური საბჭო ჰყავს

თსუ-ს ახალი აკადემიური საბჭო ჰყავს
28 ოქტომბერი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ახალი შემადგენლობით შეიკრიბა. 21 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგად თსუ-ს 7 ფაკულტეტიდან საბჭოს 14 წევრი  იქნა არჩეული.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრები გახდნენ პროფესორები როლანდ ომანაძე და შოთა სამსონია; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან - პროფესორები რამაზ ქურდაძე და ნანი გაფრინდაშვილი; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან -  პროფესორები მარიამ გერსამია და გიორგი გოგსაძე; ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან  - პროფესორები ქეთევან ჭკუასელი და თამარ აბაშიძე; ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტიდან -  პროფესორები ქეთევან მარშავა და  ავთანდილ სილაგაძე; მედიცინის ფაკულტეტიდან -  პროფესორები გიორგი გალდავა და თენგიზ ცერცვაძე; ხოლო იურიდიული ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრებად პროფესორები ნუგზარ სურგულაძე და მაია კოპალეიშვილი აირჩიეს.

თსუ აკადემიური საბჭოს რეგლამენტის თანახმად, აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიალური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც არჩეულია თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო პრინციპების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის დაცვით; საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით; აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორის, ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირი. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა; არჩევიდან 2 წლის გასვლის შემდეგ აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლდება ერთი მესამედით (5 წევრი).

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა საარჩევნო კომისიამ 19 კანდიდატი დაარეგისტრირა. აკადემიური საბჭოს წევრად ფაკულტეტიდან არჩეულად 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი ითვლება. აკადემიური საბჭოს წევრებს ირჩევს ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტების საბჭოების შემადგენლობაში მყოფი სტუდენტური თვითმმართველობის დელეგატები.



სხვა სტატიები »