ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„საქართველოს ევროინტეგრაცია და მე“ - გამარჯვებული სტუდენტები თსუ-დან

„საქართველოს ევროინტეგრაცია და მე“ - გამარჯვებული სტუდენტები თსუ-დან
1 ივლისი, 2014
„ევროინტეგრაცია ნიშნავს, გახდე ევროპული ოჯახის წევრი და, ამავდროულად, არ დაკარგო ეროვნული ღირებულებები“ - ასე ფიქრობენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტი ლილით ოგანესიანი და თსუ-ს ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტი ხალიდ მურადოვი, რომლებიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სა-ქართელოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ესეების კონკურსს საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული, „4+1“ პროგრამაში მონაწილე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა. კონკურსის თემაზე - „საქართველოს ევროინტეგრაცია და მე“ სტუდენტების უნდა მოემზადებინათ ესე და აესახათ, თუ რას ნიშნავს მათთვის ევროინტეგრაცია, როგორ ესმით საქართველოს ევროპული არჩევანი და რას გულისხმობს ევროინტეგრაციის პროცესი.

კონკურსის შედეგები 12 ივნისს გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილეობა სხვადასხვა უნივერსიტეტების ათობით სტუდენტმა მიიღო, სამი გამარჯვებულიდან ორი თსუ-ს სტუდენტია, ერთი კი - აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტის.

„ევროინტეგრაცია არის მხოლოდ და მხოლოდ განვითარების პროცესი და ამ პროცესში ქვეყანა უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად შეინარჩუნოს თავისი ტრადიციული ფასეულობები და ეროვნული ღირებულებები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმება საქართველოს მისცემს ამ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს შანსი ქვეყანამ არ უნდა გამოტოვოს და მისთვის პრაგმატული არჩევანი უნდა გააკეთოს. ამ ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ქვეყნის ევროკავშირში შესვლის საკითხი და ყველა მსჯელობს ამის შესახებ. ჩემი აზრით, ამ მსჯელობების შედეგად ჩამოყალიბდა არასწორი მიდგომა, რომ ევროპის გზა არ იქნება საქართველოსთვის ხელსაყრელი, იმ თვალსაზრისით, რომ იგი ვალდებული გახდება აღიაროს ევროპული კულტურა, ტრადიციები და ამის შედეგად დავიწყებული იქნება ტრადიციული ეროვნული ღირებულებები. ამის საპირისპიროდ, მე ვფიქრობ, რომ ევროპაში შესვლით ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებსა და წესჩვეულებებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ევროპაში შესვლა საქართველოსთვის კარგი და ხელსაყრელი იქნება წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში. იგი ასევე დაეხმარება საქართველოს, რომ შეინარჩუნოს ქვეყნის მთელი ტერიტორიის მასშტაბით სტაბილურობა და თავიდან აიცილოს ინციდენტები და ამით კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის უფრო მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველყოს“ - მიაჩნია ლილით ოგანესიანს, რომელმაც საშუალო განათლება ახალციხის რაიონის მე–3 საჯარო სომხურენოვან სკოლაში მიიღო.

როგორც კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი აღნიშნავს, იგი სკოლაში ყოველთვის ათოსანი იყო. თემებს წერდა როგორც ქართულ, ასევე სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ბავშვობიდან წერდა ლექსებსაც. ქართული ენაში მომზადება მე–10 კლასიდან დაიწყო. მე–11 კლასში გამოცდები ექსტერნად ჩააბარა და ერთი წლით ადრე დაამთავრა სკოლა. სწავლის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელება ქართული ენის მასწავლებელმა ურჩია და დღეს იგი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მე–2 კურსის სტუდენტია.

„საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი დღესდღეობით ძალიან აქტუალური დისკუსიის თემაა. ამიტომ გამიხარდა, რომ შესაძლებლობა მომეცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი დამეფიქსირებინა. ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ კონკურსში მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება. თემის წერა რომ დავიწყე, გამარჯვებაზე არ მიფიქრია, ჩემი მიზანი იყო კონკურში მონაწილეობა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება. თუმცა, ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ესე არის ერთ-ერთი საუკეთესო და სამ გამარჯვებულს შორის ერთ-ერთი ვარ. ვფიქრობ, სტუდენტისთვის პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობა და გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია მისი შემდგომი წარმატებული კარიერისთვის“, - ამბობს ლილით ოგანესიანი, რომელმაც კონკურსში „საქართველოს ევროინტეგრაცია და მე“ სპეციალური დიპლომი და ნოუთბუქი მიიღო.

ანალოგიური საჩუქარი მიიღო ხალიდ მურადოვმა, რომელმაც სკოლა მარნეულის რაიონში, სოფელ ალგეთში დაამთავრა და ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ფაკულტეტზე სწავლობს. ხალიდ მურადოვს კონკურსში პირველად არ გაუმარჯვია. სკოლაში სწავლის პერიოდში მან გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვების შემდეგ გარკვეული პერიოდი საგარეჯოსა და გორში სწავლობდა. მაგრამ, როგორც თავად აღნიშნავს, ესეების კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გულწრფელად სჯერა, რომ მისი მომავალი ევროპაშია.

„ადამიანების უმრავლესობას, ისევე როგორც მე, მჯერა რომ ჩემი მომავალი ევროპაში იქნება უკეთესი. უკეთესი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უპირველეს ყოვლისა, ევროპა არის სამართლიანი და ლოიალური ღირებულებების მქონე ქვეყანათა გაერთიანება, სადაც ადამიანები ერთიანდებიან ერთი პრინციპის (ადამიანის თავისუფლებისა და კეთილდღეობის) გარშემო. ის გამონათქვამი, რომ ძალა ერთობაშია, კარგად ამჟღავნებს თავს ევროპის მაგალითზე, სადაც მრავალი ქვეყანა გაჭირ-ვების ჟამს ყოველთვის მზად არის ერთმანეთს მხარში დაუდგეს. ევროპა არის ერთი დიდი ოჯახი და ისევე, როგორც ყველას, მეც მინდა ვიყო ამ ოჯახის წევრი.

მე ჩემი მომავალი ევროპაში წარმომიდგენია უფრო წარმატებული, სადაც შემეძლება ჩემი პოტენციალის სრული რეალიზება.-ევროპა არის ის ადგილი, სადაც ყოველდღე უფრო გავიზრდები, როგორც პიროვნება და მისი მრავალსაუკუნოვანი გამოც-დილების წყალობით უფრო წარმატებული ვიქნები“, - წერს ხალიდ მურადოვი ესსეში, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები »