ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ სტუდენტი ჩინურ უნივერსიტეტში გაიღრმავებს ცოდნას

28 აპრილი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის მრავალფეროვანი და მდიდარი საერთაშორისო კავშირები თსუ სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ საშუალებებს აძლევს.  იმ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, სადაც თსუ სტუდენტებს სასწავლებლად წასვლის შესაძლებლობა აქვთ, ევროპის და აშშ-ის გარდა, აზიის, მაგალითად ჩინეთის უნივერსიტეტებიც არის.  ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთში სასწავლებლად თსუ-ს ორი სტუდენტი გაემგზავრა. შემოდგომისთვის პეკინში კიდევ ერთი ახალგაზრდა, ჯონი ბოლქვაძე მიემგზავრება. ჯონი თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია.

"ჩინურს 7-8 თვეა ვსწავლობ და 1000-მდე სიტყვა ვიცი. იქაურ უნივერსიტეტში ძირითადად ჩინურ ენას ვისწავლი და  ცოდნას ასევე ჩემი სპეციალობის, ბიზნეს-ადმინისტირირების თვალსაზრისით გავიღრმავებ. საელჩომ უფლება მომცა სასწავლებლად სამი უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი ჩემი შეხედულებისამებრ ამერჩია.  სამივე უნივერსიტეტი პეკინშია. საელჩო მთლიანად აფინანსებს ჩემს საცხოვრებელს,  სახელმძღვანელოებს და სტიპენდიას.  აგვისტოში მივდივარ. ეს ფაქტობრივად ჩემი ბავშვობის ოცნობა იყო. იქ ბევრი მეგობარიც მყავს, რომლებიც ინტერნეტით გავიცანი", – ამბობს ჯონი. ვებ-სტუდიის სახით მას უკვე თავისი პატარა ბიზნესი აქვს და დარწმუნებულია, რომ ჩინეთში მიღებული გამოცდილება, პირველ რიგში, სწორედ ამ კუთხით დაეხმარება.

გამოცდა-ტესტირება,  რომელიც ჯონი ბოლქვაძემ გაიარა, სულ ორიოდე კვირის  წინ ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.  თსუ-ის მიერ მიწოდებული კანდიდატებიდან საელჩოს მიერ ჩინური ენის და საერთოდ ჩინეთის შესახებ ცოდნის კუთხით სამი სტუდენტი გამოირჩა, საბოლოოდ კი უპირატესობა ჯონის მიენიჭა.

"თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის "შორეული აღმოსავლეთის რეგიონისმცოდნეობის"  პროგრამა ორ მოდულს, იაპონისტიკას და სინოლოგიის მიმართულებას მოიცავს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი-სამი წელია ჩვენთან სტუდენტების მოზღვავებაა.  იქიდან გამომდინარე, რომ მომრავლდა ერთობლივი ქართულ-ჩინური პროექტები, ჩინური ფირმები, გაჩნდა მოთხოვნილება ჩინური ენის მცოდნეებზე. დღეისათვის 25 სტუდენტი ინტენსიურად მეცადინეობს ჩინურ მიმართულებაზე,  პირველ რიგში ენის კუთხით. "შორეული აღმოსავლეთის რეგიონისმცოდნეობის" მიმართულებაზე ჩინური ენის სპეციალისტის ნინო ბრეგვაძის გარდა, რომელმაც 2 წლიანი სტაჟირება ჩინეთში გაიარა, განათლების სამინისტროდან მოხალისე ჩინელი მასწავლებელი იანგ პეიპეიც ასწავლის. იგი საქართველოში პროგრამით: "ასწავლე და ისწავლე" ჩამოვიდა" - აცხადებს "შორეული აღმოსავლეთის რეგიონის მცოდნეობის" პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაშვილი.

ნანა გელაშვილის განცხადებით, იაპონიის საელჩოსთან კარგი ურთიერთობის პარალელურად, მათ ახლა უკვე საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი აქვთ საქართველოში ჩინეთის საელჩოსთანაც. ახალმა ელჩმა იუე ბინმა დიდი ინტერესი გამოიჩინა თსუ-ში არსებული მიმართულებისადმი. ელჩი ჩინურის მცოდნე სტუდენტებს დასაქმებასაც დაპირდა. გასული წლის მიწურულს იუე ბინის ინიციატივით სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩინური ენის სახელმძღვანელოები  და ჩინეთის შესახებ ლიტერატურა გადმოეცა. წიგნები სხვადასხვა ენაზეა და ისტორიის, ეკონომიკის თუ კულტურის საკითხებს ეხება. საელჩოს საჩუქარი პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში და მეხუთე კორპუსში გადანაწილდა, სადაც აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი მდებარეობს.

სხვა სტატიები »