ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

გაცვლითი და საერთაშორისო პროექტები თსუ-ში

17 იანვარი, 2014
2006 წლიდან დღემდე თსუ-ს 503-მა სტუდენტმა გაიარა სასწავლო კურსი ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში გაცვლითი პროგრამებით. აქედან, მხოლოდ 2013-2014 წლის გაცვლით პროგრამებში   126  სტუდენტი მონაწილეობს, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია. ეს მხოლოდ იმ სტუდენტთა მონაცემია, რომლებმაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს. გაცვლით პროგრამებს დამოუკიდებლად ახორციელებენ უნივერსიტეტის ფაკულტეტებიც. აქედან გამომდინარე, უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების გაცვლით პროგრამებში თსუ-ს გაცილებით მეტი სტუდენტი იღებს მონაწილეობას. ამჯერად მხოლოდ მათ ნაწილს შევეხებით:

ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), კომენიუსის უნივერსიტეტი ბრატისლავაში (სლოვაკეთი), ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია), ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), მაზარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), ვარშავის უნივერსიტეტი (პოლონეთი), ლაიდენის უნივერსიტეტი (ჰოლანდია), გუმილოვის ევრაზიის ნაციონალური უნივერსიტეტი (ყაზახეთი), ოსტლფოლდის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია), ოსლოს უნივერსიტეტი (ნორვეგია), სალერნოს უნივერსიტეტი (იტალია), კა’ფოსკარის უნივერსიტეტი (იტალია), საარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია), იენას უნივერსიტეტი (გერმანია), გისენის უნივერსიტეტი (გერმანია), მიუნხენის უნივერსიტეტი (გერმანია), მეზერბურგის უნივერსიტეტი (გერმანია), პოტსდამის უნივერსიტეტი (გერმანია) - ეს მხოლო ნაილია იმ უნივერსიტეტებისა, სადაც ბოლო წლებში თსუ სტუდენტები იღრმავებდნენ ცოდნას.
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა განმარტავს, რომ: „გაცვლითი  პროექტები საშუალებას აძლევს უნივერსიტეტს კიდევ უფრო გააფართოვოს საერთაშორისო თანამშრომლობათა არეალი და თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორებს მისცეს მეტი შესაძლებლობა მობილობისათვის“.

ამჟამად  თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი ადმინისტრირებას უწევს TEMPUS-ის 5, ERASMUS MUNDUS-ის 6, EACEA მარი კურის 1 პროექტს, ასევე, ორმხრივ საუნივერსიტეტო გაცვლებს - ლეიდენის უნივერსიტეტში არსებულ ქართული ენის, კულტურისა და საზოგადოების კათედრაზე  და „თსუ-ს სამეწარმეო სკოლა სტუდენტებისათვის"-ში (ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან ერთად). 2013 წლიდან თსუ ჩაერთო ახალ პროექტებში: ERASMUS MUNDUS EMBER, ERASMUS MUNDUS HERMES, TEMPUS PACT (მენეჯერთა უნარების განვითარება კავკასიაში), TEMPU PICASA (ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნებში).
ამჟამად უნივერსიტეტში ხორციელდება ტემპუსის ერთ-ერთი დიდი პროექტი _ „უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მმართველობისა და მენეჯმენტის ცვლილება (LAMANCHE), რომელიც 36 თვიანია და მოიცავს 2012-2015 წლებს. მისი კოორდინატორია ბულგარეთის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კოლეჯი.

პროექტის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში მართვის პოლიტიკის მოდერნიზაციის ხელშეწყობა მენეჯმენტის უნარების განვითარებით, დიალოგის ინიცირება უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმებზე შესაბამის ჯგუფებში. იგი პროექტის მონაწილეებს საშუალებას აძლევს შეისწავლოს ლიდერობის და მართვის უნარი,  მართვის პრაქტიკა,  ხელი შეუწყონ ტრანსნაციონალური ქსელის და ერთობლივი პრობლემის გადაჭრას და ა.შ.

ტემპუსის მეორე პროექტის  -  „საქართველოში სტუდენტური კარიერის სერვისის განვითარება“ (აკრონიმი CASEDE) (კოორდინატორია ვილნიუსის უნივერსიტეტი  (ლიტვა) (პროექტის ხანგრძლივობა 24 თვე, 2012-2014 წწ.) მიზანია, ქართველი სტუდენტების დასაქმებადობის გაუმჯობესება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საკარიერო განათლების სერვისების დანერგვისა და განვითარების გზით. ასევე, საკარიერო განათლების სერვისების მიუკერძოებელი შეფასება და პროექტის შედეგების გავრცელება.

 პროექტი  -„ინტერნაციონალიზაცია ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (ICAEN) (კოორდინატორი სევილიას უნივერსიტეტი (ესპანეთი) პროექტის პარტნიორებს  საშუალებას აძლევს დაეუფლონ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს.
თსუ-ს დოქტორანტები, პროფესურა და ადმინისტრაცია უკვე ჩართულები არიან IRSES-ის პროექტში „შესაძლებლობები და ლიმიტები, გამოწვევები და წინააღმდეგობები ევროკავშირის საგანმანათლებლო გარემოს ცენტრების სტანდარტებზე გადასვლისას, მოლდოვასა და საქართველოსთვის. ევროკავშირში მიღებამდე საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება (EU-PREACC), რომელიც 2013 წლის 1 მარტს დაიწყო და 2017 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება. მისი ძირითადი პარტნიორები არიან ტარტუს უნივერსიტეტი, ვილნიუსის და მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტები. იგი ოთხი სამუშაო პაკეტისგან შედგება და იმ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთანაა დაკავშირებული.

ERASMUS MUNDUS არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამასთანავე, ERASMUS MUNDUS ხელს უწყობს ევროპის უნივერსიტეტებსა და მესამე ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას.  მობილობის პროგრამის ფარგლებში 58 ქართველი სტუდენტი, მკვლევარი და უნივერსიტეტის თანამშრომელი გაემგზავრა პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად და კვალიფიკაციის ასამაღებლად.

 ERASMUS MUNDUS ჰყავს 3 სამიზნე ჯგუფი და მის ფარგლებში ხდება ხუთი კატეგორიის ინდივიდუალური მობილობის პროგრამის დაფინანსება: საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, პოსტ–სადოქტორო, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი.

თსუ-ს სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია სტიპენდიები, რომელიც დაწესებულია უცხოეთში სწავლებისათვის. ასეთი პროგრამაა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლუდვიგ მაქსიმილიანის ქირურგიის უნივერსიტეტში (მიუნხენი) და ხემნიცის კლინიკაში (გერმანია), სადაც სწავლება ხდება გერმანულ და ინგლისურ ენებზე.

უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდიები  აქვთ დაწესებული საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს. კერძოდ, ეგვიპტის, ჩეხეთის რესპუბლიკის,  თურქეთის რესპუბლიკის, ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები.

თეა გერგედავას განმარტებით, სასწავლო არეალის გაფართოების მიზნით,  გარდა დონორი ორგანიზაციების პროექტებისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, კვლევითი მასალების, საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამების საერთაშორისო გაცვლაში ხელშეწყობას. ესენია: ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტი; არგენტინის ლა პლატას უნივერსიტეტი, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ილინოისის, ნიუ ჯერსის, ჩრდილოეთ კაროლინას და პეპერდინის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა; ბულგარეთის წმ. კლიმენტ ოჰრიდსკის სახელობის სოფიას უნივერსიტეტი, ბორდოს (საფრანგეთი), ლატვის, ბირუნის, იენის უნივერსიტეტები და ა.შ.

იმისათვის, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მუდმივად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო განათლების სფეროში, თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი სისტემატურად მუშაობს ახალი მიმართულებებით. გასულ წელს მან გააფართოვა თანამშრომლობის არეალი და ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და არგენტინა მოიცვა.

გარდა იმისა, რომ თსუ-ს სტუდენტები სწავლების ასამაღლებლად სპეციალურ კურსს გადიან უცხოეთის უნივერსიტეტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებიც სწავლობენ. მხოლოდ 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა  24  უცხოელ გაცვლით სტუდენტს გაუწია მასპინძლობა (14  სტუდენტი ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, 10 - ERASMUS MUNDUS-ის პროექტის ფარგლებში).
სხვა სტატიები »