ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

„თსუ სტუდენტური მეცნიერება“ №1

„თსუ სტუდენტური მეცნიერება“ №1
1 ნოემბერი, 2013
"ჰიდროთერმები - „შავი და თეთრი მბოლავები“ და წყალქვეშა „ოაზისები“; გლობალიზაციის გავლენა სოციალურ კაპიტალზე; უმუშევრობის პრობლემა საქართველოსა და მსოფლიოში; უტილიტარიზმი საწყისებიდან დღევანდელობამდე; „სუსტი“ მხარის დაცვის პრობლემა შრომით სამართალში; იდეალური ემისიები და მათი დასაბუთების პრობლემატიკა აშშ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით; ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ეკონომიკური შეფასება; „მომავლის რეგიონის“ - ერთიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასია; სტიგმატიზაცია: უარყოფითი შედეგები და დაძლევის გზები; - ამ და ბევრი სხვა საინტერესო სამეცნიერო თემის ავტორები თსუ უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. მათ ნაშრომებს პირველ სტუდენტურ სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში “თსუ სტუდენტური მეცნიერება” თავად სტუდენტებმა - თსუ მეცნიერების ხელმძღვანელობით მოუყარეს თავი. უდაოდ საინტერესო გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას შედგება და ჟურნალის პირველი ნომერიც საზოგადოების სამსჯავროზე გამოვა.

ჟურნალ “თსუ სტუდენტური მეცნიერების” რედაქტორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტი მარი ოთიაშვილი ასე იხსენებს ჟურნალის შექმნის პროცესს: “სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის შექმნის იდეა გასულ სემესტრში გამიჩნდა. პროექტი მივიტანე სტუდენტურ თვითმმართველობაში და დავიწყეთ იდეის განხორციელება. პირველი ნაბიჯების გადადგმაში ძალიან დაგვეხმარა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით კი ბატონი გიორგი გაფრინდაშვილი, რომელსაც სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის შექმნის იდეა უკვე დიდი ხანია ჰქონდა. სანამ ჟურნალზე აქტიურ მუშაობას დავიწყებდით, გავესაუბრეთ პროფესიონალებს: სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსს ბატონ გიორგი ღვედაშვილს, უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის დეკანს, მათაც, ვისაც მსგავსი ჟურნალების გამოცემის გამოცდილება აქვთ და მათგან რჩევები და სხვადასხვა სახის დახმარება მივიღეთ.მაქსიმალურად შევეცადეთ სტატიების მიღების და შერჩევის პროცესი დაგვეხვეწა. სტატიის მიღების პროცედურა ასეთია: სტუდენტი ჩვენთან აგზავნის სტატიას ინგლისური აბსტრაქტით და ლექტორის რეკომენდაციით. ამ დოკუმენტების გარეშე სტატია არ მიიღება. შემდეგ ეტაპზე ჟურნალის სამუშაო ჯგუფი სტატიებს აშორებს ავტორის სახელს და გვარს და აგზავნის ფაკულტეტზე სამეცნიერო საბჭოებში. კოდირებულ სტატიებს ასწორებენ საფაკულტეტო საბჭოები და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით აფასებენ ასბალიანი სისტემით. ამ პროცედურის შემდეგ გვიგზავნიან უკან. მიღებული სტატიებიდან ჩვენ ვარჩევთ ყველაზე მაღალი ქულების მქონე სტატიებს, ვასწორებთ სტილისტურად და ვბეჭდავთ ჟურნალში. ჟურნალის პირველ ნომერზე ვიმუშავეთ მთლიანად სტუდენტებმა და ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ დაკისრებულ მოვალეობას გავართვით თავი და ჩვენი ნამუშევარი წარმატებით დაიბეჭდა”.

ჟურნალის გამოცემას მიესალმება თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. იგი იმ დროსა და ემოციას იხსენებს, სტუდენტურ სამეცნიერო გამოცემაში პირველი თეზისები რომ გამოაქვეყნა: “ძალიან კარგია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი გამოდის. უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სასწავლო ცენტრი, ის არის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, უნივერსიტეტი არ არის უბრალოდ განათლებული ადამიანების სამჭედლო, ის მეცნიერთა სამჭედლოცაა. განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ სამეცნიერო კვლევაში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პრინციპულია, რომ ახალგაზრდების ნიჭიერი ნაწილი იყოს გამოვლენილი. მათი გამოვლენის ყველაზე კარგი მასტიმულირებელი ფორმა კი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემაა, როდესაც ახალგაზრდა დაინახავს, რომ მისი ნაფიქრი და ნაღვაწი დაიბეჭდა. მე მახსოვს ჩემი პირველი თეზისები, რომლებიც პირველ კურსზე გამოქვეყნდა. მახსოვს როგორ დავინახე პატარა ბროშურაში ერთგვერდიანი თეზისები, სადაც ჩემი სახელი და გვარი ეწერა, როგორი სიამაყის განცდა მქონდა 18 წლის ახალგაზრდას. სხვათა შორის, ჩემი შრომების სია სწორედ იმ პირველი თეზისებით იწყება. ამიტომ სტუდენტური ჟურნალის გამოცემას მე მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ კარგი ფორმატია მოფიქრებული, რომ ეს ჟურნალი მათი პროფესორების კურატორობის ქვეშ გამოიცემა. ეს დაეხმარება მათ შეირჩეს მართლაც ისეთი სტატიები, რომელთაც სამეცნიერო ფასეულობა გააჩნია და, ამდენად, მიზანშეწონილია დაიბეჭდოს. ახალგაზრდებს კი მინდა ვუსურვო წარმატება მათ სამეცნიერო საქმიანობაში.” - აღნიშნავს თსუ რექტორი.

სწორედ დიდ მოტივაციის გაჩენაზე საუბრობს ჟურნალში „თსუ სტუდენტური მეცნიერება“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი თემის ავტორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ჯაფარიძე: „ვფიქრობ, რომ სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი “თსუ სტუდენტური მეცნიერება” არის საუკეთესო საშუალება სტუდენტებისთვის გადადგან პირველი ნაბიჯები შედარებით მაღალი დონეებისკენ. მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჟურნალისთვის შერჩეულ სტატიებს ასწორებენ და არჩევენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები, რომელთა აზრიცა და მხარდაჭერაც საკმაოდ დიდ სტიმულს აძლევს სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს ჟურნალი ძალიან დიდ გამოცდილებას მისცემს თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც დაიხარჯება და მთელი ძალისხმევით იბრძოლებს ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისთვის. მიხარია, რომ ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი ვარ, რომლის სტატიამაც დაიმსახურა ადგილი “თსუ სტუდენტურ მეცნიერებაში". ნამდვილად, ჟურნალმა მომცა მე იმის სტიმული, რომ ვწერო და ჩემი სტატიები გავუზიარო საზოგადოებას“.

ჟურნალი „თსუ სტუდენტური მეცნიერება“ წელიწადში ორჯერ -  ყოველ სემესტრში გამოვა და სტუდენტებს მათი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას მომავალშიც მისცემს.

სხვა სტატიები »