ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

ყველაზე რეიტინგულები თსუ-ში

ყველაზე რეიტინგულები თსუ-ში
1 ოქტომბერი, 2013
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტთა ათეულიდან ოთხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ოთხივე თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის მიმართულებაზე ისწავლის. ვინ არიან და რა გეგმები აქვთ  სამომავლოდ 2013 წლის ერთიანი გამოცდების შედეგად საუკეთესო ათეულში მოხვედრილ, თუ თსუ ფაკულტეტებზე ყველაზე მაღალმაჩვენებლიან სტუდენტებს? ამის გარკვევას ჩვენ თავად მათთან შევეცადეთ.  

საქართველოში ეროვნული გამოცდების შედეგად ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე (2303.2 საკონკურსო ქულა) თათია შარია საუკეთესო ათეულში მოხვედრაზეც კი არ ფიქრობდა. როგორც თავად ამბობს, არცთუ ოპტიმისტური ვარაუდი, გასულ წელთან შედარებით, მსუბუქი გრაფიკის გამო ჰქონდა. ილია ვეკუას სახელობის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე, სკოლის პროფილიდან გამომდინარე, ტექნიკურ საგნებს და მათ შორის ფიზიკას დიდ დროს უთმობდა, თავიც ამ დარგში ამიტომ წარმოედგინა. ცნობისათვის - სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობისას ძირითადად რეზერვში იყო, "რადგან ბიჭები სჯაბნიდნენ”. საერთოდ მიიჩნევს, რომ ტექნიკური საგნების სწავლა, ფიზიკის ჩათვლით, ისეთ უნარებს ავითარებს, რომელიც სხვა საგნების შესწავლას უწყობს ხელს. დარჩება თუ არა ფიზიკის ერთგული ბოლომდე, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს. თვლის, რომ თსუ ფიზიკის დარგის შესასწავლად კარგი არჩევანი იყო. ამაში საკუთარი დის მაგალითიც არწმუნებს, რომელიც ფიზიკას ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

თავის მაღალ ქულებს ლაშა ფანცხავა (2260.0 საკონკურსო ქულა) საგნისადმი დიდი ინტერესის, მუშაობის და ცოტა ნიჭის” დამსახურებად მიიჩნევს. იგი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ყოფილი მოსწავლეა. ბებია - ლეილა ჩიქოვანი, ფიზიკოსი იყო, რომელიც როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (ცერნში) მოღვაწეობდა. ლაშამ იცოდა, რომ მაღალ ქულებს აიღებდა. ყველაზე მეტად უნარების ქულები ადარდებდა, თუმცა ცუდი ნიშნები არც აქ მიუღია. იმედი აქვს, რომ წარმატებული იქნება, რადგან საამისოდ მონდომებას არ დაიშურებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ წასვლასაც ფიქრობს. რაც შეეხება სხვა აქტივობებს - კურსელებთან ერთად “რა, სად, როდის” და კალათბურთის გუნდების შექმნის იდეა და სურვილი აქვს.

თსუ-ს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებამდე რომან კუტუბიძე (2259.9 საკონკურსო ქულა) “თავისუფალ უნივერსიტეტსა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არჩევანზე ჭოჭმანებდა. კომაროვის სკოლის ყოფილი მოსწავლე ფიქრობს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი თავის პოვნასა და რეალიზებაში დაეხმარება. დარწმუნებულია, რომ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს და მაგისტრატურაში ჩააბარებს.  მოჰყვება თუ არა ამას დოქტურანტურა, მერე გამოჩნდება. ამ დროისთვის ფიქრობს, რომ მეცნიერებას გაჰყვება, მაგრამ დაბეჯითებით გადაწყვეტილი არ აქვს. მისი ერთ-ერთი გატაცება პროგრამირებაა, რომელშიც ცოდნის საფუძვლიანად გაღრმავება სურს. მართალია, უნივერსიტეტთან შეხება მანამდეც ჰქონდა, როგორც თსუ-ში არსებული ფიზიკის წრის მოსწავლეს, მაგრამ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსით გატარებულმა პირველმა დღემ კიდევ უფრო კარგი განწყობა შეუქმნა.  მოეწონა მისთვის გადაცემული საჩუქარიც, გარემოც და ბავშვებიც, ვისთან ურთიერთობაც ჰქონდა.

ვაჟა ლოლაძე (2257.2 საკონკურსო ქულა) ხაშურის რაიონის სოფელ ალიდანაა. როგორც ამბობს, საბუნებისმეტყველო საგნები ბავშვობიდან აინტერესებდა, საიდანაც შემდეგ უკვე ფიზიკა გამოყო.  თსუ-ზე არჩევანი ორი ძირითადი მიზეზის გამო გააკეთა - მისი ოჯახის ყველა წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა; გარდა ამისა, თსუ-ს კურსდამთავრებულებში ბევრი ცნობილი და წარმატებული ფიზიკოსია, რომლებიც მისთვის ავტორიტეტები არიან. სამომავლოდ, სხვა მაღალრეიტინგული თანაკურსელების მსგავსად, ისიც აკადემიური საქმიანობის შესახებ ფიქრობს. მართალია კომპიუტერთან ძალიან დიდ დროს ატარებს, მაგრამ ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მიმდინარე აქტივობებზე ინფორმაციის შეგროვებას და მათში ჩართვას აპირებს.

იურიდიული ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგულმა პირ-ველკურსელმა ლადო სირდაძემ ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლა დაამთავრა. თვლის, რომ თსუ-ს უმაღლეს სასწავლებლებს შორის საუკეთესო პროგრამა აქვს და ბევრი წარმატებული კურსდამთავრებულიც ჰყავს. მისი დაც თსუ-ს კურსდამთავრებული იურისტია. ერთი პერიოდი სამედიცინოზე სურდა ჩაბარება, რადგან ბიოლოგიის ოლიმპადების გამარჯვებულია და ეს სფეროც იზიდავს. ცნობისათვის, “ფლექსის” ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით აშშ-ში ყოფნისას, შტატებს შორის შეჯიბრისას, მისურის სკოლის წარმომადგენელის სტატუსით წარმატებულად ღებულობდა მონაწილეობას ოლიმპიადაში, მათ შორის ბიოლოგიაში. საბოლოოდ იურიდიული ფაკულტეტი ამჯობინა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიაჩნია. უნდა “მედიაციის” მიმართულებით წავიდეს, რომელიც მომავალში ძალზე პერსპექტიული გახდება.

ზესტაფონელმა სოფო ჩხენკელმა, როგორც თავად ამბობს, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი მათემატიკის სიყვარულის გამო აირჩია. მათემატიკა ბავშობიდან “უყვარდა და მიყვებოდა, რადგან მასწავლებელიც მკაცრი და მომთხოვნი ჰყავდა”. თვლის, რომ “რაღაცას” უკვე მიაღწია და თავისი შესაძლებლობებიც ნაწილობრივ გამოავლინა. ახლა სტუდენტურ ცხოვრებაში ჩართვას და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობასაც გეგმავს. მათ შორის თვითმმართველობის აქტივობების თვალსაზრისით.  ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. თვლის, რომ დარგი პერსპექტიულია, თავის თავს სამომავლოდ ბიზნესის ადმინისტრირებასა და მარკეტინგში ხედავს. კარგად ფლობს ინგლისურს, და რადგან თსუ ეკონომიკის ფაკულტეტს გერმანულ უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, ფიქრობს, რომ ახლა გერმანულის შესწავლის დროც დაუდგა.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელი ნიკოლოზ ხაჩიძე გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლეა. მართალია, მშობლებს ერჩივნათ ექიმი გამხდარიყო, მაგრამ თავად ნიკა საერთაშორისო ურთიერთობების სპეცილისტობასა და ამ ფაკულტეტზე ჩაბარებაზე მეათე კლასიდან ფიქრობდა. სამომავლოდ დიპლომატობა სურს. ამ აზრამდე ამერიკაში “ფლექსის” პროგრამით ყოფნისას მივიდა. მამამისი წარმოშობით აფხაზეთიდანაა. მამისა და ნათესავებისგან აფხაზეთის შესახებ ბავშვობიდან ესმოდა. მეხსიერებაში დალექილი ამ ამბების გამო, რომელშიც სასიამოვნოც ბევრი იყო, გადაწყვიტა დიპლომატი გამხდარიყო. უნდა აფხაზეთში ჩავიდეს და ამის შესაძლებლობა სხვასაც მისცეს. კომუნიკაბელურია, ხალხთან ურთიერთობა უყვარს და ამის გამოცდილებაც აქვს. გადაცემა ”ყველაზე ჭკვიანის მონაწილეა და 2007 წელს სეზონის ფინალში მეორე ადგილის მფლობელია.”

დავით გაგნიძე საჩხერის რაიონის გამოღმა არგვეთიდანაა. თსუ სამედიცინო ფაკულტეტზე წლევანდელი გამოცდების შედეგებით იგი ყველაზე მაღალი ქულებით ჩაირიცხა. თუმცა, პირველი კურსის ნაცვლად, უკვე მესამე კურსის სტუდენტია. მანამდე ორი კურსი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დახურა, მაგრამ შემდგომ თსუ-ში გადმონაცვლება ამჯობინა.  მობილობით უნივერსიტეტში გადმოსვლას, საგრანტო დაფინანსების მისაღებად გამოცდების ხელახლა ჩაბარება ამჯობინა. სამედიცინო ინსტიტუტში მიღებული კრედიტების აღიარების შემდეგ იგი უკვე პირდაპირ მესამე კურსზე აღმოჩნდა. ექიმობა ბავშვობიდან უნდოდა, რადგან ამ პროფესიის სიყვარული ექიმმა ბიძამ გაუჩინა. ტრავმატოლოგიის შესწავლას ფიქრობს. სწავლის პირველ დღეს თსუ-ს მიერ საჩუქრად გადაცემული ნეთბუქის გამო, “რომელიც ლექციებზე სატარებლად ძალიან პრაქტიკულია, ძალზე მადლიერია. გრძნობს რომ მისი მონდომება დააფასეს”.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტ ნანა აკოლაშვილს ყველაზე მეტად ლიტერატურის კითხვა უყვარს. კითხულობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ნაწარმოებებს, ბევრს და ხშირად. შესაბამისად, თავის თავს “წიგნის ჭიაც” კი შეუძლია უწოდოს. მომავალში სურს აკადემიურ საქმიანობას გაჰყვეს.  იმის გამო, რომ ჩინური და აღმოსავლური კულტურა აინტერესებს, უკვე ჩინური ენის შესწავლაც გადაწყვიტა. თვლის, რომ უნივერსიტეტში მისი პირველი დღე ძალიან პოზიტიურად დაიწყო და იმედი აქვს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

სხვა სტატიები »