ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ალექსანდრე კვიტაშვილი: "უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს რექტორი, რომელიც 70-იან წლებში კი არ დააბრუნებს, არამედ წაიყვანს წინ..."

ალექსანდრე კვიტაშვილი: "უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს რექტორი, რომელიც 70-იან წლებში კი არ დააბრუნებს, არამედ წაიყვანს წინ..."
27 ივნისი, 2013
უკვე რამდენიმე დღეა ალექსანდრე კვიტაშვილი არა თსუ რექტორი, არამედ რექტორის მოვალეობის შემსრულებელია. 12 ივნისს თსუ აკადემიურმა საბჭომ მისი განცხადება გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დროებით დანიშნა. მისი დროებითი მმართველობის პერიოდში ჩატარდება თსუ ახალი რექტორის არჩევნები, რომელშიც ალექსანდრე კვიტაშვილი თავად მონაწილეობას ვეღარ (ან აღარ) მიიღებს. დღეს იგი „უნივერსიტეტის“ კითხვებს უკვე ახალ ვითარებაში და ახალ ამპლუაში პასუხობს:

- დავიწყოთ არა გადადგომით, არამედ იმით, რასაც თქვენი გადადგომა მოჰყვა. რატომ არის მიუღებელი თქვენთვის ახალი კანონ-პროექტი - ახალი ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში?
- აქ არის ორი მომენტი. ერთი არის კანონპროექტის შინაარსი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა პუნქტი არის საკამათო და მსჯელობის საგანი; მეორე - ის ფორმა, თუ როგორ მოხდა ამ კანონპროექტის გატანა პარლამენტში. ეს არის ორი დიდი პრობლემა, რომელიც დღეს დგას. დავიწყოთ მეორეთი - მომზადდა კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ ახდენს ზეგავლენას ისეთ დიდ სფეროზე, როგორიცაა განათლება, და ამ დროს არანაირი წინასწარი კოსულტაციები ამ თემასთან დაკა-ვშირებით არ ჩატარებულა; რამდენიმე ადამიანი დაჯდა და დაწერა კანონი, დაამტკიცა მთავრობის სხდომამ და 31 მაისს გადაეგზავნა პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად და დასამტკიცებლად. მხოლოდ 9 ივლისს, ანუ პარლამენტში გადა-გზავნიდან 10 დღის შემდეგ, დაიწყო უმაღლესი განათლების კანონზე საუ-ბრის მცდელობა, თუმცა ამ შეხვედრაზე არ იყო მსჯელობა ამ კანონპროექტზე, იქ იყო მსჯელობა ახალი კანონის შექმნაზე. ვციტირებ _ გვითხრეს, რომ ძველი კანონი ისეთ დღეშია, რომ აღარ იკითხება და ამიტომ მასში ცვლილებების შეტანა არის აბსურდი. აღმოჩნდა, რომ ორი კვირით ადრე ეს ყველაფერი გაკეთებულია და შეტანილია პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად. ეს რაც შეეხება სამინისტროსა და იმ სუბიექტებს შორის ურთიერთობის ფორმას, რომელსაც ცვლილებები ეხება.
მაგალითს ისევ ჩემი გამოცდილებიდან მოვიყვან _ როცა ხდებოდა ძალიან რთული კანონის მიღება, როგორიც იყო ფარმაცევტული ბაზრის გახსნისა და პარალელური იმპორტის კანონი, მას ჰყავდა ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ფარმაცევტული ლობისგან. კანონზე მუშაობის დროს არ ყოფილა ბაზრის არც ერთი მოთამაშე, რომელსაც არ ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელ ცვლილებებზე. გვქონდა მათთან შეხვედრები, ძალიან მძიმე შეხვედრები, იყო ბევრი კამათი, ბევრი ჩხუბი, ბევრი ცვლილება შევიდა და ბოლობოლო დაიხვეწა ეს კანონი ისე, რომ, რეალურად, პრეტენზიას ვეღარავინ ვერ გამოთქვამდა მასთან დაკავშირებით. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია კანონშემოქმედებით პროცესში, რომ ასეთი რამე არ დაგემართოს, რომ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე არა თუ უნივერსიტეტები არ იყვნენ ინფორმირებული, არამედ, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, უმრა-ვლესობის წევრებიც. 12-მა ადამიანმა უმრა-ვლესობიდანაც ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ეს მაჩვენებელია იმისა, რომ თავად უმრავლესობასთანაც არ იყო ეს კანონპროექტი გავლილი და შეთანხმებული. ასე ჩანს, მე არ ვიცი რა მოხდა ზუსტად.
რაც შეეხება თავად კანონპროექტს _ მასში არის რამდენიმე ძალიან მძიმე მუხლი. ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი და ყველაზე ნაკლებად საკამათო შეიძლება იყოს დოქტორის ხარისხის ქონა-არქონის ფაქტი. თუმცა, მე ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს, რადგან რაღაცნაირად უნდა გაზომო ადამიანის მუშაობა. ბოლო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში რაც მოხდა, ეს შეიძლება ყოფილიყო ასევე არგუმენტი, რამდენად აუცილებელია რექტორს ჰქონდეს ხარისხი და რამდენად ახდენს ეს გავლენას განვითარებაზე. ეს სხვა თემაა, საკამათო თემაა, სხვადასხვა მაგალითი არსებობს მსოფლიოში ამის _ ზოგან არის ასეთი მოთხოვნა, ზოგან _ არა. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს მეორეხარისხოვანია. პრაქტიკულად მეც და აკადემიური საბჭოც დავეთანხმეთ ამ მუხლს, ჩვენი ქმედებიდან გამომდინარე. მე ვერ ვხვდები რატომ იყო ასეთი ისტერიკა, როცა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა, რომ არ ჰყავდეს დოქტორის ხარისხის არმქონე რექტორი. ეს ერთი თემა. მეორე თემა, რომელიც არასწორია და ამ მუხლის მიღება ძალიან არასწორ მდგომარეობაში აყენებს არა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებს, არამედ თვითონ მთავრობას, ეს არის პრემიერზე დაკისრება ვალდებულების თუ პასუხისმგებლობის, რომ მან ერთპიროვნულად დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

- ამასთან დაკავშირებით იყო არგუმენტი, რომ ასეთი შესაძლებლობა მანამდე საქარ-თველოს პრეზიდენტს ჰქონდა.
- ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აპელირებენ ამაზე, კანონის ელემენტარულ ნორმებს არ იცნობენ. ეს ერთჯერადად მოხდა, თუ არ მეშლება - 2006 წელს. ამის შემდეგ პრეზიდენტის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა ხდება მხოლოდ როცა ახალი უნივერსიტეტი იქმნება ან ლიკვიდაცია ხდება. ჩემი წინამორბედი, ბატონი ნოდარ სურგულაძე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ იყო არჩეული, როგორც მოვალეობის შემსრულებელი, და ჩემი არჩევაც მოხდა საბჭოს მიერ, როგორც მოვალეობის შემსრულებლის. რაც შეეხება პრემიერის მიერ დანიშვნას _ აქ არ არის ლაპარაკი პიროვნებებზე, პრემიერ-მინისტრი იქნება ეს, მინისტრი, პრეზიდენტი თუ პარლამენტის სპიკერი. თითონ მუხლი და პრინციპია მიუღებელი. ჯერ ერთი, ადამიანი არ უნდა ჩააყენო ისეთ მდგომარეობაში, რომ 59 უნივერსიტეტის ან თუნდაც ერთის რექტორი დანიშნოს. გარდა იმისა, რომ არასწორია, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ჩარევა უნივერსიტეტების შიდა საქმეებში. მე ამის ანალოგი არ ვიცი, რუსეთშიც კი სხვა მიმართულებით მიმდინარეობს პროცესები და იქაც არ ხდება ასეთი რამ. ეს ამ მუხლთან დაკავშირებით.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია დოქტო-რანტებისთვის ლექციის წაკითხვის საშუალების არმიცემა. მე თავიდან ვერაფრით ვერ მივხვდი, რა უნდა ყოფილიყო იმის საფუძველი, რომ დოქტორანტს არ მისცე ასისტენტ-პროფესორად (რომელიც არის აკადემიურ კარიერაში პირველი საფეხური) მუშაობის საშუალება. როგორც ჩანს, ეს არის გამიზნული იმისთვის, რომ დღევანდელი დოქტორანტები, წარმატებულები თავისი მაღალი ხარისხის სადოქტორო ნამუშევრებით და წარმატებული ლექტორები, ჩანაცვლდნენ იმ ხალხით, რომელიც პერმანენტულად ვერ გადის კონკურსებში; იმ ხალხით, რომელიც გარკვეულწილად უკმა-ყოფილოა უნივერსიტეტებში განხორციელე-ბული იმ ცვლილებებით, რომელმაც აღმოფხვრა კორუფციული მოვლენები _ ჩათვლაზე, გამოცდაზე, მისაღებ გამოცდაზე ფულის აღება და ა.შ. ამის ნიშნები ჩანს. როცა ასე ძალიან დიდ რაოდენობას, რამოდენიმე ასეულ ადამიანს უკრძალავ მუშაობას უნივერსიტეტში, ავტომატურად ჩნდება მათი ჩანაცვლების აუცილებლობა. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უკან უნდა დაბრუნედეს ის კოჰორტა, რომელიც დღეს დარჩა უკმაყოფილო, ბევრმა გაიარა უნივერსიტეტში კონკურსი, ბევრმა კი პრინციპების გამო არ გაიარა და ახლა ელოდებიან, რომ სამართლიანობა, ბრჭყალებში, ამ მეთოდით აღდგეს. საერთოდ, დღეს ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება უნივერსიტეტს ჰყავდეს 70 წლის ასისტენტ-პროფესორი. გარდა ამისა, ეს არ უწყობს ხელს იმას, რომ უნივერსიტეტში აღიზარდოს ახალგაზრდა კადრი, ჰქონდეს მას უნივერსიტეტში მუშაობის გრძელვადიანი პერსპექტივა და ეს, თავისთავად, მოიტანს იმას, რომ უნივერსიტეტებიდან მოხდება ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარების და ლექტორების გადინება.
კანონში კიდევ ბევრი ალოგიკურობაა, მაგალითად რექტორი შეიძლება იყოს მოწვეული გარედან, იმ ჯგუფიდან, რომელიც არ არის უნივერსიტეტში მოქმედი პროფესურა, მაგრამ არ შეიძლება ეს მოხდეს დეკანის შემთხვევაში.

- ანუ თუ, მაგალითად, ოქსფორდის პროფესორი ხარ, უნივერსიტეტში დეკანი ვერ გახდები?
- ბილ გეიტსმა რომ გამოთქვას ამ კანონის მიღების შემდეგ უნივერსიტეტში მოსვლის სურვილი, ვერც ასწავლის, ვერც დეკანი ვერ იქნება, ვერც რექტორი ვერ იქნება და ვერც ასისტენტ-პროფესორი. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ დეკანი არის მენეჯერი. დღეს უნივერსიტეტში ერთი ფაკულტეტის გარდა, სადაც კვლავ არჩევნებია და დეკანის მოვალეობის შემსრულებელია, დეკანები არიან არჩეული ფაკულტეტის საბჭოების მიერ და აკეთებენ თავიანთ საქმეს კარგად.
კიდევ არის სხვა ალოგიკურობა, მაგალითად ადმინისტრაციის უფროსს ეკრძალება ლექციების წაკითხვა და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს _ არა;
ყველაზე გაუგებარი ჩემთვის კიდევ ერთი თემაა _ მესმის, რომ სახელმწიფოს აქვს სურვილი პროფესურას ჰქონდეს უკეთესი ხელფასი, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გამოვიდეს, ელემენტარულად, ვინმეს შეეძლო სამინისტროდან მოსულიყო უნივერსიტეტში და ენახა, როგორ ხდება აქ ხელფასების წარმოება და რა ხელფასებია. დღეს უნივერსიტეტში არის ფიქსირებული ხელფასი და ამის შემდეგ, პროფესორის აქტივობების შესაბამისად, ივსება მისი ხელფასი. დღეს უნივერსიტეტის სრული პროფესორის მინიმალური ხელფასი არის 1000 ლარი და შემდეგ, დანამატებით, შეიძლება ავიდეს 4000 ლარამდე. ახალ კანონში სახელმწიფო, რომელიც არ აფინანსებს უნივერსიტეტში ხელფასებს, მოი-თხოვს კოეფიციენტის განსაზღვრას. მე მსგავსი ანალოგი არ მინახავს არსად, ორი დღეა ვეძებ და არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ეს. ხდება მხოლოდ გერმანიაში. ბატონი მინისტრის მრჩეველს ერთადერთი გამოცდილება აქვს გერმანული სისტემის ცოდნის, ისიც ძალიან ზერელე. სხვათა შორის, იქ არის ასეთი მოთხოვნა, იმიტომ რომ იქ პროფესორი ითვლება საჯარო მოხელედ. იქაც არის რანგირება, მაგრამ... ამ კანონიდან გამომდინარე, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორს ხელფასი გამოუვა 1350 ლარი, დარიცხული. ანუ ხელზე აიღებს 1100-მდე ლარს. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორს აქ 3000-4000 ლარამდეც შეიძლება ჰქონდეს. უარესი შემთხვევა იქნება ადმინისტრაციის ხელ-მძღვანელის ხელფასი, ხარისხის ხელმძღვანელი და ა.შ.

- ამ ადამიანებმა მილიონები უნდა მართონ? კორუფციის საფრთხეს არ ქმნის ეს?
- ყველაფრის საფრთხეს ქმნის, ზოგადად, ქმნის იმ საფრთხეს, რომ 1000 ლარად პროფე-სიონალი არ მოვა აქ სამუშაოდ, ან შეივსებს ლექციებით და სხვა საქმიანობით და არ დარჩება დრო იმ საქმიანობის განსახორციელებლად, რისთვისაც არის არჩეული. ამიტომ, როცა ხდებოდა ამ მუხლების შექმნა, აუცილებელი იყო ელემენტარული კომუნიკაციის არსებობა და ჩვენ ავუხსნიდით, როგორ ხდება ხელფასის ფორმირება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველგან სხვადასხვა ფორმაა. აქედან გამომდინარე, შეიძლებოდა რამეს მოფიქრება. თუმცა, ვერ ვხვდები, პრინციპულად, რატომ უნდა არეგულირებდეს უნივერსიტეტის ხელფასებს განათლების სამინისტრო.

- პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება უნივერსიტეტის შემოსავლებში რამდენ პროცენტს შეადგენს?

- პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არის დაახლოებით 4 პროცენტი. ისიც, ძირითადი არის კვლევითი ინსტიტუტების ხელფასების დაფინანსება. სტუდენტურ გრან-ტებს არ ვგულისხმობ _ გრანტი სტუდენტს შეუძლია მოიტანოს აქ ან წაიღოს კერძო უნივერსიტეტში, ეს მისი დაფინანსებაა. ამიტომ, ასეთი ჩარევა სახელფასო პოლიტიკაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ეს მე აღარ მეხება, მაგრამ თავისთავად არის ცუდი ფაქტი, რადგან უნივერსიტეტი არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია. ამიტომ, გარდა ძირეული პრობლემებისა, რომელიც ამ კანონპროექტს გააჩნია, კიდევ არის სუსტი წერტილები, რომელთა თავიდან არიდება შეიძლებოდა. აღარავის არ შეეპარებოდა ეჭვი იმ ხალხის პროფესიონალიზმში, ვინც ეს დაწერა, ელემენტარული ინფორმაციის მოგროვება რომ მომხდარიყო და ამ ინფორმაციის საფუძველზე შექმნილიყო კანოპროექტი. რისი მცდელობაც იყო, სხვათა შორის, სამინისტროდან, ოღონდ, როგორც აღმოჩნდა _ "პოსტ-ფაქტუმ". ეს იყო წინაპირობა, რომელიც წინ უძღვოდა ჩემს გადაწყვეტილებას.

- საბჭომ და თქვენ ამ კანონპროექტს უპასუხეთ გადადგომით და ახალი რექტორის არჩევნების გამოცხადებით. ამ პასუხს არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა, მათ შორის ასეთიც, რომ ეს არის ძველი მმართველობის შენარჩუნების მცდელობა, რაიმე ფორმით.
- პირველ რიგში აქ აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ პოლიტიკური შემადგენელი. არ მესმის რაში გამოიხატა ამ ნაბიჯის პოლი-ტიკურობა. მე არ გამიკეთებია არანაირი განცხადება, რომ მდევნიან. საერთოდ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში და არც შემდგომში ვაპირებ. ამიტომ, რის საფუძველზე მდევნიან, არ ვიცი, ხარისხის საფუძველზე დევნა არ არსებობს. ასევე არ მესმის რას ნიშნავს ძველი მმართველობა - ტარდება არჩევნები და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს ამაში მონაწილეობა. სხვათა შორის, არავითარი წარდგინება ამას არ სჭირდება, როგორც ზოგს ჰგონია. ნებისმიერს შეუძლია პირდაპირ შემოიტანოს განაცხადი რექტორობაზე და ვისაც აირჩევს აკადემიური საბჭო, ის იქნება რექტორი. აკადემიური საბჭო დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური უმაღლესი მმართველი უნივერსიტეტში, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები. მე ვერ ვიღებ იმ არგუმენტებს, რომ იმის გამო, რომ ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება გააკეთოს არჩევანი. შეიძლება მეც მქონდეს პრეტენზიები პარლამენტის ზოგიერთ წევრთად დაკავშირებით, მაგრამ მათ მიერ მიღებულ კანონებს ჩვენ ვასრულებთ. გადაწყვეტილება იყო მარტივი, რათა უნივერსიტეტი არ ჩამდგარიყო მდგომარეობაში, როცა მას პირდაპირ უნიშნავენ რექტორს. ეს დარტყმა იქნებოდა როგორც უნივერსიტეტის საერთაშორისო იმიჯისთვის, ასევე ქვეყნისთვის. თუმცა ქვეყნის დარდი, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს პოლიტიკის გამტარებელ სამინისტროს და ეს არ აღმოაჩნდა, სამწუხაროდ.
უნივერსიტეტს ჰქონდა ერთადერთი სწორი გამოსავალი, რომ დაეტოვებინა უფლება თავად განესაზღვრა ვინ იქნება მისი ახალი მმართველი და შემდეგ, უკვე, უნივერსიტეტს განესაზღვრა როგორი მმართველობა ექნება, რამდენი საბჭო ექნება და ა.შ. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვესწრო ამ კანონის ნორმების ძალაში შესვლამდე და მე ამას არ ვმალავ.

- დღეს არსებობს მცდელობა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ამ პროცესის, საბჭოს ლეგიტიმურობის საკითხი.
- ამ შემთხვევაში, საბჭოს ლეგიტიმუ-რობასთან დაკვშირებით კითხვები არ უნ-და ჩნდებოდეს. ეს ხალხი არის არჩეული პირდაპირი არჩევნებით _ ფაკულტეტებიდან. შემდგომი ნებისმიერი ქმედება, ეს იქნება გარედან საბჭოების დაშლა, გარედან მმართველობის შემოღება თუ სხვა, იქნება არა შენიღბული, არამედ პირდაპირ ჩატარებული ოპერაცია უნივერსიტეტების დამო-უკიდებლობის წინააღმდეგ და არა მგონია ეს ვინმემ მოინდომოს, ან ამის სურვილი ჰქონდეს.

- თქვენ პირადი დაინტერესება ამ პროცესში, პრინციპში, უკვე აღარ გაქვთ და ამ გადასახედიდან, თქვენის აზრით, უნივერსიტეტმა და უნივერსიტეტელებმა რა უნდა გააკეთონ, რომ უნივერსიტეტის ავტონომიურობასთან დაკავ-შირებით კითხვები აღარ გაჩნდეს?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. ჩვენ მივმართეთ ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს ქვეყანაში არჩევნების და-კვირვების გამოცდილება და ვთხოვეთ პროცესის მონიტორინგი განახორციელონ. უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს საკუთარი რექტორი, რომელიც იქნება ღირსეული ადამიანი, რომელსაც აქვს გამოცდილება და ხედვა, რომელიც უნივერსიტეტს 70-იან წლებში კი არ დააბრუნებს, არამედ წაიყვანს წინ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, შემდგომში, თუკი ახალი ხელმძღვანელი, საბჭოსთან ერთად, ჩათვლის რომ საჭიროა საბჭოს რეფორმირება, მმართველობის რეფორმირება, უნდა განახორციელოს ეს. მაშინაც, როცა ჩვენ გამოვთქვით პროტესტი სსიპების კანონთან დაკავშირებით, აქ არ იყოს საუბარი იმაზე, სსიპი ჯობია, ა(ა)იპი ჯობია თუ შპს. აქ იყო საუბარი იმაზე, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებას. თუ მინისტრისთვის არის რაღაცეები პრინციპული, უნივერსიტეტისთვისაც პრინციპულია, რომ ასეთი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. მე როგორც ვნახე, საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ჩემს გადა-დგომასთან დაკავშირებით, ეს სურვილი არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი ამაყად მოახერხებს თავისი პოზიციის დაცვას.
არ შეიძლება თვეების განმავლობაში ასეთ შეურაცხყოფას აყენებდნენ საბჭოს წევრებს. აქ ყველა არის მეცნიერი, ყველას აქვს თავისი დიდი გამოცდილება და ყველას თავისი თავმოყვარეობა გააჩნია. როცა, მაგალითად, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მათ "ჩანერგილებს" უწოდებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩარევა და ზეწოლა ამ ხალხზე.
დღეს უნივერსიტეტს სჭირდება დაანახოს საზოგადოებას, რომ მას შეუძლია დამოუკი-დებელი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის დამოუკიდებელის _ ხელისუფლებისგან და ზოგადად პოლიტიკური ძალებისგან. თან, წარმოიდგინეთ, ეს არის ყველაზე დიდი ტრადიციის მქონე უნივერსიტეტი. თუ ეს უნივერსიტეტი ვერ მოახერხებს საკუთარი პოზიციის დაცვას, სხვებმა რა ქნან მაშინ? აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და ყოველთვის აქედან იწყება, წინა ხელისუფლებამაც აქედან დაიწყო და ახალმაც. ამიტომ მნიშვნელოვანია უნივერისტეტის პოზიცია.

- ბევრი, მეორე მხრიდან, სკეპტიკურად უყურებს უკვე იმას, რომ უნივერსიტეტი შეძლებს გაუმკლავდეს ზეწოლას და მიიღოს რეალურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
- მე ამ საბჭოსთან ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში და ვინმეს თუ აქვს განცდა, რომ ამ საბჭოსთან ერთი ხელის აწევით გადის გადაწყვეტილებები და ადვილია მუშაობა, ძა-ლიან ცდება. ყოფილა საკითხები, რომლებზეც საათობით გვქონია კამათი და ყოფილა საკითხები, რომელიც კენჭისყრაზე დამდგარა და საბჭომ მიიღო იმის რადიკალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რაც ჩემი სურვილი იყო. ამის მერე ერთმანეთისთვის ქვები არ დაგვიშენია. ეს არის ნორმალური მუშაობის ნაწილი. ძალიან რთულია, რომ 12 ადამიანი, რომელთაც აქვთ აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობა, ერთ გადაწყვეტილებამდე მიიყვანო. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ერთი, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ღია, არავის ეჭვი არ შეეპარება პროცესის დემოკრატიულობაში და არჩევანი იქნება გამომდინარე უნივერსიტეტის კეთილდღეობიდან.

სხვა სტატიები »