ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„თსუ სტუდენტური კაპელას“ ქორმაისტერის მუსიკალური გზა

„თსუ სტუდენტური კაპელას“ ქორმაისტერის მუსიკალური გზა
25 დეკემბერი, 2019
„მუსიკალური ნიჭი რომ მქონდა ჯერ კიდევ ძალიან ღრმა ბავშვობაში დედაჩემმა აღმოაჩინა. თვეების რომ ვიყავი და ვტიროდი, წამიმღერებდა რაღაც მელოდიას და მაშინვე ვჩუმდებოდი, თითქოს რაღაც დამამშვიდებელს მიკეთებდნენ,“ - დაბადებიდან მუსიკაზე შეყვარებული ლაშა მიროტაძე დღეს საკმაოდ წარმატებული, არაერთი გამარჯვებისა და პრიზის მფლობელი „თსუ სტუდენტური კაპელას“ ქორმაისტერია. მიუხედავად იმისა, რომ კაპელას ხელმძღვანელობა მისი ერთადერთი საქმიანობა არ არის, ყველაზე მეტად სწორედ ამ საქმით ამაყობს. ამ სიამაყის მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ „თსუ სტუდენტური კაპელა“ 4 წლის წინ სწორედ მისი ინიაციტივით შეიქმნა, ამ 4 წლის მანძილზე კი გაიზარდა, განვითარდა და საგუნდო მუსიკის ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს ნელ-ნელა იმკვიდრებს.
„თსუ სტუდენტური კაპელას“ ქორმაისტერმა მუსიკალური ცხოვრება საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო. ჯერ კიდევ პირველ კლასში დედამ ზაქარია ფალიაშვილის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე მიიყვანა. ეს ლაშას განსაკუთრებული სურვილი არ ყოფილა, თუმცა დამჯერი ბავშვი იყო და ხმამაღლა არ გაუპროტესტებია. 
„მუსიკაზე სიარული არ მეზარებოდა, უბრალოდ, როდესაც 5 წლის ხარ, შაბათი დღეა, ყველა ბავშვი ეზოში თამაშობს და შენ ამ დროს სოლფეჯიოზე მიდიხარ, მძიმედ გასაგებია. თუმცა იყვნენ ისეთი მასწავლებლები, რომლებმაც ეს მომენტი გადამალახინეს, იყვნენ ისეთებიც, ვის გამოც იქ მისვლა არ მინდოდა, მაგრამ, საბოლოოდ, შვიდწლედი წარმატებით დავამთავრე“, - იხსენებს ლაშა.
შვიდწლედის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ხალხური სიმღერით დაინტერესდა და ანსამბლ „მართვეს“ სტუდიაში დაიწყო სიმღერა. „მართვეს“ ანსამბლში რამდენიმე წლის განმავლობაში მღეროდა, თუმცა მუსიკის სიყვარული „ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში“ დაიბადა, სადაც დღემდე მოღვაწეობს. 
„ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში“ საგუნდო-სადირიჟორო პროფესიას ვეუფლებოდი. რომეო გიორგაძე გუნდს მასწავლიდა, ლია ჭონიშვილი კი, დირიჟორობას. ამ ადამიანებმა შემაყვარეს საგუნდო მუსიკა. გუნდის ჟღერადობა ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან „მართვეში“ წლები ვმღეროდი, უბრალოდ ხალხური ჟღერადობა აკადემიურით შეიცვალა. ამ დროს უკვე ძალიან კარგად ვიცოდი ცხოვრებაში რა მინდოდა, სად უნდა მეპოვა ჩემი თავი.“
საკუთარი თავის აღმოსაჩენად ლაშამ სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებაზე ჩააბარა. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ იმავე მიმართულებით მაგისტრატურაზე გააგრძელა სწავლა. სწავლის პარალელურად მუსიკალურ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა „თსუ სტუდენტური კაპელას“ შექმნის იდეაც. გადაწყვეტილება თვითონ ლაშასთვისაც სწრაფი და მოულოდნელი იყო, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ხშირად, დაუგეგმავად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დიდი წარმატება მოგიტანოს, ცხადია თუ დიდ შრომასა და ძალისხმევას ჩადებ ამ საქმეში. ლაშას კი გუნდის წევრებთან ერთად ძალისხმევა ნამდვილად არ დაუშურებია, რომ „თსუ სტუდენტური კაპელა“ იმ საფეხურზე ყოფილიყო, სადაც დღეს არის. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
„როდესაც დირიჟორი ხარ, რა თქმა უნდა, გუნდის შექმნის იდეა ყოველთვის არის. მაგრამ ამ იდეის განხორციელება ძალიან მოულოდნელად მოხდა. ჩემი მასწავლებლისგან გავიგე, რომ კონკურსი იმართებოდა, მე კი მოსამზადებლად მხოლოდ ერთი თვე მქონდა. გამახსენდა, რომ თსუ-ში სამ გოგონას ვიცნობდი, კარგად მღეროდნენ, დავუკავშირდი, მათაც სურვილი გამოთქვეს, დამეხმარნენ. ერთ კვირაში 14 გოგო შეიკრიბა. ბევრი ვიმუშავეთ და ამ კონკურსზე ოქროს მედალი ავიღეთ. აქედან დაიწყო ჩვენი გუნდის განვითარება. დღეს კაპელაში 60 წევრია. 2 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპის საერთაშორისო კონკურსზე გრანპრს ავიღებდით, მაგრამ 2 წლის შემდეგ გრანპრი ავიღეთ. წინასწარ საუბარი არ მინდა, თუმცა „თსუ სტუდენტური კაპელას“ განვითარება გრძელდება.“
„თსუ სტუდენტურ კაპელასთან“ ერთად გუნდის ქორმაისტერიც აგრძელებს განვითარებას. რამდენიმე სამსახურში ერთდროულად, დაუღალავად მუშაობს. „ევგენი მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში“ უმცროსკლასელთა გუნდს ასწავლის, მღერის საქართველოს სახელმწიფო კაპელაში და კონსერვატორიის საოპერო მუსიკის გუნდში. „თსუ სტუდენტურ კაპელას“ სამსახურს არ ეძახის. როგორც აღნიშნავს კაპელა მისთვის ყველაფერია და ბოლოს არის სამსახური. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად გართობისთვისაც ახერხებს ცოტა დროის გამონახვას. მუსიკალური ცხოვრების გარდა თევზაობით და ფეხბურთით არის გატაცებული. რომ არა მუსიკა, დარწმუნებულია, რომ პროფესიონალი მეთევზე იქნებოდა. 
„თევზაობა ძალიან მიყვარს. საქართველოს მეთევზეთა ფედერაციაშიც ვარ გაწევრიანებული და ხშირად ვთევზაობ, გარდა ამისა ფეხბურთს ვთამაშობ ხშირად. მაინტერესებს თეოლოგია. თუმცა, ჩემი თავი მუსიკის გარეშე მხოლოდ მეთევზედ წარმომიდგენია. მაგრამ მაინც არ მგონია, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.“
არც მუსიკალურ ცხოვრებაში თვლის ჯერ საკუთარ თავს წარმატებულად. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ასაკში უკვე ბევრისთვის აქვს მიღწეული, ფიქრობს, რომ დამწყებია და ძალიან ბევრი რამ აქვს სასწავლი. როდის იტყვის, რომ საკუთარ საქმეში უკვე შემდგარი და პროფესიონალია, ჯერ არ იცის. სამაგიეროდ დარწმუნებულია, რომ სწორი გზა აირჩია და საკუთარი გადაწყვეტილება არასდროს არცერთი წამით არ უნანია. არც მაშინ, როდესაც მუსიკალურ სფეროში დაბალი ანაზღაურების გამო ერთდროულად რამდენიმე სამსახურში უწევს მუშაობა. 
„დარწმუნებული ვარ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ჩემთვის წარმატების საიდუმლო ჩემი საქმის სიყვარულში და იმ ადამიანებშია, ვინც ცხოვრებაში შემხვდნენ. ეს წარმატება კი ასაკთან ერთად მოდის თუ ეძებ და აუცილებლად უნდა ეძებო,“ - ასე ასრულებს საუბარს „თსუ სტუდენტური კაპელას“ ქორმაისტერი ლაშა მიროტაძე.


სხვა სტატიები »