ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი თსუ საკითხავი გალერეა

თსუ კაპელა – ახალგაზრდა ენთუზიასტთა ისტორია

თსუ კაპელა – ახალგაზრდა ენთუზიასტთა ისტორია
4 ივნისი, 2018
ვინც 20 მაისს „ღამით მუზეუმში“ აქციას შეუერთდა და თსუ-ში მოვიდა, (სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიციების დასათვალიერებლად), თსუ კაპელას შესრულებითაც ისიამოვნებდა. კომპოზიციების „ქუთაისური სერენადა“, „შემოდგომა“ და „სით დაუნ, სერვანთ“ მოსმენის შემდეგ კი არ შეიძლება იმ საოცარი ენერგიით არ დამუხტულიყავით, რაც კაპელას თითოეული წევრისა და დირიჟორისგან მოდიოდა. 

თსუ კაპელამ წელს, 12 მაისს საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების კონკურსში ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. კაპელას დაჯილდოვების ცერემონიალი და გალა-კონცერტი 1 ივნისს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. ამ ღონისძიებისთვის ახლა კაპელა განსაკუთრებული მონდომებით ემზადება. ცნობისათვის, კაპელა კიდევ რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებულია: საუკეთესო აკაპელა შესრულება, ჟიურის სიმპათია და კონკურსის საუკეთესო ქორმაისტერი. 

კაპელას ქორმაისტერი და სულისჩამდგემელი 25 წლის ლაშა მიროტაძეა. მისი განმარტებით, კაპელა თავიდან, სულ რაღაც ოთხი წლის წინ, გოგონათა გუნდის სახით ჩამოყალიბდა. საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებასა და ხელმძღვანელობაზე იგი ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლისას დაფიქრდა. „როდესაც საგუნდო და სადირიჟირო განყოფლებაზე სწავლობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი დასრულებისას ქორმაისტერი უნდა გამოხვიდე და შესაბამისად გუნდს უნდა უდირიჟორო. გუნდის გარეშე დირიჟორისთვის ყოფნა ძალიან ძნელია. კარგი მუსიკალური მონაცემების რამდენიმე გოგონას ვიცნობდი, რომლებიც თსუ-ში სწავლობდნენ. ჩემი იდეით დავუკავშირდი. მათ, თავის მხრივ, ნაცნობებს გადაურეკეს და შესაბამისად სადღაც 15 გოგონა მოგროვდა. ორ კვირაში კი ჩვენ უკვე საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც მაშინ პირველად ჩატარდა. მაშინაც პირველი ადგილი დავიკავეთ, ოღონდ გოგონათა გუნდის სტატუსით“, – ამბობს ლაშა.

დღეისათვის, კაპელას შემადგენლობაში 60 თსუ სტუდენტია, როგორც გოგონები ისე ბიჭები. აქედან 50-52 ძირითად შემადგენლობაში, დანარჩენები კი ჯერ სწავლებისა და ხმის დამუშავების ეტაპზე არიან. ლაშას თქმით, მათთან გუნდში მოსახვედრად დიდი ბარიერი არ არსებობს, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მეშვეობით უკავშირდებიან. გუნდის წევრობის კანდიდატებს ლაშა ხვდება. ქორმაისტერი კანდიდატების მუსიკალური გამოცდილებით და, რაც მთავარია, იმით ინტერესდება, თუ როგორი მუსიკალური მონაცემები და სმენა აქვთ. როგორც თავად აღნიშნავს, იმის გამო რომ ქართველებს მუსიკალურობა გენში აქვთ, დღემდე თითქმის არავინ დაუწუნია. 

გუნდის რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია, ქართული სიმღერების გარდა, ევროპული, აფრიკული სიმღერები და გოსპელები (საგალობლები).როგორც ლაშა მიროტაძე ამბობს, მათი მთავარი ამოცანა ისაა, რომ ყველანაირი სირთულის სიმღერის შესრულება შესძლონ. საამისოდ ისინი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სხვენში გადიან რეპეტიციებს. გასულ წელს გუნდი გასტროლებზე აზერბაიჯანში იყო, სადაც საკმაოდ პრესტიჟულ ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და მოწონებაც დაიმსახურა. თავიდან კაპელამ, როგორც აღვნიშნეთ, გოგონათა გუნდის სახით დაიწყო არსებობა. მოგვიანებით მათ ვაჟები დაემატნენ. ლაშას განმარტებით, საამისოდ ძალიან უბრალო მიზეზი არსებობს. „მხოლოდ ქალთა ხმები, ყველა თავისი ღირსების მიუხედავად, იმას ნიშნავს, რომ მხატვარი 5 ძირითადი ფერით შემოიფარგლოს, შერეული გუნდი კი იგივეა, რომ მხატვარმა ნახატის შესრულებისას, დაახლოებით 30 ტონალობა გამოიყენოს. როგორც ქალის ხმა ვერ ჩაანაცვლებს ბანს, ისე კაცის ხმა ქალისას“. უახლოეს პერიოდში გუნდი თსუ-ში სოლო კონცერტის გამართვას გეგმავს და მუსიკის მოყვარულებს სიამოვნებით ეპატიჟება.

სხვა სტატიები »