ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ფესტივალის „დებიუტი“ ჯილდო საუკეთესო ქალისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის

ფესტივალის „დებიუტი“ ჯილდო საუკეთესო ქალისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის
27 ნოემბერი, 2017
სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალის „დებიუტი“ საუკეთესო ქალისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო თსუ დასის მსახიობებს ქეთევან ოქუაშვილსა და გიგი ქადაგიშვილს გადაეცათ. საერთაშორისო ფესტივალის  საუკეთესო თეატრალური ანსამბლის პრიზი მიიღო ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტურმა დასმა. გრანპრის მფლობელი ელგავას სტუდენტური თეატრი გახდა.

4 დღის განმავლობაში ფესტივალში მონაწილე სტუდენტურმა თეატრალურმა დასებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სცენაზე სპექტაკლები წარმოადგინეს.

გიგი ქადაგიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტი, მე-4 კურსი: „თეატრალური ფესტივალები და ზოგადად თეატრი ჩემთვის უფრო მეტად ურთიერთობაა, ვიდრე კონკურსი. როგორც ჟიურიმ გადაწყვიტა, მე გავხდი მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ის თბილი გარემო იყო, რომელიც ფესტივალის განმავლობაში იგრძნობოდა, რისთვისაც მადლობა როგორც ორგანიზატორებს, ასევე ბათუმის უნივერსიტეტის დასს „თეატრონს“.

„სხვენი“ გამოირჩევა საკუთარი ხელწერით და ჰყავს თავისი მაყურებელი.ხშირად ვმონაწილეობთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთაც. ჩვენი რეჟისორი, ბატონი გოგი ყოველთვის ცდილობს სცენაზე შექმნას საინტერესო სამყარო და უნივერსიტეტის გარეთ წარმატებებიც დიდწილად მისი დამსახურებაა. ბავშობიდან მინდოდა თეატრალური ხელოვნების სწავლა, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, თუმცა პირველივე წელს მივედი თეატრში ქასთინგზე და გავხდი „სხვენის“ მსახიობი“.

ქეთევან ოქუაშვილის თქმით, არცერთ ჯილდო არაა მხოლოდ იმ ადამიანის, რომელიც იღებს, ჯილდო მისთვის აღიარებაა იმ შრომისა, რომელიც მთელმა დასმა ერთობლივად ჩადო. „მას შემდეგ რაც არსებობს თსუ ,,სხვენი“ თეატრმა მდიდარი წარსული დააგროვა, მონაწილეობას ვიღებდით როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებში, თუნდაც გერმანიაში, ავსტრიაში, რიგაში და ა.შ. არცერთი ფესტივალიდან დასი ხელცარიელი, პრიზის გარეშე არ დაბრუნებულა, რაც ძირითადად დასის ხელმძღვანელის დაუზარებელი შრომისა და ენთუზიაზმით სავსე დასის წევრების დამსახურებაა.

,,სხვენის“ სკოლა დღეს უკვე ბევრმა წარმატებულმა ადამიანმა გაიარა, რომელთაგან ნაწილმა ხელოვნებაშიც დაიმკვიდრა თავი, ნაწილისთვის კი იყო ზრდისა და განვითარებისთვის შეუცვლელი ეტაპი, სადაც გარდა მაყურებელთან ურთიერთობისა და სიმპათიის უნარის გამომუშავებისა, სწავლობდნენ თუ რას ნიშნავს იყო შეკრული გუნდი, განიცადო პარტნიორი, მხარი დაუჭირო მას ნებისმიერ მომენტში და ერთიანი ძალებით შექმნათ რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე დამოუკიდებლად გააკეთებდი.

ფესტივალის ფარგლებში, გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა, ასევე უმნიშვნელოვანესია დასებს შორის კომუნიკაცია. ბათუმში წელს პირველად ჩატარდა სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი – ,,დებიუტი“, სადაც გარდა ქართული დასებისა, მონაწილეობას იღებდნენ ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლებიც, მათი „უსაინტერესოვესი“ ნამუშევრებით. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი პირველად ჩაატარეს ბატონი როინ დვალისა და გიორგი ფირცხალაშვილის ინიციატივით, უნდა აღინიშნოს, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდა უკვე ,,გამოცდილ“ ფესტივალებს.

მსგავსი ტიპის კონკურსში გამარჯვება ბუნებრივია, პირველ რიგში, სტიმულია უფრო მეტი გავაკეთო ჩემთვის უსაყვარლეს სფეროში ზრდისა და განვითარებისათვის, მეორე რიგში კი აღიარებაა იმ შრომისა, რომელიც მთელმა დასმა ერთად ჩავდეთ და მუდამ აღვნიშნავ, რომ არცერთ ჯილდო არაა მხოლოდ იმ ადამიანის, რომელიც იღებს. ყველაფერი მთელი გუნდის და ჩვენთვის ხელშემწყობი ადამიანების დამსახურებაა, პირველ რიგში კი ჩვენი არაჩვეულებრივი დასის ხელმძღვანელის ბატონი გიორგი გომურაშვილის. წელს ჩვენს მაყურებელს ელოდება მეტად საინტერესო თეატრალური კვირეული თსუ ,,სხვენის“ იუბილეს აღსანიშნავად. მადლობას ვუხდი ჩემს ხელმძღვანელს და თსუ-ს რომ გვეხმარებიან და გვაძლევენ ასეთი გამოცდილების მიღების ბედნიერებას“, – ამბობს ქეთევანი.

სხვა სტატიები »