ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„ნაწერები რჩება" – თსუ-ში წიგნის მაღაზია SCRIPTA MANENT გაიხსნება

„ნაწერები რჩება" – თსუ-ში წიგნის მაღაზია SCRIPTA MANENT გაიხსნება
25 მაისი, 2015
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია სიამოვნებით უმასპინძლებს ყველას, ვინც ნაწერებთან და ადამიანებთან მეგობრობს, ვისაც სჯერა, რომ ყველაზე საინტერესო წიგნები ჯერ არ წაუკითხავს და ვინც მზადაა, ჩვენთან ერთად იაროს უკვე დაწერილ და ჯერ დაუწერელ სიტყვებს შორის“ - ასეთი ტექსტით ეპატიჟება ყველა მსურველს ფეისბუკის გვერდიდან თსუ წიგნის მაღაზია SCRIPTA MANENT. მაღაზიის სახელი ლათინურიდან ასე ითარგმნება: „ნაწერები რჩება“. მაღაზია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ივნისში გაიხსნება. დაინტერესებულ პირებს აქ საშუალება ექნებათ შეიძინონ თსუ გამომცემლობის წიგნები, რომლებშიც ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენა შეიძლება.
მაღაზიის კიდევ ერთი ფილიალის გახსნა კი უკვე მაღლივ კორპუსში, შემოდგომისთვის იგეგმება.

მაღაზიათა ქსელის ხელმძღვანელის, თათია მთვარელიძის განმარტებით, მაღაზია მთლიანად სტუდენტებზე იქნება ორიენტირებული. ეს, პირველ რიგში, სუტუდენტებისთვის კომფორტული და საინტერესო გარემოს შექმნას გულისხმობს, გარდა ამისა კი - მაქსიმალურად შეღავათიან ფასებს თსუ გამომცემლობის სხვადასხვა სახის წიგნებზე, სახელმძღვანელოებსა და მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებზე. მაღაზიის ძირითადი პროდუქცია საწყის ეტაპზე სწორედ თსუ გამომცემლობის მიერ გამოცემული, ამ დროსითვის არსებული წიგნები იქნება. შემდგომ ეტაპზე კი, მაღაზიის ასორტიმენტს უნივერსიტეტის სიმბოლოკიანი სხვადასხვა სახის სუვენირებიც დაემატება.

მოეწყობა სპეციალური ფასდაკლებების დღეები როგორც თსუ, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის. კიდევ უფრო ექსკლუზიური ფასდაკლებები და შეღავათები წიგნის მაღაზიის მეგობართა კლუბის „სკრიპტორიუმის“ წევრებს ექნებათ. კლუბში გაწევრიანებას ყველა სასწავლებლის სტუდენტი შეძლებს, თსუ სტუდენტებისთვის კი გაწევრიანება უფასო იქნება. სკრიპტორიუმის წევრებისთვის სხვა აქტივობებთან ერთად, მოეწყობა სალონური შეხვედრები უკვე ცნობილ მწერლებსა და პუბლიცისტებთან, ასევე თსუ იმ სტუდენტებთან, რომელებმაც ლიტერატურულ ასპარეზზე დამკვიდრება გადაწყვიტეს და თავისი შემოქმედების საზოგადოებითვის გაცნობის სურვილი აქვთ.

სხვათა შორის, ამ სტუდენტებს თავისი ნაწარმოების დატოვება მაღაზიაში სპეციალურად განთავსებულ კიდობანში შეუძლიათ, რომელსაც თათია მთავრელიძემ უკვე სახელიც მოუფიქრა _ „თესაურუსი“ (ბერძნ. „საგანძური“).
წიგნების მაღაზია უახლოეს მომავალში ელექტრონული ჟურნალის გამოცემასაც გეგმავს. მისი პირველი ნომერი „თესაურუსში“ შეგროვილი, იმ სტუდენტური ნაწერებით დაკომპლექტდება, რომელსაც კომპეტენტური სარედაქციო საბჭო შეარჩევს.

მაღაზიაში, რომელიც თავისი მუშაობის სტილით უფრო ლიტერატურულ კლუბს მიაგავს, სისტემატურად მოეწყობა გამომცემლობის ახალი წიგნების პრეზენტაციები. როგორც თათია მთავრელიძე იმედოვნებს, მომავალში, ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს სპეციალურად შექმნილი ვებ-პორტალის მეშვეობით მისთვის სასურველი წიგნის ონლინ შეკვეთა და გამოწერაც შეეძლება.

აქედანვე ჩანს, რომ წიგნების მაღაზიაში მისვლა სტუდენტისთვის ნამდვილად სახალისო უნდა იყოს, ვინაიდან, როგორც მისი კოორდინატორი გეგმავს, აქ მომავალში ბევრი საინტერესო აქცია და ღონისძიება გაიმართება. ერთ-ერთი მათგანი „ცარიელი თაროების“ აქციაა. მსურველს შეუძლია მოიტანიოს სასურველი წიგნი და თავისი შეხედულებისამებრ, დატოვოს იგი 20-ზე მეტი სექციიდან ნებისმიერში. ეს სექციები ცნობილი იტალიელი მწერლის, იტალო კალვინოს ჩამონათვალის მიხედვით არის დაყოფილი. რამდენიმე სექცია კი ასეთია: „წიგნები, რომლებსაც წლებია უშედეგოდ ეძებ“, „წიგნები იმ საკითხზე, რომელზედაც ახლა მუშაობ“, „წიგნები, რომელთა გადადებაც შეგიძლია ამ ზაფხულისთვის“, „წიგნები, რომელებიც დიდი ხნის წინ წაიკითხე და ახლა მათი ხელახლა წაკითხვის დროა“, „წიგნები, რომლებსაც აუცილებლად ითხოვებდი ვინმესგან“ და კიდევ ბევრი სხვა.

სხვა სტატიები »