ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ კალათბურთელები ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებენ

თსუ კალათბურთელები ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებენ
27 იანვარი, 2015
სტუდენტური საკალათბურთო ლიგის ჯგუფური ეტაპი თსუ-ის გუნდმა 2014 წლის დეკემბრის ბოლოს წარმატებით დაასრულა (ექვსიდან ექვსი მოგება), ბოლო შეხვედრაში თსუ-მ აგრარული უნივერსიტეტი დაამარცხა ანგარიშით 93-58 და ამ გამარჯვებით A ჯგუ-ფის ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.

კალათბურთი თსუ-სთვის ტრადიციული სპორტია. 1924 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კალათბურთელთა 12   გუნდი ჰყავდა, მაშინ საუკეთესონი ერთ ძლიერ გუნდში გაერთიანდნენ და 1925 წელს თბილისის ჩემპიონები გახდნენ. ორი სეზონის შემდეგ კი უნივერსიტეტმა საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, უნივერსიტეტის ღირსებას იცავდნენ ლევან ფალავანდიშვილი, ვახტანგ ციციშვილი, ვახტანგ და რობერტ მდივნები, განსაკუთრებული წვლილი ჩვენი კალათბურთის განვითარებაში 40-50-იანი წლების სპორტსმენებს მიუძღვით. უნივერსიტეტი ბრწყინავდა, როდესაც აქ სასწავლებლად ლეგენდარული ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე მოვიდნენ.

1944 წელს უნივერსიტეტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგის, შალვა დიასამიძის ინიციატივით შეიქმნა ქალ-კალათბურთელთა გუნდი, რომელმაც მომდევნო ატწლეულებში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. 1998 წლიდან ქალთა გუნდი წამყვანი იყო მთელ საქართველოში, 2010 წლამდე ზედიზედ მოიპოვა საქართველოს თასი და ჩემპიონობა, ამ პერიოდში გუნდს წვრთნიდნენ ელდარ კაპანაძე და იანა ავსაჯანიშვილი.

უკანასკნელ წლებში თსუ-ს ვაჟთა საკალათბურთო გუნდმაც წარმატებულად იასპარეზა საქართველოს სუპერლიგის ჩემპიონატზე:
2009-2010 წწ. სეზონი - ვერცხლის მედალი, 2010-2011 წ. სეზონი - ვერცხლის მედალი, ასევე 2010-2011 წწ. სეზონზე თსუ-ს გუნდი გახდა ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებული. 2012-2013 წწ. სეზონისათვის მხოლოდ ვაჟ კალათბურთელთა გუნდი შედგა, მათ პირველ აგვისტოს დაიწყეს მზადება და სეზონის დასაწყისისთვის, ოქტომბერში, თსუ უძლიერესი გუნდით წარსდგა გულშემატკივრის წინაშე.

სხვა სტატიები »