ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს მთები - თსუ სტუდენტების ფოტოობიექტივში

საქართველოს მთები - თსუ სტუდენტების ფოტოობიექტივში
23 დეკემბერი, 2014
8 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტში თსუ ალპური კლუბის ფოტოგამოფენა გაიმართა.  გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ალპინიადის მონაწილე სტუდენტი მთამსვლელების და ინსტრუქტორების მიერ გადაღებული სურათები. ერთი კვირის განმავლობაში ექსპოზიცია ყოველდღე იცვლებოდა. სულ 150-მდე ფოტო გამოიფინა, რომელზეც სტუდენტების მიერ დალაშქრული მწვერვალები, ექსპედიციებია ასახული.

გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბი 1989 წელს დაფუძნდა. იგი შეიქმნა თსუ ალპსექციის ბაზაზე, რომელიც ამ ტიპის პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია იყო, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტ-საბჭოურ სივრცეში.

ალპსექციის დაარსებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1923 წლიდან ჩაეყარა საფუძველი. მყინვარწვერზე განხორციელებულ პირველ ასვლებში ძირითადად თსუ–ის თანამშრომლები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.

უნივერსიტეტის ალპინისტური სექციის ბაზაზე 1959 წელს მოეწყო პირველი ქართული ექსპედიცია ტიან–შანზე, რომელსაც ალექსი ივანიშვილის ხელმძღვანელობდა. ექპედიციის შემადგენლობაში იყვნენ ჯუმბერ მეძმარიაშვილი, ლევან და ზურაბ ახვლედიანები, გიორგი აბაშიძე, დიმიტრი დანგაძე, შოთა მირიანაშვილი, სულიკო ხაბეიშვილი, რევაზ რევაზ ხაზარაძე და სხვა. მათ აირჩიეს ისეთი მარშრუტი, რომელიც მანამდე გავლილ ყველა მარშრუტს სჯობდა. ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა მიაკვლია მწვერვალს, რომელსაც სახელად „ვაჟა-ფშაველა“ უწოდეს. ასეთი  ექსპედიციების  ამსახველი უნიკალური ფოტომასალა გააჩნია შოთა მირიანაშვილს, სადაც არაერთი ქართველი მეცნიერის ალპინისტური წარმატებაა აღბეჭდილი. 

1989 წლიდან თსუ–ის ალპინისტური სექცია – „თსუ გ. ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბი“ არის ქართველ მთამსვლელთა კადრების მომზადების უმთავრესი კერა საქართველოში. ქართველ ალპინისტთა 75 % თსუ-ის აღზრდილია. აქ, გამოჩენილ მთამსვლელთა მთელი პლეადა აღიზარდა: სიმონ ჯაფარიძე, ოთარ გიგინეიშვილი, სარგის ცაიშვილი, რევაზ ხაზარაძე, ჯუმბერ მეძმარიაშვილი, შოთა მირიანაშვილი, ომარ ბერაძე, ვანო გულედანი, გია თორთლაძე და სხვა. მათი უმრავლესობა, გარდა წარმატებული მთამსვლელობისა, აქტიურ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა და დღესაც ეწევა.  ქართველ ალპინისტებს უდიდესი მიღწევები ჰქონდათ. ტრადიციული სტუდენტური ალპინიადა უნივერსიტეტში 1936 წლიდან იმართება.

პირველ ალპინიადას ხელმძღვანელობდა ცნობილი ალპინისტი და მეცნიერი, პროფესორი დავით წერეთელი. მასობრივმა ასვლებმა კავკასიონის მწვერვალზე განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო თსუ-ში  ნიკო კეცხოველის რექტორობის დროს. დროის სხვადასხვა პერიოდში ალპინისტურ სექციას ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები და მთამსვლელები გიორგი ნიკოლაძე, ნიკო კეცხოველი, ოთარ გიგინეიშვილი, ლევან მარუაშვილი, დავით წერეთელი, სარგის ცაიშვილი, თორნიკე ტატიშვილი და სხვა. 2001 წლიდან დღემდე თსუ-ში ალპინიადას   შოთა მირიანაშვილი ხელმძღვანელობს. ბატონი შოთა პროფესიით ფიზიკოსია, წარმატებული მთამსვლელობის პარალელურად ეწევა აქტიურ მეცნიერულ მუშაობას. თავისი მოღვაწეობის  მანძილზე მას 15000 ათასი სტუდენტი ჰყავს სხვადასხვა მწვერვალზე აყვანილი და, მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ  დასასრული არ არის. თსუ-ში ტრადიციული სტუდენტური ალპინეადა წელიწადში ორჯერ იმართება – ზაფხულში და შემოდგომაზე.

ალპინიადაში მონაწილეობის  მსურველი ძალიან ბევრია. განსაკუთრებულ ყურადღებას პირველკურსელები იჩენენ. ჯგუფები მინიმუმ 300 კაციანია. სტუდენტები დიდი მონდომებით „იპყრობენ“ მწვერვალებს და  გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების სახელებს არქმევენ. მასობრივი ალპინიადები, რომლებშიც უამრავი სტუდენტი მონაწილეობს, საქართველოს თითქმის ყველა მაღალმთიან რეგიონში ეწყობა, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა მიერ საკუთარი ქვეყნის უკეთ გაცნობას და ამ ალპინიადის მიზანიც პირველ რიგში ეს არის.

სხვა სტატიები »