ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"შემოდგომის ლეგენდა" 2014

"შემოდგომის ლეგენდა" 2014
25 ნოემბერი, 2014
ჩემოდანში მოთავსებული დიქტოფონი, ბილეთები კულტურულ ღონისძიებაზე, აბები, გასაღები და წყლის პისტოლეტი. იმის "გასარკვევად"  თუ რა საერთო ისტორია აკავშირებდა ჟიურის მიერ შერჩეულ ამ რამდენიმე საგანს, "შემოდგომის ლეგენდის" მეორე ტურში გასულ 10 სტუდენტს 12 საათი ჰქონდა.

სტუდენტური ლიტერტურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა", რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტია, წელს მეექვსედ ჩატარდა. 25-26 ოქტომბერს მისი მასპინძელი ილიას მთაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრი გახლდათ. წელს ჟიურის წევრები იყვნენ: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, ბასა ჯანიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე ლევან გიგინეიშვილი და "ლეგენდის" შარშანდელი გამარჯვებული ბექა ადამაშვილი.

იმპროვიზაციული ტურის შემდეგ ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა და ყვარელშივე გამართულ დაჯილდოების საღამოზე დაასახელა. საუკეთესო ნაშრომი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტის ქეთევან მეფარიძის აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები - ნინო მოდებაძე და თამთა ქამუშაძე გახდნენ. გამარჯვებულებს უნივერსიტეტისგან  1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზი და კომპანია "ჯეოსელის" საჩუქრები გადაეცათ.

„ეს იყო ყველაზე საინტერესო კონკურსი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ასეთ საგანგებო რეჟიმში არასდროს ვყოფილვარ. ძალზე სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერ გავიდოდი, მაგრამ ჟიურის წევრებმა ისეთი რეკვიზიტები მოგვცეს, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ბევრი რამის დაწერა. ტექსტი ძალიან ბევრჯერ გადავათეთრე, შევცვალე, წავიკითხე. ბოლოს მეგონა, რომ საერთოდ არც ღირდა ჩაბარება, მაგრამ მაინც გავბედე და მივიტანე. ბედნიერი ვარ, რომ ამ შესაძლებლობაზე უარი არ ვთქვი", - აღნიშნა კონკურსის გამარჯვებულმა ქეთევან მეფარიძემ. მანამდე ქეთი თავის გატაცებას სერიოზულად არ მიიჩნევდა,  წლევანდელი კონკურსის შემდეგ კი დარწმუნდა, რომ ბევრი უნდა იმუშაოს და წერას ხელი სერიოზულად მოჰკიდოს.

„ამ კონკურსში ჟიურის წევრად ყოფნის სტიმული ჩემთვის ახალგაზრდების უკეთესად გაცნობა იყო. იმის გაგება, თუ რას და, რაც მთავარია, როგორ წერენ, რა თემები აწუხებთ. თანამედროვე ლიტერატურა ბევრი ფორმის და ბევრი ახალი იდეის ნაზავია, ამდენად საინტერესოა,  როგორ  ითვისებენ იმ მასალას, რომელსაც კითხულობენ. როგორ ხდება ამ თემების ტრანსფორმაცია მათ ნაწერებში. ჩემთვის ერთი-ორი მონაწილის ტექსტი გამოვყავი და ვფიქრობ, რომ თუ ისინი სწორედ და ბეჯითად მოეკიდებიან ამ საქმეს, შეიძლება ქართულ ლიტერატურას საინტერესო ნაწერები შემატონ", - განაცხადა მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა, რომელიც ამ კონკურსის ჯიურის წევრი წელს პირველად იყო. მისი თქმით, კონკურსის მონაწილეებთან საუბრისას, თუ მათი ნაწერების კითხვისას, დარწმუნდა, რომ ისინი მართლაც ბევრს კითხულობენ.

"ძალზე ცოტა ლიტერატურული კონკურსი თუ დაიკვეხნის მსგავსი ხანგრძლივი ისტორიით. დასაფასებელია ის სტაბილურობა, ერთგულება, რისი გარანტიც თსუ და „ჯეოსელია". ამ ექვსმა წელმა განაპირობა ის, რომ  „შემოდგომის ლეგენდას" უკვე საკუთარი ტრადიციები და ინოვაციური მიდგომები აქვს. საქართველოში, რატომღაც, მიღებულია, რომ ჟიური დუმს. ან მისი წევრები გასაიდუმლოებულია. კონკურსი დასრულდება და არაფერს ამბობენ საკუთარ დამოკიდებულებაზე, შიდა სამზარეულოზე. ვფიქრობ, ეს არასწორია. „შემოდგომის ლეგენდას" ყველაზე გახსნილი ჟიური ჰყავს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ბავშვებთან. წელს მასტერკლასების მერეც შევაფასეთ ნაწარმოებები, თბილისში დავბრუნდით და კვლავ ერთად ვმუშაობთ ტექსტებზე." -განაცხადა ჟიურის წევრმა მაკა ლდოკონენმა.

წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს ჟიურის წევრებმაც კი არ იცოდნენ ბოლომდე ნაწარმოების ავტორთა ვინაობა. თუმცა, ზოგიერთის "ამოცნობა" მაინც მოხერხდა.  ერთ-ერთი  ანი ლაზვიაშვილია, რომელიც ამ კონკურსში მესამედ მონაწილეობს. "ანის განსხვავებული ხელწერა აქვს, წელს ვერ მოხვდა გამარჯვებულებში, თუმცა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი იყო", - ამბობს მაკა.

თეონა დოლენჯაშვილის შეფასებით, |წლევენდელი ნაკადი ერთ-ერთი საუკეთესო  იყო. საინტერესო იყო ასევე თემაც, რომელსაც მონაწილეებმა, ძირითადად, წარმატებით გაართვეს თავი და რამდენიმე საინტერესო ნაშრომიც მივიღეთ. გარდა იმისა, რომ ყოველ კონკურსზე ახალი სახეები ჩნდებიან და ყოველ წელს აღმოჩენებს ვაკეთებთ, არიან ადამიანები, რომლებიც მოყვებიან ლეგენდას და სისტემატურად ხვდებიან იმპროვიზაციულ ტურში. შემდეგ ეს ადამიანები თანამედროვე პროზის წარმომადგენლებად ყალიბდებიან და უკვე თავის წიგნებსაც კი გამოსცემენ. კარგია დინამიკაში იმის დაკვირვება, თუ როგორ იზრდებიან ლეგენდიდან ლეგენდამდე, როგორ ხდება მათი ტექსტი თანდათან უფრო დახვეწილი და საინტერესო."

საკუთარი აღმოჩენები, უკვე ჟიურის წევრებში, წელს თავად კონკურსანტებსაც ჰქონდათ. კონკურსში ჟიურის წევრის სტატუსით მონაწილე წინა წლის ფინალისტი ბექა ადამაშვილი, რამდენიმე ნაცნობმა "ხელახლა გაიცნო". ამას ბექას მიერ საკუთარი წიგნის - "ბესტსელერის" ერთდროულად მხიარულმა და შემცნებითმა პრეზენტაციამაც შეუწყო ხელი. 

წელს "შემოდგომის ლეგენდის" მონაწილეებს ჟიურის წევრთა  მიერ ჩატარებული მასტერ-კლასების მოსმენის საშუალებაც ჰქონდათ. ზოგიერთმა კონკურსანტმა ამ რჩევებით წერის დროსაც ისარგებლა. მაგალითად ბასა ჯანიკაშვილის რჩევით - აქცენტი თხრობისას ამბავზე გაეკეთებინათ და არა საკუთარ განცდებსა და ემოციებზე.

მეორე ადგილის მფლობელი, თსუ სტუდენტი ნინო მოდებაძე, წლევანდელ "ლეგენდაში" წინა წლის შეცდომების გამოსასწორებლად მონაწილეობდა და შედეგით კმაყოფილი დარჩა. მესამე ადგილზე გასული თამათა ქამუშაძე კი ხუმრობს, რომ გასული წლისგან განსხვავებით "გაჭირვებული ქამუშაძე" აღარ არის.
წელს კონკურსში თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 20 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც ჩაერთნენ. პირველ ტურში მონაწილება 268 კონკურსანტმა მიიღო. კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერმა ჟურნალმა "ლიბერალმა"  გამარჯვებული ავტორის ნაშრომი - "კუნძული კოენე" გამოაქვეყნა.

„კონკურსის მიზანია მივაწოდოთ ახალი თაობა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. ვცდილობთ წლიდან წლამდე განვავითაროთ კონკურსი, შემოვიტანოთ სიახლეები და ინოვაციური მიდგომები. წელს ჩატარებულმა რამდენიმე ლიტერატურულმა სემინარმა ხელი შეუწყო მწერლობის და ლიტერატურული ტექნიკის უკეთ გააზრებას. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაქტიურდეთ და მომავალი წლიდან მეტი ლექცია და სემინარი შევთავაზოთ ფინალისტებს", - აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერმა ნინო კალანდიამ.

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველს კიდევ ერთი შანსი  "ჯეოსელმა" მისცა. მათ, "ლეგენდის" იმპროვიზაციული ტურის პარალელურად, მიმდინარე ონლაინ მარათონში შეეძლოთ ჩართვა. კომპანია "ჯეოსელის" წარმომადგენლის თაკო როდონაიას თქმით, წელს მარათონში 400 მონაწილე დაფიქსირდა. გამარჯვებულს, თსუ სტუდენტ თინათინ მანიას კი „ჯეოსელისგან" სპეციალური პრიზი გადაეცა.

სხვა სტატიები »