ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სტუდენტური კონკურსი “მისია 2014”

სტუდენტური კონკურსი “მისია 2014”
12 ივლისი, 2014
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - „მისია 2014“ ფინალი და დაჯილდოების საღამო გაიმართა. წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გუნდი "Death star"-ი გახდა, რომელსაც ფულადი პრემია 2500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილი გუნდმა "ემისია" დაიკავა და 1500 ლარით დაჯილდოვდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი "TSU energy"-ის ერგო, რომელმაც საპრიზო ფონდიდან 1000 ლარი მიიღო. პროექტის 2014 წლის პარტნიორი ქართული კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ იყო.

გამარჯვებულები 6 ფინალისტ გუნდს შორის შეირჩა, რომელთაც ჟიურის წინაშე კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს ორ ბრენდზე - „სანტისიმო“ და „სანტინო“ შექმნილი პრეზენტაციებით წარდგა.

„კომპანია სანტეს პროექტზე ერთი თვის განმავლობაში ვმუშაობდით და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება, ჩვენი იდეები ნელ-ნელა დამუშავებულ და გაწერილ პროექტად იქცა და ბედნიერი ვარ, რომ წარმატება მოგვიტანა“, - აღნიშნა გამარჯვებული გუნდის ლიდერმა ანა ყიასაშვილმა.
თსუ რექტორ ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სტუდენტური კონკურსი „მისია“ წარმატებული პროექტია, რადგან სტუდენტების მხრიდან დაინტერესება დიდი აღმოჩნდა. რაც მთავარია, პარტნიორი კომპანიები ხედავენ, რომ ამ პროექტიდან მათ საინტერესო იდეების წაღება შეუძლიათ.“

თსუ-ს სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან. 2014 წელს კონკურსის თანაორგანიზატორი კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტებია“, რომელმაც კონკურსისთვის საპრიზო ფონდი 5000 ლარი დააწესა.

„მსგავსი პროექტების განხორციელება ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდებს აქვთ შანსი თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ამასთან, გამარჯვებული პროექტის ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ რეალურად განახორციელონ თავიანთი პროექტები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. მეორეს მხრივ, ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლის აზრი და გვაინტერესებდა როგორ ხედავდნენ, რას გვირჩევდნენ ახალგაზრდები, ძალიან ბევრი ახალი იდეით და ემოციით დატვირთულები ვართ და ვფიქრობთ, ამიტომაც არის ეს პროექტი ასეთი საინტერესო“, - განაცხადა „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ერეკლე გამყრელიძემ.

ფინალში გასულ ყველა მონაწილეს კონკურსის სერტიფიკატები და ორგანიზატორების სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. უნივერსიტეტის კიდევ ერთმა პარტნიორმა ინტერნეტ მაღაზიამ BE.ge გამარჯვებული გუნდები მეხსიერების ბარათებითა და ფასდაკლების ვაუჩერებით დააჯილდოვა.
კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა. კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები, დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები, გაიმარჯვონ კონკურსში, მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები.

სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 58 გუნდმა მიიღო, შემოსული პროექტებიდან შიდაშესარჩევმა ჟიურიმ 6 საუკეთესო გამოავლინა, ხოლო სამი საუკეთესო გამარჯვებული კონკურსის მთავარმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის შემადგენლობაშიც უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე, „ვენდის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი სოფო ჩოგოვაძე, კომპანია „ჯეოსელის“ მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნიკა გვეცაძე და კონკურსის 2012 წლის გამარჯვებული, პიარ სკოლის კოორდინატორი თეიმურაზ ბაბუციძე შედიოდნენ.

სხვა სტატიები »