ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„თაობა-L“ - ახალი პროექტი სტუდენტებისთვის

„თაობა-L“ - ახალი პროექტი სტუდენტებისთვის
27 მაისი, 2014
5 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებითი კონკურსის „თა-ობა L“-ის გამარჯვებულის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჯილდოს შერჩევა ფინალისტს გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ პრიზებიდან თავისი შეხედულებისამებრ შეეძლო: 1000 ლარი ან წიგნის თარო 100 წიგნით, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ.

რადგან „პალიტრა L“ -ის მიერ საპრიზოდ გამზადებული წიგნების უმეტესობა უკვე შეძენილი ჰქონდა, კონკურსის გამარჯვებულმა, ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტმა ანანო ასპანიძემ თანხა აირჩა. ამ თანხით იგი ახალი წიგნების შეძენას გეგმავს.
კონკურსში მონაწილეობა ანანომ კითხვის სიყვარულის გამო გადაწყვიტა. მხატვრული ლიტერატურის ცოდნით პროექტის კონსულტანტ ლევან ბერძენიშვილზეც მოახდინა შთაბეჭდილება. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართული საზოგადოება ანანო ასპანიძის სახელს მალე გაიგებს.

შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტისათვის 10 მარტს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი მონაწილეები, 4-5 დღის ინტერვალით, პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებზე სცემდნენ პასუხს. საამისოდ მათთვის 10 წიგნი შეირჩა: ფრანსუაზ საგანი - „გიყვართ ბრამსი?“ „სალამი, სევდავ!“, ჰომეროსი - „ოდისეა“, რიუნოსკე აკუტაგავა - „მოთხრობები“, ჯონ სტაინბეკი - „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“, ჩარლზ დიკენსი - „დევიდ კოპერფილდი“, ონორე დე ბალზაკი - „შაგრენის ტყავი“, მიხაილ ბულგაკოვი - „ოსტატი და მარგარიტა“, ჰა-ინრიხ ბიოლი - „კლოუნის თვალთახედვა“, გაბრიელ გარსია მარკესი - „მარტოო-ბის ასი წელიწადი“, ალფრედ დობლინი - „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“.

პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თორნიკე აბაშიძეს და ლაშა ცაბაძეს ეკუთვნით. პროექტი თსუ-მ და გამომცემლობა “პალიტრა L”-მა ერთობლივად გახორციელეს. „თაობა L“-ის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის გაცნობა გახლდათ და იგი მომავალშიც გაგრძელდება. წელს კონკურსში მონაწილეობა სულ სახელმწიფო უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო. გამარჯვებული კი საუკეთესო მაჩვენებლების მქონე ათეულიდან შეირჩა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზები პროექტის ყველა ფინალისტს გადაეცა. სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლენილი ტურის ლიდერიც.

სხვა სტატიები »