ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"მის ელეგანტურობა 2013" თსუ-დან

"მის ელეგანტურობა 2013" თსუ-დან
28 ოქტომბერი, 2013
თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტმა, 20 წლის ანანო ჯიღაურმა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გამართულ სილამაზის კონკურსზე „მის ელიგანტურობის“ სტატუსი დაიმსახურა. ამისათვის მან ბევრი პრიზი და თსუ-ს ადმინისტრაციისგან ფულადი ვაუჩერი მიიღო. თუმცა თვითონ თვლის, რომ „მხოლოდ გარეგნობა ადამიანში არაფერია“. სასიამოვნო ტიტულის მიღების შემდეგაც ცხოვრებას და სწავლას ჩვეულებრივად აგრძელებს და ბედნიერია იმით, რომ ჰყავს ბევრი მეგობარი.

ანანო ჯიღაურმა თბილისში 177-ე სკოლა დაამთავრა და ბავშვობის სურვილის შესასრულებლად სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გააგრძელა.

„თსუ-ში სწავლზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და სხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება არასდროს მიფიქრია. როდესაც ვუყურებდი უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს, საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ მეც ამ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გავხდებოდი. უნივერსიტეტში სწავლა ძალიან მომწონს. თუ სწავლა გინდა, ყველაფერია იმისთვის, რომ ნამდვილად ისწავლო,“ - გვიყვება ანანო ჯიღაური.

ჟურნალისტობაც მისი ბავშვობის ოცნებაა. როგორც ამბობს, სკოლაშივე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. გამოდიოდა სკოლაში გამართულ შიდა სილამაზის კონკურსებზე, იყო კონცერტების და სხვადასხვა ღონისძიებების  წამყვანი და აქედან შეუყვარდა ჟურნალისტის პროფესიაც. დღეს ანანომ ზუსტად იცის, რომ მომავალში მუშაობას კულტურის სფეროში გააგრძელებს.

„პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტს სხვა მონაცემები სჭირდება. მე ეს თვისებები არ მაქვს. პოლიტიკა  არ მაინტერესებს და არასდროს ვერევი. კულტურის სფერო ჩემთან უფრო ახლოსაა. მინდა ტელეჟურნალისტიკაში ვიმოღვაწეო, გავაშუქო შოუ-ბიზნესი, წიგნების გამოცემები და ა.შ.“

ანანო ჯიღაურმა ზუსტად იცის, თუ უნდა რამეს მიაღწიოს, კარგად უნდა ისწავლოს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძირითადად ფოტო-ხელოვნებას უთმობს. „მიყვარს როცა მე თვითონ ვიღებ ფოტოებს და როცა სხვა მიღებს. ადრე დავდიოდი იმიჯცენტრში. ახლა გამოვედი, მაგრამ ფოტოგრაფებთან მაქვს კონტაქტი. სხვადასხვა პროექტებში და სარეკლამო გადაღებებში ვმონაწილეობ“ - ამბობს იგი.

მის ელეგანტურობას, როგორც ყველა თანამედროვე სტუდენტს, კიდევ ერთი  გატაცება აქვს - „ფეისბუქი“, სადაც ორი გვერდი აქვს გახსნილი - ანანო ჯიღაური და “ჩემი ნაკვალევი“, აქვს ბლოგიც - ananojighauri.blogspot.com . სერიოზული მწერლობით ჯერჯერობით არ არის დაკავებული, მაგრამ საკუთარ გამონათქვამებს ინტერნეტის მეშვეობით უზიარებს მეგობრებს და ამისთვის დადებით შეფასებებსაც იმსახურებს.

სხვა სტატიები »