ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

იაპონური მუსიკალური ჯგუფის „ჰანამას“-ის კონცერტი თსუ-ში

იაპონური მუსიკალური ჯგუფის „ჰანამას“-ის კონცერტი თსუ-ში
31 ოქტომბერი, 2013
იაპონური მუსიკალური ჯგუფის „ჰანამას“-ის კონცერტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ტოშიო კაიტანი, თსუ სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტი საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.  

თსუ რექტორის მოადგილის მარინე ჩიტაშვილის განცხადებით, „იაპონური მუსიკის  კონცერტი, რომელიც თავად საელჩომ შემოგვთავაზა, მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის. თსუ-ში არსებობს შორეული აღმოსავლეთის პროგრამა, რომელსაც პროფესორი ნანა გელაშვილი ხელმძღვანელობს. კაბუკის თეატრის შემდეგ საქართველოში იაპონურ კულტურასთან დაკავშირებული ღონისძიება დიდი ხანია არ გამართულა. დღევანდელი შეხვედრა ერთდროულად არის როგორც სასწავლო, ასევე შემეცნებითი და კულტურული ხასიათის, რომელიც ხალხთა შორის და სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგს უწყობს ხელს.“

„იაპონიასა და მის ფარგლებს გარეთ საკმაოდ ცნობილი მუსიკალური ჯგუფი „ჰანამას“ საქართველოში გასტროლებს თსუ-დან იწყებს. 2 და 3 ოქტომბერს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება კონცერტები. იმედი მაქვს, საქართველოს საზოგადოება ინტერესით მოუსმენს იაპონურ მუსიკას,“- აღნიშნა იაპონიის საელჩოს კულტურის ატაშემ ნორიჰიკო ნაკაჯიმამ.

იაპონურ-დასავლური ჯგუფი  „ჰანამას“-ი 2009 წელს ჩამოაყალიბეს ჩიე ჰანავამ (ცუგარუ-შიამისენის შემსრულებელი) და ნაცუმი ოკიმასუმ (მევიოლინე). ჯგუფი აქტიურად  მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ საშემსრულებლო ჟანრში. პოპ-ბგერების და მელოდიების ჰარმონიული შერწყმით, „ჰანამას“-ი ცდილობს გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ახერხებენ მათ ჰარმონიზაციას. 2010 წელს, პირველ ნეო კლასიკურ საერთაშორისო კონკურსზე, „ჰანამას“-მა მოიპოვა წამახალისებელი პრიზი. 2011 წელს ჯგუფმა მიიღო „ზეციური-ხელოვნის“ ჯილდო ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან.

სხვა სტატიები »