ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

„თსუ-გორდელას“ პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია

„თსუ-გორდელას“ პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია
15 ოქტომბერი, 2013
15 ოქტომბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ გოგონათა ანსამბლის „თსუ-გორდელას“ პროექტის „მე მიყვარს და ვემსახურები საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და თსუ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის თანახმად,  „თსუ-გორდელა“  16 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე კონცერტებს გამართავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შვიდ ქალაქში - ახალქალაქში, წალკაში, ნინოწმინდაში, მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და რუსთავში. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საქართველოს საზოგადოებაში სამოქალაქო და კულტურული ინტეგრაცია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თსუ-ს ინიციატივით განხორციელებული ნებისმიერი სამოქალაქო პროექტი, რომელიც ეხება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას სახელმწიფოს სოციალურ სივრცეში. ამ თვალსაზრისით,  ეს პროექტი ზუსტად ამ ჩარჩოში მიმდინარეობს და ქალთა ანსამბლის „თსუ გორდელას“ სახით  ჩვენ ვაგზავნით ემისრებს, რათა სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან  პირველი გზავნილი მივიდეს, რომ ჩვენ ყველას  ერთად შეგვიძლია სიმღერა, მხიარულება; უპირველეს ყოვლისა ჩვენ  ვართ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს ერთი სახლი საქართველო ჰქვია“,- განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მარინე ჩიტაშვილმა.
სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, „სამინისტრო დიდი ხანია მხარს უჭერს პროექტს. ეს არის ჩვენი კულტურის წარმოჩენის ძალიან კარგი საშუალება და იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც ინტეგრაცია უნდა განიცადონ ჩვენს საზოგადოებაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტს, ამერიკის მთავრობასა და რეინტეგრაციის სამინისტროს პროექტის  მხარდაჭერისთვის.“
„რეინტეგრაციის სახითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მხარს უჭერს ამ ინიციატივას.  სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული უმცირესობებისთვის რეგეონებში ამ ახალგაზრდა გოგონების ჩასვლა და მათ მიერ ქართული ფოლკლორის გაცნობა.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ტოლერანტობის გაზრდას და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების დამეგობრებას“,-განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა  თინათინ ღოღელიანმა.
ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს. პროექტის მხარდამჭერები არიან: აშშ მთავრობა, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში.
სხვა სტატიები »