ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ირმა რატიანი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი; 2006 წლიდან Dდღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; ეროვნული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული; შედარებითი ლიტერატურის სწავლებათა ევროპული ქსელის წევრი; საქართველოს შედარებითი ლიტერატურის ასოციაციის პრეზიდენტი; შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის წევრი; ყოველწლიური ლიტერატურულ-თეორიული სამეცნიერო ჟურნალების „სჯანი“ და „ლიტინფო“ მთავარი რედაქტორი; ოცდაათამდე ლოკალური და საერთაშორისო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი; არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილე; 8 წიგნისა და 70-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.  არის კომპარატივისტული ლიტერატურის პროფილის 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. 
მიღებული აქვს “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი”, გრ. კიკნაძის სახელობის პრემია ლიტერატურათმცოდნეობის დარგში, საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ალ. დიუმას ცენტრის პრემია. შოთა რუსთაველის სახელობის სტიპენდია. 

კონცეფცია

ირმა რატიანი კონცეფციას იმ მოტივებზე საუბრით იწყებს, რამაც მას კონკურსში მონაწილეობისკენ უბიძგა. მთავარი მოტივი „უნივერსიტეტელობაა“, თსუ-ს ცხოვრებასა თუ მართვაში მიღებული მონაწილეობის გამოცდილება და გულშემატკივრობის განცდა. კონცეფციას კანდიდატი, როგორც თავად ამბობს, „დაბეჯითებული პოზიციის“ გამოხატვით იწყებს და აცხადებს, რომ რექტორი შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს აკადემიურ საბჭოსთან, როგორც უნივერსიტეტის უმაღლეს მმართველ რგოლთან და ნერგავდეს მის გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად მოქნილი და მისღები ფორმებით. რექტორის მოვალეობაა ემსახუროს უნივერსიტეტს, საუნივერსიტეტო განვითარების იდეას და საქმეს, რისი განხორციელებაც შეუძლებელია ერთპიროვნული გადაწყვეტილებების პირობებში. კონცეფციაში გამოთქმულია პროფესურის აკადემიური თავისუფლების და გრძელვადიანი კონტრაქტების (6 წელი) დადების და მუდმივი პროფესორის პოზიციის იდეის მხარდაჭერა; საუბარია ემერიტუს-პროფესორების დაფინანსების პრინციპის გადახედვასა და გაუმჯობესებაზე; აკადემიური საბჭოს წევრთა საქმიანობის დაფინანსების მნიშვნელობაზე; კონცეფცია ითვალისწინებს - ტრადიციის უწყვეტობისა და თაობათა კავშირის ხელშეწყობას; უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას; არსებული საფაკულტეტო ორგანოების შენარჩუნებას და გაძლიერებას; ფაკულტეტების პროფესორის სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრას ფაკულტეტების შემოსავლების შესაბამისად; შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო სისტემის შემოღებას; სამეცნიერო თარგმანის საუნივერსიტეტო ცენტრის შექმნას; საბატიკოსის ინსტიტუტის გაძლიერებას; სამეცნიერო პრემიების ტრადიციის დანერგვას; უნივერსიტეტის კლინიკური ბაზის შექმნა-განვითარებას. ცალკე თავი აქვს მიძღვნილი სტუდენტების სასწავლო პროცესისა და კარიერის შემდგომი გაგრძელების საკითხებს, საერთაშორისო ურთიერთობებს, ალუმნის ჯგუფის გაძლიერებას, უნივერსიტეტის გამომცემლობის ავტორიტეტის ზრდას; უნივერსიტეტის პოპულარიზაციას; და ბოლოს _ კონცეფციაში ნათქვამია, რომ „უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და მისი გამართული მუშაობა ბევრად არის დამოკიდებული ისეთ „მარტივ“ ჭეშმარიტებებზე, როგორიაა: მოსმენის კულტურა, სწორი რჩევის გაცვლა, გულისხმიერება, თითოეული თანამშრომლის ღირსების დანახვა და აღიარება“. 

პროგრამა - სრული ვერსია