ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ინესა მერაბიშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი. 1996 წლიდან დღემდე თბილისის ბაირონის სკოლის დირექტორი. 1979 წლიდან 2007 წლამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ სადისერტაციო საბჭოს წევრი 2004 წლიდან დღემდე. ბაირონის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. არის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. გახლავთ 100-ზე მეტი პუბლიკაციის, მათ შორის 6 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე. 23 ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტის, პროექტის და პროგრამის მონაწილე. კითხულობდა ლექციებს ნოთინგჰემის საერთაშორისო სკოლაში, დუისბურგის უნივერსიტეტში, ლონდონში ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებაში, ბაირონის ბრიტანულ საზოგადოებაში და ა.შ. არის საერთაშორისო ელჩი (ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტიდან), "2004 წლის ქალი" ნომინაცია ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტიდან.

კონცეფცია 

ინესა მერაბიშვილი კონცეფციას უნივერსიტეტის დღევანდელი დღის კრიტიკული შეფასებით იწყებს. ამბობს, რომ რეფორმამ ბევრი ზიანი მოუტანა უნივერსიტეტს: „თუ სტუდენტი დღეს რეფორმირებულია, მას გვერდით უდგას გააბიტურიენტებული პროფესურა“ _ აღნიშნულია კონცეფციაში. აქვე ნათქვამია, რომ კანდიდატი, რექტორად არჩევის შემთხვევაში, გაითვალისწინებს გია დვალის კონცეფციაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს. ინესა მერაბიშვილი ეთანხმება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გ. კვესიტაძის მიერ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოთქმულ მოსაზრებას ერთიანი სამეცნიერო სივრცის შექმნის აუცილებლობის შესახებ და ამბობს, რომ უნივერსიტეტი ამ სივრცის შექმნის ერთ-ერთ პირობად უნდა იქცეს. აქვე აკადემიური პოზიციების დაკავებისა და ზოგადად მენეჯმენტის ბრიტანული გამოცდილებაც მოჰყავს და მას თსუ-ში არსებულს ადარებს. კანდიდატი საუბრობს კათედრების აღდგენისა და სასწავლო-სამეცნიერო კაბინეტების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე, ითხოვს გზების შემუშავებას, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტში დაბრუნდებიან ღირსეული კადრები _ მათ შორის დათხოვილი პროფესურაც, მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. კონცეფციაში მოყვანილია საქართველოს პატრიარქის სიტყვებიც იმის დასადასტურებლად, რომ პედაგოგი განსაკუთრებულ დაფასებას იმსახურებს. ავტორი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია პროფესურის დევნა პოლიტიკური ნიშნით. აქვე აქცენტია გაკეთებულია დოქტორანტთა ხელშეწყობის აუცილებლობაზე, გაჟღერებულია უნივერსიტეტის კამპუსის აღდგენის იდეა, ცალკე თავები აქვს მიძღვნილი თსუ სტუდენტებისა და თსუ მეცნიერებისთვის განსახორციელებელ საქმიანობას. 

პროგრამა - სრული ვერსია