ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ საერთაშორისო ურთიერთობები - მეტი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის

თსუ საერთაშორისო ურთიერთობები - მეტი შესაძლებლობები სტუდენტებისთვის
25 სექტემბერი, 2020

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშუალოდ ყოველ სემესტრში 80-დან 100-მდე სტუდენტი მიდის გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ. ევროპის, აშშ-სა და აზიის წამყვან ქვეყნებში თსუ-ს 200-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს განათლების მიღებისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აქვთ.  

თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი  თეა გერგედავა უნივერსიტეტის მიერ არჩეულ სტრატეგიაზე საუბრობს: 

„ინტერნაციონალიზაცია თსუ-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა; თსუ ათწლეულებია უწყვეტ რეჟიმში ანვითარებს თავის საერთაშორისო კონტაქტებს, რომლის მიზანია მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებისა და სამეცნიერო კავშირების შეთავაზება ჩვენი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. დღეს თსუ-ს 200-ზე მეტი ინსტიტუციური პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, აქვს გაცვლითი პროგრამები ევროპის, აზიისა და აშშ-ს უნივერისტეტებთან, აქვს არაერთი საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, სეზონური სკოლა და სასწავლო კურსი. ყოველივე ეს თსუ-ს სტუდენტურ ცხოვრებას აკადემიურად მრავალფეროვანს ხდის და თსუ-ს პარტნიორებისთვის საინტერესო და სანდო ინსტიტუციად აქცევს.“

თსუ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის საფეხურის მე-3-დან მე-6 სემესტრის ჩათვლით, მაგისტრატურის საფეხურის 1-ლი და მე-2 სემესტრის და დოქტორანტურის საფეხურის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 სემესტრის სტუდენტებს შეუძლიათ.

„უნივერსიტეტს აქვს მრავალფეროვანი საერთაშორისო კავშირები როგორც ევროპისა და ამერიკის, ასევე აზიის არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი თანამშრომლობა ჩინურ და იაპონურ უნივერისტეტებთან, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს სტუდენტებს შევთავაზოთ გაცვლითი პროგრამები ჩინეთში, ხოლო პროფესორებს - ჩინეთსა და იაპონიაში; ასევე, თსუ აქტიურად მონაწილეობს აზიის სამეცნიერო ბანაკში, სადაც ჩვენ სტუდენტებისა და პროფესორებისაგან დაკომპლექტებული გუნდების მივლინებას ვახორციელებთ; ბანაკი იმართება ყოველწლიურად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, სინგაპური, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია.“ -  ამბობს  თეა გერგედავა.

ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, შვედეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, ლიეტუვა, მაკედონია - ეს იმ ევროპულ ქვეყანათა ჩამონათვალია, სადაც თსუ სტუდენტებს სწავლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. სასწავლო მობილობის ხანგრძლივობა სწავლის ერთ საფეხურზე 3 თვიდან 12 თვემდე გრძელდება. 2015-2020 წლებში კი თსუ სტუდენტთა და აკადემიურ პერსონალთა მიერ 1500 მობილობამდე განხორციელდა ევროპის 26 ქვეყანაში. 

გაცვლით პროგრამებში გამარჯვებული სტუდენტების რაოდენობა დამოკიდებულია დაფინანსებული პროექტების რაოდენობაზე. საშუალოდ, ყოველ სემესტრში, საზღვარგარეთ სასწავლად თსუ 80-დან 100-მდე სტუდენტი მიდის. ეს შესაძლებლობა ყველა ფაკულტეტის სტუდენტს აქვს.  

გაცვლითი პროგრამები ასევე გულისხმობს ჩვენს უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების  მიღებას;  შედეგად, თსუ-ში მსოფლიოს 50 ქვეყნიდან უცხოეთის 900 მოქალაქე სწავლობს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015-2020 წლებში Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 300-მდეპროექტი. 2020-2023 წლებისთვის თსუ-ს მონაწილეობით კი მომზადდა 132 ახალი საპროექტო განაცხადი. 

და რა უნდა გავაკეთოთ გაცვლით პროგრამებში ჩასართავად?

თსუ სტუდენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტს (პირველი კორპუსი, ოთახი N121). ინფორმაციის მიღება თსუ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ასევე შესაძლებელია Facebook გვერდზე (Department of Foreign Relations at TSU), ელექტრონულ მისამართზე outgoingmobility@.tsu.ge და თსუ ვებ-გვერდზე, სადაც მოცემულია როგორც ზოგადი ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ, ასევე მიმდინარე კონკურსების პირობები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი დეტალი.

სტუდენტებმა თსუ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიარონ სტიპენდიატების შესარჩევი პროცესი, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისგან: 

1.უცხო ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან/და თსუ ინსტიტუციონალური ენის ტესტირება. აღნიშნული ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ, ყოველი სემესტრის დასაწყისში. ტესტირება ტარდება 8 უცხოურ  ენაში, ესენია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ბერძნული და თურქული;

2.საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება სტუდენტის მიერ;

3.დოკუმენტაციის გაგზავნა შესაბამის ელექტრონულ  მისამართზე/ატვირთვა სპეციალურად შექმნილ სააპლიკაციო პორტალზე mobility.tsu.ge და დოკუმენტაციის შემოწმება საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ;

4.გასაუბრება თსუ შესარჩევ კომისიასთან/კანდიდატთა შერჩევა;

5.კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.






სხვა სტატიები »