ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

სხვაობა და მსგავსება ქართულ და ევროპულ სამართალს შორის

სხვაობა და მსგავსება ქართულ და ევროპულ სამართალს შორის
23 მაისი, 2013
მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის სამართლის ახალგაზრდა კავკასიელი და შუააზიელი მკვლევრებისათვის გათვალისწინებული პროგრამის - „შედარებით-სამართლებრივი კვლევები ევრაზიულ სამართალში“ ფარგლებში, კვლევითი გრანტი თსუ სამმა მეცნიერმა მიიღო.

პროგრამის მონაწილეები ინსტიტუტში ცხრა თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მკვლევრებმა თავისი ქვეყნის სამოქალაქო სამართლის სფეროდან ინდივიდუალურად შერჩეულ თემებზე მოამზადეს შედარებითი კვლევითი ნაშრომები.
პროგრამის ფარგლებში, “ფოლკსვაგენის ფონდის” მხარდაჭერით, სულ ცხრა სტიპენდია გაიცა. პირველმა ჯგუფმა ინსტიტუტში 2010 წლის 14 აპრილიდან დაიწყო მუშაობა, მეორე ჯგუფი მას 2011 წლის 1 იანვარს ეწვია, ხოლო ბოლო, მესამე ჯგუფის კვლევითი პროექტი ამოქმედდა 2011 წლის 1 ოქტომბერს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამივე კვლევით ჯგუფში თითო-თითო მკვლევრით იყო წარმოდგენილი. ესენი გახლდნენ: იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თამარ ზარანდია, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი გიორგი ცერცვაძე,  თსუ-ს სამართლის ბაკალავრი და კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) სამართლის მაგისტრი ქეთევან გიორგიშვილი. პროგრამის მიზანი სტიპენდიანტებისთვის დასავლური, გერმანული სამართლის გაცნობა, საერთაშორისო კავშირების დამყარება და საერთაშორისო დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობების მიცემა იყო. 

სამეცნიერო პროექტის `შედარებით-სამართლებრივი კვლევები ევრაზიულ სამართალში“ ფარგლებში, თამარ ზარანდიასა და მისი გერმანელი კოლეგის, ევგენია კურცინსკი-სინგერის მიერ მომზადდა ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი `გერმანული სანივთო სამართლის რეცეფცია საქართველოში“, რომელიც მაქს-პლანკის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემულ სამეცნიერო  კრებულში გამოქვეყნდება. `ნაშრომში ფართოდ არის გამოყენებული შედარებით-სამართლებრივი მეთოდი. ამ მეთოდის შედეგად მიღებული ინფორმაცია  საკუთარი სამართლის უკეთ გაგებაში გეხმარება, მისთვის გარედან შეხედვის შესაძლებლობას იძლევა. ამ პროცესში კი ბევრი ახალი და საინტერესო იდეა იბადება. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის ანალიზი, თუ როგორ ,,მუშაობს“ ესა თუ ის ნორმა იმ ქვეყნის მართლწესრიგში, საიდანაც მოხდა მისი რეცეფცირება. უნდა ითქვას, რომ სამართლის ნორმა დროის კონკრეტული მომენტით განპირობებული  რეგულირებაა და ხშირად, რეცეფციის შემდეგ, სხვა ქვეყნის მართლწესრიგში იგი სრულიად განსხვავებულ შინაარსს იძენს"-აცხადებს თამარ ზარანდია.
მკვლევრის თქმით, კვლევიდან გამომდინარე გაირკვა, რომ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, ქართულმა სამართალმა  გერმანულისაგან განსხვავებული გზა აირჩია და მისგან, უპირველეს ყოვლისა, რეგულირების ძირითადი სტრუქტურების რეცეფცია მოახდინა. პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვას  კეთილსინდისიერ შემძენთან დაკავშირებულ ნორმებში არსებულ ინტერესთა ბალანსზე. “ერთი რამ ცხადია, ბევრ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ქართული სამართალი აცდა გერმანული სამართლის გზას, ჩვენ კიდევ მოგვიწევს ჩვენი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების ძიება და ამის მცდელობა იყო სწორედ ჩვენი სამეცნიერო კვლევაც. ამ პროექტს და მასში აკადემიური სფეროს წარმომადგენლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სამართალი არის არა მხოლოდ კანონშემოქმედების, არამედ იურიდიული განათლების პროდუქტი,” - თვლის თამარ ზარანდია.

გიორგი ცერცვაძის კვლევა "ქართული საარბიტრაჟო სამართალი პრაქტიკაში", საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების - არბიტრაჟის სამართლებრივ რეგულირებას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხებოდა.
“კვლევა საქართველოში კერძო არბიტრაჟის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას შეეხო. მასში განსაკუთრებით აღინიშნა ის გარემოება, რომ 1997 წლის კანონმა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” უაღრესად ნეგატიური როლი შეასრულა საქართველოში არბიტრაჟის განვითარებაში, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვნად შეაფერხა მისი წინსვლა. არასწორი რეგულირების გამო არბიტრაჟი იქცა თაღლითობისა და საეჭვო გარიგებების აღსრულების საშუალებად, რამაც მისი რეიტინგი, როგორც ბიზნეს წრეებში, ასევე ჩვეულებრივ მოქალაქეებში მნიშვნელოვნად შეამცირა. სიტუაციის გამოსწორება და სწორ კალაპოტში ჩაყენება ვერც სასამართლო პრაქტიკამ შეძლო. ასევე ბუნდოვანი იყო უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების პროცედურა და მისი მარეგულირებელი კანონმდებლობა. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, საქართვლომ მაინც ვერ შეძლო გამხდარიყო მსოფლიო საარბიტრაჟო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი”, - მიიჩნევს  გიორგი ცერცვაძე.

მისი შეფასებით,  2010 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული ახალი კანონი, ძირითადად აკმაყოფილებს არბიტრაჟის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებს და შექმნილია გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის მოდელური კანონის შესაბამისად. კანონის ამოქმედების შემდეგ, სასასამართლო პრაქტიკამ მეტ-ნაკლები წარმატებით შეძლო ახალი რეგულირებების პრაქტიკული რეალიზაცია და სიტუაცია საგრძნობლად გამოსწორდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე არსებითი ხასიათის პრობლემა, რომელიც სამომავლო მუშაობისა და აქტიური მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.
ნაშრომში მსოფლიოს განვითარებულ მართლწესრიგებთან შედარების გზით მოხდა ქართული სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის კრიტიკული გაანალიზება. ცალკე გამოიყო ის პრობლემური საკითხები, რომლებსაც სასამართლო ახალი ნორმების განმარტებისა და გამოყენებისას წააწყდა. დადგინდა ამ ნორმების პრაქტიკული ღირებულება ევროპის რამდენიმე სახელმწიფოსა და აშშ-ში (სადაც არბიტრაჟის განვითარებამ განსაკუთრებით მაღალ საფეხურს მიაღწია) არსებულ მდგომარეობასთან შედარების გზით.
“კვლევის შედეგად გამოკვეთილი და განხილული იქნა ის საკითხები, რომლებიც  ქართულ სამართალში განსხვავებულად რეგულირდება. მოხდა ახალი რეგულირებების დადებითი და უარყოფითი კუთხითა და პრაქტიკული მნიშვნელობის თვალსაზრისით შეფასება. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქართული საარბიტრაჟო სამართლის პრობლემა მდგომარეობს არა მის მარეგულირებელ ნორმებში (ისინი ძირითადად აკმაყოფილებენ საკმაოდ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს), არამედ ამ ნორმების ადეკვატურ გამოყენებაში.  განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც განსაკუთრებით უნდა გაამახვილოს ყურადღება საარბიტრაჟო პრაქტიკამ”, _ აცხადებს გიორგი ცერცვაძე.

ქეთევან გიორგიშვილის კვლევის “ქართული სამომხმარებლო სამართლის თაობაზე” მიზანს ქართულ კანონმდებლობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების და არსებული ხარვეზების ანალიზი წარმოადგენდა. ნაშრომში წარმოდგენილია მსჯელობა გერმანული დოგმატიკისა და ევროპული სამართლით დადგენილი სტანდარტების შედარებით-სამართლებრივი განხილვის მეშვეობით.  
როგორც ავტორი განმარტავს, “მომხმარებელისა და შემთავაზებლის პოზიციებს შორის არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი ასიმეტრია სამართლებრივი ნორმებით უნდა გაწონასწორდეს, რის საფუძველზეც მომხმარებელს ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეეძლება.  ნაშრომში ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებული მომხმარებელთა დაცვის მექანიზმები მათი ფუნდამენტური უფლებების ჭრილშია განხილული. კერძოდ,  მომხმარებლის უფლება უსაფრთხო პროდუქციაზე; მომხმარებლის ეკონომიკური ინტერესის დაცვის უფლება; ზიანის ანაზღაურების უფლება; ინფორმაციის მიღების უფლება და სამართლებრივი დაცვის უფლება.  კვლევის შედეგი მიუთითებს, რომ სამომხმარებლო სამართლის (რომელიც ქართული სამართლებრივი რეალობისათვის ახალი დარგი და სასწავლო დისციპლინაა) სფეროში მოქმედი რეგულირებები ხარვეზიანია და უმეტესად არ შეესაბამება ევროპის კავშირის მიერ შემუშავებული დირექტივებით დადგენილ სტანდარტებს. კრიტიკულადაა განხილული ასევე მწირი სასამართლო პრაქტიკა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით”. 

მაქს პლანკის ინსტიტუტის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება თსუ-ში  საერთაშორისო კონფერენციის სახით გაიმართა. 2012 წლის 18-19 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე - „კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში: ტრანსფორმაცია სამართლებრივი ტრანსპლანტების მეშვეობით“ - მომხსენებლები საქართველოს,  გერმანიის, რუსეთის, თურქმენეთის, ყაზახეთის წარმომადგენელი ახალგაზრდა იურისტები იყვნენ.

სხვა სტატიები »