ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისათვის"

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისათვის"
23 მაისი, 2013
“ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სამართალწარმოება მეტად თავისებური, არაიურიდიული, არაპროფესიონალური ფორმაა, რომელიც დანაშაულისა და სასჯელის თავისებურ გაგებას ემყარება. სამართალწარმოების ამ ფორმაში ერთიანდება ხალხური სიბრძნე, სამართლიანობის განცდა და დემოკრატიზმის პრინციპები, მართლმსაჯულების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობის ფართო შესაძლებლობა. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების განხორციელებაში ყველაზე ძირეული პრინციპების _ სამართლიანობის, კოლეგიალურობის, ხალხური სიბრძნისა და გონიერების – განვითარებას,” _ ასეთ შეფასებას აკეთებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის მნიშვნელობაზე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გურამ ნაჭყებია, რომელიც სამეცნიერო  დირექტორია  პროექტისა “ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისათვის”.

პროექტი `ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისათვის~  ფონდმა „ღია საზოგადოება _ საქართველომ~ დააფინანსა. მისი მიზანი იყო შეესწავლა და ანალიზი გაეკეთებინა საქართველოში 2010 წლის ოქტომბერში ამოქმედებული სახლისთვის _ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისთვის. ამ ინსტიტუტის შემოღება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
პროექტი ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესებზე დასწრებას, მათ მიერ გამოტანილი ვერდიქტის შესწავლას და საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთა შედარებით ანალიზს. გრანტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლებმა – იურიდიულ მეცნიერებათა დიქტორმა    გურამ ნაჭყებიამ (კვლევის სახელწოდებაა „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტი”); სამართლის დოქტორმა მზია ლეკვეიშვილმა (”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საქმიანობა თბილისის საქალაქო სასამართლოში“), სრულმა პროფესორმა  მაია ივანიძემ (`ნაფიც მსაჯულთა დანერგვის, შესწავლისა და ანალიზასათვის“ _ კვლევის მოკლე ანალიზი”); ასოცირებულმა პროფესორმა: მორის შალიკაშვილმა (”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტისადმი საზოგადოების დამოკიდებულება და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საზოგადოებრივი მნიშვნელობა”); სამართლის დოქტორებმა  ნინო გოგნიაშვილმა და გიორგი  თუმანიშვილმა (`ნაფიცი მსაჯულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში~).
`საქართველოში გამართული სასამართლო პროცესები, მართალია, საკმარისი არ არის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო სხდომების  ანალიზისთვის, მაგრამ შესაძლებლობას იძლევა  დასკვნისთვის, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა საქართველოს რეალობაში გაამართლა. ამავე პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულისათვის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გამოტანილი განაჩენები. აღნიშნული გადაწყვეტილებები სასჯელის დანიშვნის, მათი სახისა და ზომის მიხედვით, შევადარეთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მონაწილეობით მიღებულ გადაწყვეტილებებს~, _ აღნიშნულია `ნაფიც მსაჯულთა დანერგვის, შესწავლისა და ანალიზასათვის~ _ პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის მოკლე ანალიზში.
პროექტის ფარგლებში, თსუ მეცნიერებმა შეისწავლეს და ანალიზი გაუკეთეს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულ სამ სისხლის სამართლის საქმეს (პირველი საქმის სასამართლო პროცესი დაიწყო 2011 წლის ოქტომბერში, რამდენიმეთვიანი ინტერვალის შემდეგ კი ორი საქმის განხილვაც მოეწყო. ჯერჯერობით ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობით მეტი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა). საქმე ეხებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის შემდეგ სახეებს: მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა, მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მკვლელობა ბინაში შეღწევით.
როგორც კვლევის ანალიზშია აღინიშნული, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილულ სამივე სასამართლო პროცესზე საზოგადოების მხრიდან იყო მაღალი ჩართულობა, ხოლო თავად  ნაფიც მსაჯულებს სასამართლო პროცესებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება ჰქონდათ.
მკვლევრები სასამართლოს დადებით მხარედ თვლიან მოსამართლის მიერ მსაჯულებისათვის მიცემულ განმარტებებს, როგორც მათი უფლებების შესახებ, ასევე იურიდიული ტერმინების ირგვლივ, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები საქმის ყოველ დეტალს ყურადღებით ისმენდნენ და საჭიროების შემთხვევაში, დამაზუსტებელ კითხვებს სვამდნენ.
როგორც ანალიზშია აღნიშნული, პირველივე სასამართლო პროცესიდან განსაკუთრებით გაიზარდა საზოგადოების ინტერესი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ: მეცნიერები, პრაქტიკოსი იურისტები, სტუდენტები და ასევე უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც  სასამართლო პროცესს დადებითად აფასებდნენ.
კვლევაში `ნაფიც მსაჯულთა დანერგვის, შესწავლისა და ანალიზისათვის“ აქცენტია გაკეთებული შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის გარეშეც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე მსჯელობა შეუძლებელია. მეცნიერთა აზრით, შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზაცია სწორედ საქმის ნაფიც მსაჯულთა მიერ განხილვისას მოხდა. შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელზეც ქართული სამართალწარმოება ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების შემდეგ გადავიდა,    მხარეებისათვის აუცილებელია არა მარტო კანონის კარგი ცოდნა,  არამედ პრეზენტაციისა და ორატორობის განსაკუთრებული უნარი. ამ საკითხის  პრაქტიკული მნიშვნელობა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ჩატარებულმა პროცესებმა კარგად გამოააშკარავა. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, პირველივე სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს მხარის კარგ მომზადებას. მათი თქმით, სხდომაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბრალდების მხარის შესავალმა სიტყვამ.
კვლევაში შეფასებულია მსაჯულთა პროფესიონალიზმიც. ის ფაქტი, რომ საქმეზე ვერდიქტის გამოტანა არაპროფესიონალებს უწევთ, მეცნიერთა მხრიდან ხშირად გამხდარა მსჯელობის საგანი. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულმა სასამართლო პროცესებმა აჩვენა, რომ საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდა ნაფიც მსაჯულთა შინაგანი რწმენის და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე. ამის ნათელი დადასტურებაა ვერდიქტის გამოტანისას ნაფიც მსაჯულთა შორის ხმების გაყოფა. იყო შემთხვევა, როდესაც მათ პირველ სამ საათში ერთხმად ვერ მიიღეს გადაწყვეტილება.
 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, რომელიც  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ნულიფიკაციის (აქტის, კანონის ძალადაკარგულად გამოცხადება, ანულირება) საფრთხეს ამცირებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახლი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული  ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. ამასთან, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს სასამართლო სხდომის გახსნისას, გამოსაყენებელი კანონის თაობაზე განმარტებებს აძლევს.  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის დროს დამატებითი განმარტება მიიღონ სხდომის თავჯდომარისაგან კანონის შესახებ, მოწმეთაგან _ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მხარეთაგან-დასკვნითი სიტყვის შესახებ.
მკვლევრები ამბობენ, რომ კანონმდებლობის ეს მუხლები ცხადყოფს, რომ ნულიფიკაციის თავიდან ასაცილებლად ქართველმა კანონმდებელმა მთელი რიგი საკითხები გაითვალისწინა. ეს კი პოზიტიურად აისახა საქართველოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ პროცესებზე. კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ნაფიცი მსაჯულების მხრიდან  საკითხისადმი  გულისხმიერი დამოკიდებულება იგრძნობოდა, ისინი დიდი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ინტერესით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, მათ არაპროფესიონალიზმს არანაირი დაბრკოლება არ შეუქმნია. ამის ნათელი მაგალითია მათ მიერ მიღებული ვერდიქტები.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, რაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვისაც უმნიშვნელოვანესია. მეცნიერთა დასკვნით, ეჭვები, რომელიც არსებობდა ნაფიც მსაჯულთა დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომების ჩატარების შემდეგ გაბათილდა. სს საპროცესო კანონიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც არსობრივად, ასევე შინაარსობრივად ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია. იგი არანაირ იერარქიულ დაქვემდებარებაში არ არის ხელისუფლების არც ერთ შტოსთან, მათ შორის არც სასამართლო ხელისუფლებასთან. ამასთან, მოსამართლე ვალდებულია არ ჩაერიოს ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და ა.შ.
”ამგვარი სახის ბერკეტებმა უზრუნველყო ის გარემოება, რომ მსგავსი სახის ზეგავლენისგან საქართველოში ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე ნაფიცი მსაჯულები სრულიად დამოუკიდებელნი იყვნენ,” _ ასეთია კვლევის დასკვნა.
 რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა დამოუკიდებლობას  მედიისაგან, თსუ მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კანონმდებლებმა ეს საკითხიც დაარეგულირეს  და  აქაც გარკვეული ბერკეტები დაწესდა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე სასამართლოში. მედიის მხრიდან საჭიროა მეტი პროფესიონალიზმი, რომ ყველა ინფორმაცია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მეტი სიფრთხილით და თავშეკავებით მიაწოდოს საზოგადოებას.
კვლევის დასასრულს თსუ მეცნიერებმა გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავეს. კერძოდ:
მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, საჭიროა სასამართლო  პროცესებზე მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენა, სათანადო მომზადება და საკუთარ თავზე მეტი მუშაობა. ეს განსაკუთრებით  დაცვის მხარეს შეეხება;
ასევე საჭიროა მასმედიის მხრიდან მეტი სიფრთხილე და ყურადღება სისხლის სამართლის საქმეების გაშუქებისას და მასზე მსჯელობისას;
ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი ვერდიქტის სამართლიანობამ კიდევ მეტი ადამიანი უნდა დააარწმუნოს სასამართლოს ობიექტურობაში და უნდა გაზარდოს სასამართლო პროცესებში მათი ჩართულობა“. თუ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი, იდეაში, სამართლიანობის გამომხატველია, ხოლო, სასჯელი, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები და ოფიციალური მოსამართლე   (რომელსაც პროცესი მიჰყავს)  ერთობლივად ნიშნავენ, სამართლიანი უნდა იყოს, მაშინ გასაგებია, რომ ნაფიც მსაულთა ვერდიქტი და გამამტყუნებელი განაჩენი სამართლიანობის საფუძველზე ერთიანდებიან “ – ასკვნის ხსენებული პროექტის სამეცნიერო დირექტორი გურამ ნაჭყებია.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ნდობის, სამართალშეგნების და სამართლებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მეცნიერთა პოზიცია ასეთია _ ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნოვაციამ – ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, საქართველოს რეალობაში ნამდვილად მოიკიდა ფეხი. ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარებულმა პროცესებმა საქართველოს საზოგადოება დაარწმუნა ამ ინსტიტუტის საჭიროებაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განაპირობებს მოქალაქეთა ჩართულობას სამართალწარმოებაში, ამ გზით კი მართლმსაჯულება კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გახდა ჩვენი საზოგადოებისათვის.”


სხვა სტატიები »