ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები - ინოვაციური განვითარების უმოკლესი გზა

საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები - ინოვაციური განვითარების უმოკლესი გზა
23 მაისი, 2013
განვითარებულ ქვეყნებში სამთავრობო პოლიტიკის დომინანტი ცოდნის ეკონომიკიდან ინოვაციური ეკონომიკისკენ გადაადგილდა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა „ცოდნის სამკუთხედის“ შემადგენელ მხარეებს შორის (განათლება, სამეცნიერო კვლევები და ინოვაცია-ბიზნესი) ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფა. ცოდნის სამკუთხედის ორი მხარეა განათლება და მეცნიერება, რომელთა ეფექტიან და სინერგიულ კავშირს დიდი როლი ენიჭება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებაში. ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა აზრით, საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში ცოდნის სამკუთხედის მხარეებს შორის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფაა მათი განვითარების სწრაფი ტემპების განმაპირობებელი.

როგორც თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ინეზა გაგნიძე განმარტავს (იგი პარალელულად ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითრებისთვის“ წევრია), დღეს საქართველოს ინოვაციური განვითარების სტრატეგია არ აქვს. არადა, მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ მხოლოდ ცალკეული პროექტების განხორციელებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარება შეუძლებელია. აუცილებელია შემუშავდეს საქართველოს ინოვაციური განვითარების კონცეფცია.
`ჩემი აზრით, საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შექმნის ინიციატორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამ დროს მაინც გადის მეცნიერებასა და განათლებაზე, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ სხვა დანარჩენი სფეროების სწრაფი განვითარება~, _ ამბობს ინეზა გაგნიძე.
საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების შესახებ მოსაზრებებია ჩამოყალიბებული გამოკვლევაში „საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები _ ინოვაციური განვითარების უმოკლესი გზა” (ინეზა გაგნიძესთან ერთად მისი ავტორია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დოქტორანტი ნანა მაისურაძე). ნაშრომის მიზანი, თავად მეცნიერთა აზრით, არის ის, რომ ეთქვათ, როგორ, ვინ და რის საფუძველზე უნდა დაიწყოს ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უმოკლეს ვადაში შექმნის ქვეყნის ეკონომიკის მაღალი ტემპებით განვითარების საფუძველს. ამ კვლევამ საერთაშორისო ასპარეზზე უკვე დაიმსახურა მოწონება. ნაშრომი წარდგენილი იქნა 2012 წლის აპრილში ვენის უნივერსიტეტში (ავსტრია) ჩატარებულ XXI სიმპოზიუმზე „კიბერნეტიკისა და სისტემის კვლევის ევროპული შეხვედრები“, სადაც მონაწილეობდა 160-ზე მეტი მეცნიერი 68 ქვეყნიდან. ქართველი მეცნიერები უკვე მიწვეულნი არიან 2014 წლის სიმპოზიუმზეც. მათი ნაშრომის ვრცელი ვერსია გამოქვეყნდება ახლადდაარსებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „სისტემები“ (წწწ.სყსტემს-ჯოურნალ.ეუ). ამასთან, პროფესორი ინეზა გაგნიძე 2013 წლის იანვარში ვალენსიის უნივერსიტეტში (ესპანეთი) ევროპელი სისტემისტების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზეც წარდგება მოხსენებით, რაც ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა კიდევ ერთი გამარჯვებაა საერთაშორისო ასპარეზზე.
ქართველ მეცნიერთა მხრიდან გამოითქვა ორი ახალი მოსაზრება, რომელთაგან პირველი შეეხებოდა განათლებისა და მეცნიერების მართვის მეტი ეფექტიანობისთვის მრავალდონიანი პოლიტიკის შემუშავებას, ხოლო მეორე იყო, პოლიტიკის თითოეული მიმართულების მიხედვით უკვე არსებული საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების ერთობლივად შესწავლა და შედეგად მიღებული ახალი იდეების ასახვა ახალ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ორმხრივ ეფექტიანია, როგორც განვითარებული, ისე გარადამავალი ქვეყნებისთვის. აღნიშნული მოსაზრებები გაერთიანდა ერთ სისტემაში, რომელიც შემდეგი სახით ჩამოყალიბდა (იხ. სქემა 1).
ინეზა გაგნიძის განმარტებით, ვინაიდან ცოდნის სამკუთხედის ორი მხარე იმართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ქვეყნის ინოვაციური განვითარების პოლიტიკის ინიცირება უნდა დაიწყოს სწორედ ამ სამინისტროდან.
კვლევის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების განვითარების პოლიტიკა უნდა შემუშავდეს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:
განათლება განათლებისთვის (იგულისხმება საქმიანობა საშუალო სკოლების, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგთა მომზადებისა და გადამზადების სისტემის გაუმჯობესებისა და სასწავლო კურიკულუმების დახვეწის მიმართულებით);
განათლება, როგორც ბიზნესი (ვინაიდან სტატისტიკური მონაცემები ადასტურებენ, რომ საქართველოში სასწავლებლად შემოსულ სტუდენტთა რაოდენობა აჭარბებს გასულთა რიცხვს, ეს მიანიშნებს რეგიონში საქართველოს კონკურენციულ უპირატესობაზე, რის გამოც საქმიანობის ეს მიმართულება უნდა იქნეს ხელშეწყობილი);
განათლება _ ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო კვლევებში ჩასართავად (იგულისხმება ერთობლივ სამეცნიერო და საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა გააქტიურების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება);
განათლება ქვეყნის პრიორიტეტულ დარგებში ცოდნის სამკუთხედის შესაქმნელად (განსაკუთრებით უნდა იქნეს აქცენტირებული ღონისძიებები განათლებისა და მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოებლად იმ დარგებში, რაშიც საქართველოს აქვს კონკურენციული უპირატესობა, კერძოდ: მედიცინა; სოფლის მეურნეობა; ტრანსპორტი; ტურიზმი; ასევე თითოეული მათგანის მრავალი ქვემიმართულება).
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ ძლიერ კატალიზატორად სწორედ განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მიგვაჩნია. ამ მიმართულებით კი, თანამედროვე სტანდარტებამდე სწრაფი სვლა სწორედ ეფექტიანი საერთაშორისო კავშირებითაა შესაძლებელი. ასეთი კავშირები საქართველოში უკვე მრავლადაა“, _ აღნიშნავს ინეზა გაგნიძე.
ის, რომ, საქართველოს განათლების სფეროში საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი საერთაშორისო კავშირები აქვს, დადასტურდა ”ფონდი - ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „აღმოსავლეთის პარტნიორობაში მონაწილე არასამთავრობო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომელთა ცოდნის ამაღლება ინოვაციის სფეროში“ ფარგლებში ინეზა გაგნიძის მიერ განხორციელებული გამოკვლევით „აღმოსავლეთის პარტნიორობა, განათლებისა და მეცნიერების როლი ადამიანთა შორის ურთიერთობის გაღრმავებაში“.
აღნიშნული კვლევით დადასტურდა, რომ 2003 წლიდან დღემდე საქართველო ხასიათდება მყარი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირებით, რაც მთლიანად ქვეყნის მასშტაბითაა განფენილი. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო პროექტებში მონაწილე რეგიონული უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების სიმრავლეც, რაც რეგიონებში განათლებისა და სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გაცილებით გაამარტივებს.
ეს პროგრამები და ფონდებია: „ერაზმუს მუნდუსი“, რომელიც თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამაა უმაღლესი განათლების სფეროში და მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ; ტემპუსი - ევროკავშირის პროგრამა, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის ხელშეწყობა და თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში; ხოლო საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები ყველაზე დიდი მასშტაბით, თავს იყრის სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.
„განათლების ცალკეული დონეების მიხედვით თავმოყრილი საერთაშორისო კავშირების მეცნიერული შესწავლა საფუძველს დაუდებს ახალ იდეებს, რომლებიც აისახება ახალ საერთაშორისო პროექტებში. შემდგომში ისინი, უფრო განვითარებული ფორმით კვლავ განხორციელდება საქართველოში, რაც ორმხრივად მომგებიანია, როგორც დონორისთვის, ისე ბენეფიციარისთვის. აღნიშნული მოსაზრებები თანაბრად ეფექტიანია ყველა გარდამავალი ქვეყნისთვის“, - განმარტავს ინეზა გაგნიძე.
ამასთან, მეცნიერი კვლევაში ხაზს უსვამს საქართველოს განსაკუთრებულ როლს სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის და ირწმუნება, რომ საქართველოში განხორციელებული პროექტები შესაძლებელია ადვილად გავრცელდეს და დაინერგოს სხვა რეგიონებშიც, რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინეზა გაგნიძესა და ნანა მაისურაძეს მიაჩნიათ, რომ საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავება განვითარებულ ქვეყნებთან სხვა დასახელებულ დადებით ეფექტებთან ერთად, არის საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისკენ მისასვლელი უმოკლესი გზა.

სხვა სტატიები »