ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში

საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში
22 მაისი, 2013
როგორია ბიზნესის  სოციოკულტურული გარემო საქართველოში? როგორ აისახება საქართველოს სოციოკულტურული თავისებურებები საერთაშორისო საქმიან ურთიერთობებზე? – ამ კითხვებზე პასუხი ძალზე მნიშვნელოვანია პოტენციური ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ან ადგილობრივ მეწარმეებთან ერთობლივი პროექტების  განხორციელება სურთ. სწორედ ამ ინტერესის დაკმაყოფილებაა კვლევის _ `საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში” ერთ-ერთი მთავარი მიზანი. კვლევა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებმა განახორციელეს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის ფინანსური მხარდაჭერით  (პროექტის ავტორი:   ლელა ჯამაგიძე; მეცნიერ-ხელმძღვანელი: ნინო პაპაჩაშვილი;  პროექტის მენეჯერი: შოთა შაბურიშვილი,  მკვლევარი დავით სიხარულიძე).

თსუ მეცნიერთა განცხადებით, კვლევა ძირითადად გირტ ჰოფსტედეს მეთოდს ეფუძნება.  გირტ ჰოფსტედე გახლავთ მეცნიერი, რომელსაც სოციოკულტურული ცვლადების ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროზე ზემოქმედების ყველაზე ფართოდ აღიარებული  მეცნიერული გამოკვლევა ეკუთვნის. ნაშრომი ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ადამიანები ერთგვარი `მენტალური პროგრამის~ მატარებელნი არიან.  ეს `პროგრამა~ მათ ოჯახისგან შეიძინეს და შემდგომ იგი გაძლიერდა სკოლასა და ორგანიზაციაში.  იგი ნაციონალური კულტურის კომპონენტების შემცველია და ერთმანეთისგან განასხვავებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ღირებულებებს.  ჰოფსტედემ საკუთარი კვლევებით შესძლო  ეჩვენებინა, რომ გარკვეული განზომილებების შემუშავებით შეიძლება  განხორციელდეს სხვადასხვა საზოგადოებების ღირებულებათა სისტემატიზაცია, და ეს ღირებულებები საბოლოოდ  ხუთ განზომილებად ჩამოაყალიბა: ძალაუფლებრივი დისტანცია; განუსაზღვრელობის აცილება; ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი; მასკულინურობა/ფემინურობა და მოკლევადიანი/გრძელვადიანი ორიენტაცია. საერთაშორისო ბიზნესის  საკითხების მკვლევართა შორის ჰოფსტედეს მიდგომამ, რომელიც ემყარება კითხვარებზე დაფუძნებულ ინტერვიუების  ბაზას, კრიტიკის მიუხედავად, ყველაზე ფართო აღიარება მოიპოვა.
საქართველოში, 2010 წელს ამ მეთოდით ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 108 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიის 237-მა თანამშრომელმა. ძირითადად ესენი იყვნენ სხვადასხვა სფეროს ( ბანკები, სადაზღვევეო კომპანიები, სამშენებლო, საგამომცემლო, მომსახურების სხვადასხვა სფეროს) წამომადგენელი მსხვილი და საშუალო კომპანიები.  
ცნობილია, რომ ინდივიდუალისტურ საზოგადოებაში ადამიანის დამოუკიდებლობის დონე მაღალია. საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ რესპონდენტთა უმრავლესობისათვის მნიშვნელოვანია  დრო პირადი და ოჯახური ცხოვრებისთვის, სამუშაოს შესრულება, რომელიც უსაფრთხო და საინტერესოა და რომელსაც პატივს სცემენ მეგობრები და ოჯახი (ჰოფსტედეს ცვლადები) . ქართველ მეცნიერთა თქმით, ეს ფასეულებები იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს საზოგადოებაში გამოკვეთილია ინდივიდუალისტური ღირებულებები.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ საქართველოში მაღალია ძალაუფრებრივი დისტანცია. ამ  თვისების გამოსავლენად დასმულ კითხვებში საუბარი იყო  ხელმძღვანელობის მიმართ პატივისცემით მოპყრობასა და სურვილზე, რომ ხელმძღვანელმა დაქვემდებარებულებთან ითანამშრომლოს გადაწყვეტილების მიღებისას. რაც უფრო დიდია ეს ორი სურვილი, მით უფრო დიდია ძალაუფრებრივი დისტანცია საზოგადოებაში.  
ადამიანები სხვადასხვაგვარად ცდილობენ მომავლის განუსაზღვრელობას გაართვან თავი. მთლიანად საზოგადოების ორიენტაციაც შეიძლება გამოიკვეთოს ამ თვალსაზრისით, რაც მრავალმხრივ საინტერესოა. მაგალითად, რამდენად მზად არის საზოგადოება ინოვაციების მისაღებად. წესების დაუცველობა, სტრესისა და დაძაბულობის სიხშირე, ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანი ელემენტებია (ჰოფსტედეს ცვლადები) განუსაზღვრელობის აცილების შეფასებისთვის. კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგების მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა მზად არის განუსაზღვრელობის ასაცილებლად.
ჰოფსტედეს მეთოდის მიხედვით, საზოგადოებებში, რომლებიც მასკულინურობის (მამაკაცური ღირებულებების _ სიმტკიცე და სწრაფვა მატერიალური წარმატებისკენ)   მაღალი დონით გამოირჩევა, მნიშვნელოვანია სამსახურში აღიარების მოპოვება, დაწინაურება და შემოსავალი, ხოლო ფემინურ საზოგადოებაში უფრო ფასეულია მეგობრული ატმოსფეროს არსებობა, სამუშაო გარემო და ურთიერთობები. როგორც კვლევებით გაირკვა, ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია როგორც მასკულინური, ასევე ფემინური ღირებულებები. ამიტომ მკვლევარები თანხმდებიან იმ მოსაზრებაზე, რომ ქართული კულტურა შერეული ტიპის კულტურაა.       
მეცნიერებმა წინააღმდეგობრივი შედეგი მიიღეს საქართველოში ჩატარებული გრძელვადიანი და მოკლევადიანი ორიენტაციის კვლევისასაც. გამოკითხულთა 68,2 პროცენტი თვლის, რომ ტრადიციები ახალ გარემოს უნდა მოვარგოთ, რაც ტიპურია გრძელვადიანი ორიენტაციის კულტურებისთვის, მაგრამ მოსაზრებას, რომ წარსული დროის გმირებს პატივი უნდა მივაგოთ, სრულად ეთანხმება 44, 8 პროცენტი, რაც მოკლევადიან ორიენტაციაზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანია მაღალკონტექსტურობის და დაბალკონტექსტურობის განსაზღვრა. თსუ მეცნიერთა მიერ გამოკითხულთა 56 პროცენტი მხედველობაში იღებს კომუნიკაციის არავერბალურ მხარეს, ხოლო 44 პროცენტისთვის მხოლოდ სიტყვიერი მოსაზრებებია მნიშვნელოვანი. მკვლევართა აზრით, ეს  იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქართული კულტურა მაღალკონტექსტური კულტურისკენ იხრება.
კვლევის `საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში~ მიგნებების საფუძველზე ავტორები შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობენ პოტენციურ ინვესტორებს:
რადგან საქართველოში  მეტი უპირატესობა ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და პირად ინტერესებს ენიჭება, სამუშაოების ორგანიზების, შრომის ანაზღაურების სისტემების განსაზღვრისა და ზოგადად, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავებისას,  გათვალისწინებული უნდა იყოს მომუშავის ინდივიდუალური წვლილი. შესაბამისად, შრომის შედეგების შეფასებისას გამოკვეთილი უნდა იყოს ინდივიდუალური მიღწევები.
მაღალი ძალაუფლებრივი  დისტანციის გამო, სასურველია, მენეჯერმა დაქვემდებარებულს მისცეს ნათელი და არაორაზროვანი მითითებები. მიუხედავად ძალაუფლებრივი დისტანციის მაღალი დონისა, ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვა და განუსაზღვრელობის აცილების დაბალი დონე საქართველოში გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ მეტისმეტად გამოკვეთილი იერარქია და მოუქნელი მართვის სტილი, აქ  არ იქნება მისაღები. მართალია, მომუშავენი ხელმძღვანელის მითითებებს ემორჩილებიან, მაგრამ დასაქმებულებისთვის უჩვეულო არ უნდა იყოს ინიციატივის გამოჩენა და ახალი წინადადების წამოყენება, ამიტომ მენეჯერის მხრიდან ამგვარი ინიციატივების მიმართ სასურველია ღია და მოქნილი დამოკიდებულების გამოვლენა.
განუსაზღვრელობის აცილების დაბალი დონიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ბაზარზე ახალი პროდუქციით შესვლა, წარმატების მომტანი იქნება. მენეჯერმა  თანამშრომლობის მოტივაცია უნდა დაუკავშიროს მასკულინურ ღირებულებებს, ამასთან  უნდა გაითვალისწინოს ფემინური ღირებულებები და სამსახურში ხელი უნდა შეუწყოს  მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.
საქართველოში გამოვლენილი სოციოკულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ საქმიანი მოლაპარაკებების პროცესში, ქართველი პირად მიზნებზე იქნება ორიენტირებული, უპირატესობას მიანიჭებს  მოლაპარაკების ფორმალურ სტილს. მეცნიერთა დასკვნით, საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების განვითარების შემაფერხებელი ყველაზე მკვეთრად გამოკვეთილი სოციოკულტურული ფაქტორი საქართველოში არის ნდობის დაბალი დონე. Aამიტომ, უცხოელ ბიზნეს-სუბიექტებს საქმიანობის თავდაპირველ ეტაპზე ნდობის ჩამოყალიბების მიმართულებით მოუწევთ მუშაობა.  
კვლევის შედეგები ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოცემულია ერთ წიგნად. აღნიშნული კვლევის პარალელურად,  წიგნში მეცნიერებმა  გააანალიზეს საქართველოსა და სხვა გარდამავალი ქვეყნების სოციოკულტურილი თავისებურებების შესახებ არსებული ლიტერატურაც, მათ შორის მსოფლიო ბანკის, UშAID-ისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული კვლევები. ამასთან, ნაშრომში გამოყენებულია ჩღღჩ-ის ყოველწლიური კავკასიის ბარომეტრის, მსოფლიო ღირებულებების კვლევის 2005-2008 წლების ტალღის, GLOBE პროექტის, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის და სხვა ორგანიზაციების მონაცემები.

სხვა სტატიები »