ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

XII საუკუნის ქართული მონეტა - ტოლერანტობის სიმბოლო

XII საუკუნის ქართული მონეტა - ტოლერანტობის სიმბოლო
23 მაისი, 2013
ძველი ქართული მონეტების დიდი ნაწილი დღემდე ინახავს საქართველოს  ისტორიის საიდუმლო დეტალებს, რაც ამჟამადაც კვლევის, შესწავლის და ხშირად, აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ხდება. ზოგიერთ ქართულ მონეტაზე გამოსახული უცხოური ატრიბუტიკა ისტორიკოსთა ერთი ნაწილისთვის ქართულ კულტურაზე გარე ზეგავლენას მიანიშნებს, მეცნიერთა გარკვეული ნაწილისთვის კი ეს დეტალები სხვა, მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი თედო დუნდუა XII საუკუნეში საქართველოში მოჭრილი მონეტების (რაზეც იმ პერიოდში მოღვაწე მეფე გიორგი III სპარსული ტანსაცმლით არის აღბეჭდილი) მაგალითზე ორ ძირითად ვერსიას ავითარებს: პირველი მიანიშნებს ქართველი ერის ტოლერანტობაზე. მეცნიერი ამბობს, რომ უცხოური სიმბოლიკა ტოლერანტული ღირებულებების პროპაგანდის საშუალება იყო და საბოლოოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა - სხვა ეთნოსის წარმომადგენლთა მშვიდობიან თანაცხოვრებას ქართველებთან. მეორე კი _ საერთაშორისო პოლიტიკურ და ფინანსურ კონტექსტთან არის დაკავშირებული.
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე თედო დუნდუამ წარადგინა მოხსენება `მონეტა, როგორც პროპაგანდის საშუალება. გიორგი მესამის ფული~.  
თსუ პროფესორი ქართველ მეფეთა ტოლერანტობის დასამტკიცებლად თავის მოხსენებას არაბი ალ-ფარიკის ცნობით იწყებს: `მე მოწმე გავხდი ამ პრივილეგიებისა, როცა შევედი თბილისში 548 (ახ.წ. 1153) წ. და ვიხილე, როგორ ჩამოვიდა აფხაზთა მეფე დემეტრე, რომლის სამსახურშიც ვიმყოფებოდი, თბილისში და რამდენიმე დღე დაჰყო აქ. იმავე პარასკევს ის მივიდა მთავარ მეჩეთში, დაჯდა ამაღლებულ ადგილზე მოლას პირდაპირ და იქვე დარჩა, ვიდრე მოლამ იქადაგა და ხალხმა ილოცა. მან მოუსმინა `ხუთბას~ თავიდან ბოლომდე. შემდგომ ის გამოვიდა გარეთ და მეჩეთს 200 დინარი უწყალობა~ _ ნათქვამია თხზულებაში.
თედო დუნდუას განმარტებით, არაბი ალ-ფარიკის მიერ აღწერილი მეფე დემეტრე I-ის საქციელი პროპაგანდულია და იგი მიმართული იყო სწორედ იქითკენ, რომ მუსლიმი ქვეშევრდომები უფრო მეტად ერთგულნი ყოფილიყვნენ მეფისა და  ზოგადად საქართველოსი.
თედო დუნდუას ვერსიით, დემეტრე I-ის ძე გიორგი III მუსლიმ ქვეშევრდომებისთვის ტოლერანტობის დამტკიცებას კიდევ უფრო მეტად ცდილობდა და ამის პროპაგანდისთვის კიდევ უფრო მძლავრ საშუალებას, მონეტას იყენებდა.  
გიორგი III-ის მეფობის პერიოდში მოჭრილ მონეტაზე სიუზერენი სპარსულად არის ჩაცმული – ის ფიგურირებს ცრუ სახელოებით და ფართო შარვლით, ზის ფეხმორთხმით _ ესეც სპარსული ექსპრესიონიზმის ძალზედ სიმპტომატური შტრიხია, ხელზე შევარდენით. მმართველის მუსლიმ მბრძანებლად აღქმას ხელს უშლის სამი რამ: 1. ზურგის მხარის არაბული ლეგენდა, სადაც აღნიშნულია, რომ ის მეფეთა მეფე გიორგია, მესიის მახვილი, 2. ქართული ინიციალები შუბლის მხარეზე და 3. საკიდრებიანი საიმპერატორო გვირგვინი _ სტემა.
სქემატური გამოსახულება ნუმიზმატიკურ ძეგლზე ნამდვილად გიორგი III-ს ეკუთვნის. მაგრამ დუნდუას აზრით, იგი `უცნაურად~ არის ჩაცმული, ამით ქართველთა მეფე არც ბაბუას დავით IV-ს და არც შვილიშვილს გიორგი IV ემსგავსება.
მოხსენებაში პროფესორი აცხადებს, რომ არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც გიორგი III-სთვის მიუღებელი იქნებოდა საიმპერატორო სამოსელი. პირიქით, მონეტაზე სპარსულად გამოწყობილ მეფეს თავს სწორედ საიმპერატორო გვირგვინი უმშვენებს. მაშინ რისთვის დასჭირდა გიორგი III-ეს `სპარსული სტილი~, ან რა უნდა გამხდარიყო ამ კონკრეტული მონეტის ნუმიზმატიკური `საფუძველი~?  ამ კითხვის თედო დუნდუასეული პასუხი ასეთია _ შესაძლოა, ასეთი ფულის მოჭრით გიორგი III ცდილობდა პოპულარული გამხდარიყო თბილისში კონცენტრირებულ საკუთარ მუსლიმ ქვეშევრდომებში.
მეცნიერის ვარაუდით, როდესაც ქართველი მეფე ქართულ მონეტაში დებდა არაბულ წარწერას, ამით თბილისელ არაბებს ეუბნებოდა, რომ მე თქვენი მეფეც ვარ. ამის გამო, უცხო ეთნოსი ქართველ გულმოწყალე მეფეს თავისად აღიქვამდა, მის სამსახურში დგებოდა.
მოხსენებაში თედო დუნდუა, საუბრობს მეორე მიზეზზეც:
XII საუკუნეში მთელ აღმოსავლეთში `ვერცხლის კრიზისი~ იყო და მიმოიქცეოდა მხოლოდ სპილენძი. იმისათვის, რომ სპილენძის ფულის ცირკულაციაში არსებული მასა გარკვეულწილად მაინც ზომიერი ყოფილიყო, სპილენძის შეფარდება ვერცხლთან რეალურად ქვემოთ იყო დაწეული. ისტორიკოსები თვლიან, რომ აზიურ ქვეყნებს შორის სპეციალური სამონეტო პაქტიც კი იყო დადებული, რომ სპილენძის ვერცხლთან ხელოვნური შეფარდება ყველგან ერთნაირი ყოფილიყო. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ამ ხელშეკრულებას საქართველოც შეუერთდა. ამიტომ, შესაძლოა, გიორგი III-ის ქრისტიანულ-მუსლიმური ატრიბუტიკა გარკვეული `ჟესტი~ ყოფილიყო ამ პაქტის მიმართ.
თსუ პროფესორის ვარაუდით, თუ ასეთი სინთეზისთვის ნუმიზმატიკური პროტოტიპი იყო საჭირო, იგი უნდა შექმნილიყო მხოლოდ ერთადერთ მხარეში _ ექს-ქრისტიანულ, მუსლიმურ ტერიტორიაზე, რომელსაც ძლიერი საიმპერიო ამბიციები გააჩნდა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა ყოფილიყო რუმის სასულთნო, მუსლიმური სახელმწიფო ბიზანტიურ სისტემაში.
XII ს-ში ბიზანტიურ სისტემაში ჰეგემონობაზე ორი ძალა აცხადებდა პრეტენზიას: კომნენოსები კონსტანტინოპოლიდან და სელჩუკები იკონიიდან. თ. დუნდუას განმარტებით, იმ პერიოდის მონეტებზე არსებული გამოსახულების მიხედვით, ამ უკანასკნელთა საიმპერიო ამბიციები მეტად საინტერესო ტიპის გენეზისის საფუძველი გახდა _ სულთანს ან სტემა უპყრია ხელთ, ან საერთოდ, ბიზანტიურ ყაიდაზე აცვია. კონკრეტული ტიპი ფიქსირდება, თუმცა იშვიათად, მედლებსა და მონეტებზე. ერთ-ერთი ვარიანტის აღწერილობა ასეთია:
ქაიხოსრო I (1192 - 1196 წწ., 1205 - 1211 წწ.). შუბლი _ სულთნის ბიუსტი სტემაში და ლოროსში, მარჯვენა ხელში მას ხმალი უჭირავს, მარცხენაში – კიდევ ერთი სტემა. ზურგი – არაბული ლეგენდა.
მენჯუჯაკიდები მეზობლად მდებარე ერზინჯანიდან იგივეს ჩადიან. ფახრ ალ-დინ ბეჰრამშაჰი (1162 - 1225 წწ.). Æ. ზ. _ 20/24 მმ. წ. _ 4.25 გრ. 1167 წ.
შუბლი _ მმართველი სტემასა და ლოროსში, სკიპტრით და სფეროთი (ან ანექსიკაკიით).  ზურგი – არაბული ლეგენდა.
როგორც თედო დუნდუა აღნიშნავს, მართალია, ზოგი მასალა ოდნავ გვიანდელია გიორგი III-ის ზეობასთან მიმართებაში, მაგრამ ის უნდა ასახავდეს ანატოლიელ სელჩუკთა უფრო ადრეულ ტენდენციებს პოლიტიკასა და სახვით ხელოვნებაში.
აქედან გამომდინარე, ქართველი მეცნიერი ასკვნის, რომ  რუმელ სელჩუკთა სამყაროდან აღებული ზოგადი მონახაზი გიორგი III-მ სპარსული ტანსაცმლით `შეავსო~.  ხოლო გიორგი III-ის სპილენძის მონეტის ტიპოლოგიურ სტრუქტურაში რეალისტურია მხოლოდ სტემა, ქართველ მეფეთა აუცილებელი ატრიბუტი XII - XV სს-ში.
საბოლოო ჯამში, პროფესორი თედო დუნდუა ასკვნის, რომ გიორგი მესამის სპარსული სტილის მონეტის ტიპის მონეტების გამოშვების ისტორიული პრაქტიკა დღესაც შეიძლება გამოვიყენოთ ტოლერანტული მიზნებისთვის.
მეცნიერი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მულტიკულტურის პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, გარდა ქართველებისა, სხვა ეთნოსებიც მრავლად ცხოვრობენ, საჭიროა, დამატებითი პროპაგანდა:
`საქართველო დღესაც და წარსულშიც მრავალეროვანი ქვეყანა იყო. მაშინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ უცხო ეთნოსები, როგორმე საკუთარ ეკონომიკურ სივრცეში ბოლომდე შეეთვისებინა. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქართული მონეტებიც,~ - ამბობს თსუ მეცნიერი, რომელიც ვარაუდობს, რომ ამ მაგალითის გამოყენება და დანერგვა ურიგო არ იქნება აფხაზებთან და ოსებთან დაკავშირებითაც. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ დაბეჭდილიყო ქართული მონეტები ქართული, აფხაზური და ოსური წარწერებით.

სხვა სტატიები »