ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

ქართულ ისტორიულ წყაროებში შენახული კავკასიის ისტორია

ქართულ ისტორიულ წყაროებში შენახული კავკასიის ისტორია
23 მაისი, 2013
აბაზუკი და ბაზუკი აბას ყული ხანი; აბრაამ (აბრაჰამ ალბათანელი); აბულაბაზი; ადამ არეგაწოტელი; ალანები; ამბერდი; ალისულთანი; ამირგუნე-ხანი; ანისი; არარატი; არტავაზი; ბარდოსი; ბარზაბოდი; ბაქო; ბაყათარი; ბირიტი გაგიკი; განძასარის სომეხთა კათალიკოსი; გარნისი; გროზნა; გუასპურაგანი; დავითი (სოსლანი); დავრიშ მაჰმადი; დარიალი; დარუბანდი; დაუდ-ხანი; დაღესტნელები; დვინი; დიდოელები; ერევანი; ეჩმიაძინი; ვარდან მამიკონიანი; თარგამოსი; იარვანდი; იობ ეპისკოპოსი და ა.შ. _ ეს მხოლოდ ნაწილია კავკასიის ისტორიასთან დაკავშირებული გეოგრაფიულ და ისტორიულ პირთა სახელების, რომელიც ქართულმა ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოგვინახა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან მიიღო გრანტი, რომლის მეშვეობით, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოიცა ქართულ-ინგლისური ენციკლოპედიური ლექსიკონი „კავკასია ქართულ წყაროებში (უცხო სახელმწიფოები, ტომები და ისტორიული პირები).“ გრანტი მოიპოვეს პროექტის ავტორებმა და შემსრულებლებმა: გიორგი ოთხმეზურმა, ქეთევან ნადირაძემ (თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი), თამარ ქორიძემ (საქართველოს უნივერსიტეტი), ეკა კვაჭანტირაძემ (კავკასიის ბიზნეს სკოლა).
საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასია უძველესი დროიდან სხვადასხვა ტომებითა და ხალხებით დასახლებული რეგიონია და განსაკუთრებული სიჭრელით გამოირჩევა. ქართული წერილობითი წყაროები ერთ-ერთი ძირითადი ინფორმაციის მატარებელია ჩრდილო და სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოთა, აბორიგენული და მოსული თურქული წარმომავლობის სხვადასხვა ხალხთა, ტომთა თუ ისტორიულ პირთა შესახებ: ალბანეთი, ჩრდ. აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩერქეზეთი, ოსეთი, დაღესტანი, ხაზარები, ყივჩაყები, ჯიქები, ლეკები, ჩეჩენ-ინგუშები და სხვა. ქართულ წყაროებში საინტერესო ინფორმაცია მოიპოვება კავკასიაში მოსახლე ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულების მიმართ, სადაც ბუნებრივია, უპირატესობა მინიჭებული აქვს მათი ურთიერთობის გადმოცემას ქართულ სახელმწიფოსთან.
ამდენად, ქართულ წერილობით წყაროებში, მეზობელი ქვეყნების ირგვლივ არსებული ცნობების მოძიება, შეკრება და წარმოჩენა საშურ საქმეს წარმოადგენს, თუნდაც ამ ქვეყნების წარსულის შესწავლის სრულყოფისათვის. სწორედ ეს სამუშაოა შესრულებული აღნიშნულ ნაშრომში, სადაც მაქსიმალურად არის თავმოყრილი ქართულ წერილობით წყაროებში არსებული მასალა კავკასიის რეგიონის (საქართველოს გარდა) შესახებ. წყაროთა სპექტრი შემდეგია: ნარატიული ძეგლები, საგვარეულო მატიანეები, ისტორიული ქრონიკები, დოკუმენტური წყაროები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა.
ამრიგად, ენციკლოპედიურ ლექსიკონში  “კავკასია ქართულ წყაროებში” თავმოყრილია და სტატიების სახით არის წარმოდგენილი ქართულ შუასაუკონავან წერილობით წყაროებში გაბნეული ინფორმაცია კავკასიის რეგიონში არსებულ (საქართველოს გარდა) სახელმწიფოთა, ტომთა, ისტორიულ პირთა თუ გეოგრაფიულ პუნქტთა შესახებ. წყაროთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავსL V-XVIII სს. ლექსიკონი შეიცავს ქართულ და ინგლისურ ენებზე ანბანურად დალაგებულ 240 სტატიას. სტატიებში ჩართულია განმარტებები და თარიღები სამეცნიერო ლიტერატურიდან, რომლებიც ჩასმულია ფრჩხილებში, რათა გამოირჩეოდეს წყაროს ინფორმაციისგან. ნაშრომის შესრულების დროს თემატიკის ირგვლივ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის ფართო სპექტრია გამოყენებული, ძირითადად ქართული, ნაწილობრივ უცხოური (აზერბაიჯანული, სომხური...) ენციკლოპედიურ ლექსიკონს ერთვის დამატებები: ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, გეოგრაფიულ სახელთა განმარტებები, ბიბლიოგრაფია.
გიორგი ოთხმეზური
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულ-ტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მიმართულებით, მეცნიერებათა დოქტორი.
არის 60-ზე მეტი შრომის და სტატიის ავტორი, აქედან ორი მონოგრაფიის _ ”XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართული ლაპიდარული მწერლობა, როგორც ისტორიული წყარო”;  ”ქართული ფეოდალური საგვარეულოდან _ ამირეჯიბთა საგვარეულო”. ხელმძღვანელობდა  ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტს ”უცხო სახლმწიფოები, ტომები და ისტორიული პირები შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში”.
ამჟამად ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაფინანსებულ გრანტს _ `დმანის-ლორე-ტაშირი-ეპიგრაფიკა~.
საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების თანაავტორი.

სხვა სტატიები »