ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თავისებურებანი

საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თავისებურებანი
23 მაისი, 2013
ადამიანის უკონტროლო ზემოქმედება ბუნებაზე დიდ საფრთხეს უქმნის არა მარტო თვითონ ბუნებას, არამედ ადამიანის არსებობას. მრეწველობის განვითარებამ დადებით ფაქტორებთან ერთად ბევრი ნეგატიური ტენდე­ცია შემოიტანა, რაც დედამიწის გლობალურ დაჭუჭყიანებაში გამოიხატება. ეკოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.  იმის გასარკვევად, თუ რა თავისებურებები შეიმჩნევა საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თვალსაზრისით, თსუ კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების მეცნიერებმა მურმან კვინიკაძემ, ვ. კირაკოსიანმა, დ. პატარიძემ, დ. ყუფარაძემ და ნ. ხუნდაძემ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში 2005-2010 წლებში ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით ”საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თავისებურებანი”.

კვლევის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიის ზოგადი გეოეკოლოგიური მდგომარეობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:  გეოქიმიური, ჰიდროქიმიური და ბიოგეოქიმიური დაჭუჭყიანება ტექნ­გენური ნარჩენებით; ბუნებრივი რადიაციული ფონი და გარემოს ტექნოგენური წარმოშობის რადიაციული დაჭუჭყიანება.
გეოქიმიური, ჰიდროქიმიური და ბიოგეოქიმიური დაჭუჭყიანების ძირითადი ობიექტებია: სამთო-სამ­­რეწველო (ჭიათურა, კვაისა, ტყიბული, ტყვარჩელი, ცანა, მადნეული და სხვა), მე­ტა­ლურგიული (რუსთავი, ზესტაფონი), ნავთობგადამამუშავებელი (ბათუმი) და ნავ­­თობ­ჩამომსხმელი (სუფსა). ასევე ნავთობსადენები (ბაქო-სუფსა და ბაქო-ჯეი­ხა­ნი)  და გაზსადენები (ვლადიკავკაზი-თბილისი-ერევანი, ბაქო-ერზერუმი).
მასალების ანალიზმა აჩვენა, რომ გეო­ქიმიური, ჰიდროქიმიური და ბიოგეოქიმიური დაჭუჭყიანების მხვრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი და ურავის (ამჟამად მიტოვებული) გამამდიდრებელი კომბინატების ტერიტორია. როგორც თსუ მეცნიერები აღნიშნავენ, ამ წარმოებების ფარგლებში დღეისათვისაც აღინიშნება დაჭუჭყიანების მაღალი ინდექსი, რაც ძალიან შემაშფოთებელია. სამაგიეროდ, კვლევისას დადგინდა, რომ ჭიათურის და ზესტაფონის სამთომეტალურგიული წარმოებების ტერიტორიაზე ეკოლოგიური სიტუაცია შედარებით სტაბილურია.
როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც,  ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში ნიადაგების მძიმე და ტოქსიკური ელემენტებით დაჭუჭყიანების პრობლემა დგას. ეს ელემენტები საშიშია არა მარტო ბიოცენოზისათვის, (მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის და ცოცხალი მიკრობებისთვის) არამედ ადამიანისათვისაც.
კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადად, გეოქიმიური დაჭუჭყიანება სამრეწველო ქალაქებისათვის არის დამახასიათებელი, რაც კარგად ჩანს ცხრილში.
როგორც გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების მეცნიერები აღნიშნავენ, ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური შესწავლის საფუძველზე  საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილია წყლის  სამი  ეკოლოგიური სახეობა: კარგად დაცული, სუსტად დაცული და დაუცველი.
პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან დიდი კავკასიონისა და სამხრეთი ფერდის შრეთაშორისი და ნაპრალოვანი წყლები; მეორე ჯგუფში გაერთიანებულია მცირე კავკასიონის კარსტული და ლავური ქა­ნების წყლები; მესამეში კი წარმოდგენილია მთათაშუა დაბლობის წყლები, რომლებიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლ­ნი არიან მეოთხეული ასაკის ფხვიერ ნალექებთან. მეცნიერთა განმარტებით, ვინაიდან ამ ტერიტორიებისათვის დამახასიათებელია განვითარებული სოფ­ლის მეურნეობა, სადაც გამოიყენება სხვადასხვა სახის შხამ-ქიმიკატები, ეს წყლები დაჭუჭყიანებულია ტოქსიკური ელემენტებით.
რაც შეეხება ბაქტერიალურ დაჭუჭყიანებას, ეს დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოს მდი­ნარეებისათვის და შავი ზღვის სანაპიროსათვის. განსაკუთრებით ეს პრო­ცე­სე­ბი აღინიშნება იქ, სადაც  წარმოებებში გამოყენებული გაუწმენდავი წყლები პირდაპირ ჩაედინებიან ზღვაში.
კვლევის მიხედვით, ყურადღებას იმსახურებს შავი ზღვის სანაპირო წყლების ეკოლოგია. საერთაშორისო ინდექსის მიხედვით, საქართველოს აკვატორიაში გამოიყოფა სამი ზონა: ნორმალური, რომლის ინდექსი 0,75-1,25;  დაჭუჭყიანებული 1,25-1,75-მდე; ძლიერ დაჭუჭყიაანებული 1,75-3,0. პირველი ზონა შავი ზღვის ნაპირიდან შორს, ნეიტრალური წყლების სიახლოვეს, ზღვის სიღრმისაკენ ვრცელდება. მეორე ზონა მოიცავს თითქმის მთელი  შავი ზღვის სანაპიროს. მესამე ზონა კი დამახასიათებელია ბათუმისა და ფოთის აკვატორიისათვის, იქ სადაც ინ­ტენსიურია გემების მოძრაობა. თუმცა, როგორც მეცნიერები განმარტავენ, გეოეკოლოგიური წონასწორობის ერთ-ერთ დამრღვევ პროცესად გეოდინამიკური აქტივობაც ჩაითვლება. პირველ რიგში ესენია:  წყალდიდობები, სელური, ზვავური, მეწყრული და სხვა მათი მსგავსი პროცესები.
გეოეკოლოგიას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბუნებრივი რადიაციული ფონიც, რომელიც დაკავშირებულია ურანის (U), რადიუსის (ღა), თორიუმის (თჰ), და კალიუმის (K)  ნუკლიდების არსებობასთან. ამ მიმართულებით ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობენ ბუნებრივი რადიაციული ანომალიები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს შესწავლილი იყო მხოლოდ სამხედრო გამოყენების თვალსაზრისით. ეს ანომალიები ძირითადად განლაგებულია დასახლებული პუნქტების სიახლოვეს. კერძოდ, დაკავშირებულია ძირულის პალეოზოურ გრანიტებთან და შუაიურულ ნახშირიან წყებებთან. თუმცა, როგორც თსუ მეცნიერები აღნიშნავენ, ამ ტერიტორიებზე არსებული რადიაციის ზემოქმეება გარემოზე, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი და ამ მხრივ სამუშაობის ჩატარება აუცილებელია.
კიდევ ერთი პრობლემა _ საქართველოს გარკვეულ ტერიტორიებზე იკვეთება გარემოს ტექნოგენური წარმოშობის რადიაციული დაჭუჭყიანება, რაც  ჩერნობილის აეს-ის აფეთქების შემდეგ (1986 წ.) დაფიქსირდა. 1987-1989 წლებში ჩატარებულმა რადიომეტრულმა გაზომვებმა აჩვენეს, რომ ჩერნობილის აფეთქების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ყვე­ლა­ზე მეტად რადიაციული ნუკლიდებით დაჭუჭყიანდა დასავლეთ საქართველო. შავი ზღვის სანაპიროს ზოგიერთ უბანზე რადიაციულმა დაჭუჭყიანებამ მიაღწია 30-60, ზოგ შემთხვევაში 90-225 მკრ/სთ, მაშინ, როცა დასახელებული ნუკლიდების  ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) შეადგენს 10 მკრ/სთ.
21 წლის შემდეგ  გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ეკოლოგიურმა სამუშაოებმა  დაადასტურეს, რომ ეს ტერიტორია უკვე ნაკლებად დაჭუჭყიანებულია რადიონუკლიდებით, მაგრამ მაინც მოითხოვს სისტემატურ ეკოლოგიურ მონიტორინგს.
”ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი ეკოლოგიური მოვლენების მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე აღინიშნება ეკოლოგიური სტაბილიზაციაც. მაგალითისათვის შეიძლება დასახელდეს ჭიათურისა და ზესტაფონის ეკოლოგიური მდგო­მარეობა. ეს შეიძლება გამოწვეულია ჭიათურის მანგანუმის საბადოებიდან მად­ნების ამოღების შემცირებით, რამაც თავისთავად განაპირობა ზესტაფონის მეტალურგიული ქარხნის ეკოლოგიური სტაბილიზაცია. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფლის მეურნეობისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიური გაუმჯობესება. შხამქიმიკატების მოხმარების შემ­ცირებამ და ორგანულ სასუქებზე გადასვლამ დადებითად იმოქმედა სოფლის მეურნეობის, როგორც მოსავლიანობაზე, ასე­ვე მიღებული პროდუქტების ეკო­ლო­გი­ურ მახასიათებლებზე. საბოლოოდ კი შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტერიტორია წარ­მოადგენს ეკოლოგიურად სტაბილურ არეალს შედარებით ამაღლებული სისუფთავის ინდექსით,” _ აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების გამგე მურმან კვინიკაძე.
სწორედ კვლევის ”საქართველოს ტერიტორიის გეოეკოლოგიური თავისებურებანი” საფუძველზე  გეოეკოლოგიის და გამოყენებითი გეოქიმიის განყოფილების მეცნიერებმა შეადგინეს საქართველოს ტერიტორიის 1:1000000 მასშტაბის გეოეკოლოგიური რუკა, სადაც ასახულია როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური დაჭუჭყიანების დღეისათვის არსებული მდგომარეობა. რუკის შედგენისას გამოყენებული იყო  ა. პერელმანის ლანდშაფტურ-გეოქიმიური კლასიფიკაცია და გეოეკოლოგიური რუკების შედგენისათვის არსებული ინსტრუქციები .
რუკაზე დატა­ნილია მხოლოდ ის გამოვლინებები, რომლებიც შეფასებულია მაღალი ბა­ლე­ბით, რადგან მათ მიერ გამოწვეულია ლანდშაფტის ცვალებადობა.
”რუკაზე აღნიშნული ეკოანომალიური უბნები ატარებენ ლოკალურ ხასიათს, რომლების გაუვნებელყოფა სავსებით შესაძლებელია. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მტკნა­რი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომლებიც ერთ-ერთი შეუფასებელი სიმდიდრეა  რესპუბლიკისთვის. თუ მხედველობაში მივიღებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენი აზრით, საჭიროა გამკაცრდეს წყლების ეკოლოგიურ ნორმატივებზე მოთხოვ­ნე­ბი,” - ამბობს მურმან კვინიკაძე.

სხვა სტატიები »