ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თაობები და ღირებულებები

თაობები და ღირებულებები
23 მაისი, 2013
საქართველოში სხვა ადამიანებისადმი  ნდობა საკმაოდ დაბალია; ახალგაზრდა თაობა გაცილებით რელიგიურია უფროს თაობაზე, ამასთან _ გაცილებით ტოლერანტული არარელიგიური უმცირესობების ჯგუფების მიმართ; ქვეყანაში თვითიდენტიფიკაციის დროს ქრისტიანობას გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე - მოქალაქეობას; უმეტესობისათვის დემოკრატია და მისი ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა პროტესტი, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა - მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენენ. თუმცა, ამასთანავე, ბევრს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი მიზნისთვის სახელმწიფომ, შესაძლოა, კანონიც დაარღვიოს. - ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგებისა, რომელიც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორის ნანა სუმბაძის კვლევის „თაობები და ღირებულებები“ შედეგად გამოვლინდა.
„ინდივიდის ღირებულებები მეტწილად დროით, კულტურით და პიროვნული მახასიათებლებით არის განსაზღვრული. არსებული ღირებულებების კვლევა მნიშვნელო-ვანია, რადგან გვაძლევს ცოდნას კონკრეტულ საზოგადოებაში, კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში თაობების მამოძრავებელი ძალის, თაობებს შორის განსხვავებისა და მსგავსების შესახებ. იგი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ იძლევა საზოგადოების განვითარების შესაძლო ტრაექტორიის, კონკრეტულად საქართველოსათვის კი _ მისი დემოკრატიულად განვითარების განჭვრეტის შესაძლებლობას“. - ასე განმარტავს კვლევის მნიშვნელობას მისი ავტორი.
გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა თაობის ღირებულებების შესწავლა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გამოწვევების იდენტიფიკაცია. პროექტი დააფინანსა ფონდმა „ღია საზოგადოება _ საქართველო“ და განხორციელდა 2011-2012 წლებში.
კვლევაში  ღირებულებების არსებული საზომებიდან შერჩეული იყო ორი:
ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი _ ინდივიდუალისტური კულტურა გულისხმობს ქვეყანაში იმ ინდივიდების დიდ რაოდენობას, ვისი მე - კონცეფცია სტაბილური პიროვნული თვისებებით არის განსაზღვრული და ნაკლებ არის დამოკიდებული სხვებზე. ხოლო კოლექტიური კულტურის წევრთა „მე კონცეფცია“ კი უფრო მეტად როლებითა და ჯგუფებისადმი მიკუთვნებით განისაზღვრება;
მატერიალისტური და პოსტ-მატერიალისტური _ მატერიალისტურ ღირებულებებს ახლავს ეკონომიკის, ბიუროკრატიისა და მეცნიერების განვითარება, ხოლო  პოსტ-მატერიალისტური ღირებულებები ძირითადად დაკავშირებულია დემოკრატიასთან;
ამასთან, კვლევისას გაიზომა ცალკე აღებული ღირებულებები, კერძოდ: რელიგია, ჯანმრთელობა, განათლება, აღზრდასთან დაკავშირებული ღირებულებები. ღირებულებებთან ერთად შეფასდა ის ფაქტორებიც, რომლებსაც ჩვეულებრივ უკავშირებენ ღირებულებებს, მაგალითად: ნდობა სხვების მიმართ, ოპტიმიზმი, ეკონომიკური კეთილდღეობა, ცხოვრებით კმაყოფილება, თვითშეფასება.
კვლევის ფარგლებში  გამოყენებული იყო გამოკითხვის მეთოდი. კერძოდ, სხვადასხვა თაობის ადამიანთა ღირებულებების დასადგენად  გამოკითხვა ჩატარდა _ 2011 წლის 21 ნოემბრიდან 2011 წლის 19 დეკემბრამდე თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში. გამოკითხული იყო სულ 1058 ინდივიდი _ სამი თაობის წარმომადგენლები: 18-24, 40-50 და 60-70 წლის.
გამოკითხვა ჩატარდა კითხვარის მეშვეობით, რომელიც 102 კითხვისაგან შედგებოდა და ეხებოდა ღირებულებებს, რესპონდენტის ეკონომიკურ მდგომარეობას, ურთიერთობებს, დემოკრატიას, თანასწორობას, რელიგიურ ქცევასა და მრწამსებს, პიროვნულ მახასიათებლებსა და მდგომარეობებს.
როგორც “თაობები და ღირებულებების“   ავტორი  პროფესორი ნანა სუმბაძე განმარტავს, სამი თაობის ადამიანებში არსებული ღირებულების აღწერის და მათი ერთმანეთთან შედარების შედეგები  ცალსახად მიუთითებს თაობათა შორის არსებულ განსხვავებაზე:
ახალგაზრდა თაობამ _ (18-25 წლის)  შეგნებული ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში გაატარა, ხოლო მათ მშობლებს  (40-50 წლის ადამიანები) და ბებია და ბაბუების თაობას (60-70 წლის)  კი კომუნისტური წყობის დროს მოუწიათ ჩამოყალიბება. ამიტომ, მშობლების თაობას უფრო მეტად გაუჭირდა ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობასთან მორგება. შესაბამისად, ამ თაობის ღირებულებებიც ნაკლებად შეიცვალა.
როგორც კვლევის ავტორი განმარტავს, თაობათა შორის განსხვავება უფრო ხშირად ხაზოვანია, იზრდება ან მცირდება ასაკთან ერთად, აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა და უფროს თაობებში უკიდურესი შეფასებები აღინიშნება. საშუალო და უფროსი თაობის მაჩვენებლები კი ხშირად უფრო ახლოს არიან ერთამანეთთან, ვიდრე ახალგაზრდა თაობის მაჩვენებლებთან.
ღირებულებების თვალსაზრისით, თაობებს შორის განსხვავება უფრო მეტად არის გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის შემთხვევაში, ვიდრე მატერიალიზმის ან პოსტ-მატერიალიზმისას. როგორც კვლევისას დამტკიცდა, კოლექტივისტურ ორიენტაციას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები უფროსებზე ნაკლებად იზიარებენ. ამასთან ახალგაზრდებში  უფრო დიდია მათი წილი, ვინც შერეულ და პოსტ-მატერიალისტურ ღირებულებს იზიარებს.
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ კოლექტივიზმი აშკარად მატულობს ასაკთან ერთად და თაობებს შორის ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. კოლექტივიზმის მაღალი მაჩვენებელი აქვს 18-24 წლის რესპონდენტების მხოლოდ 32.7 პროცენტს, სამაგიეროდ კოლექტივიზმის დაბალი მაჩვენებლი აქვს 60-70 წლის რესპონდენტების 40.9 პროცენტს.
კვლევამ უჩვენა, რომ სამივე თაობის წარმომადგენელთა უმეტესობისათვის დემოკრატია და მისი ძირითადი მახასიათებლები, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა - მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენენ. გამოკითხულთა 71.1% დემოკრატიას მმართველობის საუკეთესო ფორმად მიიჩნევს. 53.0 პროცენტი კი ფიქრობს, რომ საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი. თაობები თანხმდებიან იმაზეც, რომ აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კანონის წინაშე თანასწორობა 89.5% დემოკრატიის აუცილებელ პირობად მიაჩნია, თუმცა, იქვე, 48.8% ფიქრობს იმასაც, რომ შეიძლება ხელისუფლებამ ზოგჯერ  კანონი დაარღვიოს იმისათვის, რომ დააკავოს კრიმინალი.
სამაგიეროდ, წინა თაობებისგან განსხვავებით, ახალგაზრდა თაობა უფრო მეტ შემწყნარებლობას ამჟღავნებს სხვა ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ. ეს ეხება ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებს, ნარკომანებს, კრიმინალებს და ა.შ. უფროს თაობებზე  მეტად ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ჰომოსექსუალ ქალებსა და კაცებს უნდა ქონდეთ უფლება ისე იცხოვრონ, როგორც ეს მათ სურთ (14.4%). მაგრამ ეს ჰუმანური დამოკიდებულება არ ეხება სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც ახალგაზრდობა ნაკლებად იჩენს შემწყნარებლობას.
ასევე საინტერესოა, რომ არამართებული ქმედებების მიმართ ახალგაზრდები უფრო მეტ შემწყნარებლობას ამჟღავნებენ, ვიდრე უფროსი თაობის ადამიანები. ერთადერთ გამონაკლისს აბორტის გაკეთება წარმოადგენს _ ახალგაზრდების უფრო მცირე ნაწილს მიაჩნია ის გამართლებულად, რაც ახალგაზრდებზე რელიგიის უფრო დიდი ზეგავლენით უნდა იყოს განპირობებული. ამასთან, ყველაზე მიუღებლად ცოლის ცემაა მიჩნეული, მას გამოკითხულთა მხოლოდ 0.5 პროცენტი ამართლებს, შემდეგ ბავშვის ცემა და ჰომოსექსუალიზმი.
როგორც “თაობები და ღირებულებებშია“ აღნიშნული, რელიგია გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდებში, ვიდრე უფროს თაობებში. როგორც ნანა სუმბაძე ვარაუდობს, საბჭოთა კავშირის დაშლამ ღირებულებათა და მრწამსების მკვეთრი გადაფასების აუცილებლობა გამოიწვია. ამ დროს ჩვეულებრივი ხდება ძლიერი და კეთილგანწყობილი ავტორიტეტის ძიება და ასეთი აღმოჩნდა ეკლესია. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეკლესიის ზეგავლენა უფრო დიდი აღმოჩნდა იმ თაობაზე, რომელიც ამ დროს პიროვნული ზრდისა და ფორმირების პროცესში იყო. მეცნიერის აზრით, ამით უნდა აიხსნას ახალგაზრდების უფროს თაობაზე ბევრად უფრო მეტად რელიგიურობა.
ზოგადად, რესპონდენტთა უდიდესი ნაწილისათვის (65.9%) ქრისტიანობა უფრო მეტად წარმოადგენს თვით-იდენტურობის საფუძველს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა (34.1%). აქედან რელიგია ძალზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა რესპონდენტთა 55.3%, საშუალო ასაკის რესპონდენტთა 44.8%-ის და უფროსი ასაკის რესპონდენტთა 41.3%-თვის. თუმცა, რელიგიურ რიტუალებს ასრულებს მხოლოდ  გამოკითხულთა 37.0%.
ნანა სუმბაძე განმარტავს, რომ საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების წევრთა ურთიერთნდობასა და სოლიდარობაზე. სხვა ადამიანებისადმი ზოგად ნდობას დემოკრატიის და საზოგადოებრივი აქტივობის ერთ-ერთ პირობად მიიჩნევენ. თუმცა, ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ნდობა სხვების მიმართ ძალზე დაბალია. გამოკითხულთა მხოლოდ 20.6 პროცენტს მიაჩნია, რომ უმრავლესობა ნდობას იმსახურებს, დანარჩენი 79.4 პროცენტი კი ემხრობა მოსაზრებას, რომ სხვებთან ურთიერთობისას ადამიანს უფრო მეტი სიფრთხილე მართებს.
სხვათა შორის, “თაობები და ღირებულებების“ ფარგლებში ჩატარებული კვლევისას, საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობამ ადამიანურ ღირებულებეს შორის  ყველაზე სასურველ თვისებებად მიიჩნია მეგობრებისადმი ერთგულება, პატივისცემით სარგებლობა,  სხვებისათვის დახმარების გაწევა, ტრადიციებისადმი ერთგულება, საზოგადოებაში მოწონებით სარგებლობა, თავმდაბლობა და ა.შ.
კვლევისას გამოკვეთილ ამ და სხვა ღირებულებების გაანალიზების შემდეგ, ავტორმა შემდეგი შეფასება გააკეთა: `შეიძლება დავასკვნათ, რომ სახეზეა ღირებულების ცვლილების პროცესი ახალგაზრდებში, რაც გამოიხატება კოლექტივისტური ორიენტაციის შემცირებაში და ნაკლები ოდენობით პოსტ-მატერიალისტურ ღირებულებების ზრდაში, რაც ასახავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს. სხვებისადმი ნდობის დაბალი დონე კი, მიმანიშნებელია იმისა, რომ მოსახლეობაში ნაკლები მზაობაა თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. რაც შეეხება ნებაყოფლობითი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობის სიმცირეს, იგი დემოკრატიის განვითარების სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ამავდროულად, მოსახლეობაში განათლების დიდი რესურსის არსებობა, გლობალიზაცია, რომელიც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ზრდის და სოციალური მედიის მეშვეობით ახდენს ზემოქმედებას ადამიანებზე, გარკვეული ოდენობით ახერხებს ეკონომიკური სიდუხჭირის ეფექტის კომპენსაციას და ხელს უწყობს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.”
კვლევის დასასრულს კი რეკომენდაციის სახით ნანა სუმბაძე აღნიშნავს: ”ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელია მოზარდობის პერიოდში მონაწილეობის გამოცდილების  შეძენა. სკოლა თანმიმდევრულად უნდა ახორციელებდეს პოლიტიკას, რომელიც განაპირობებს მოსწავლის საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვას. სასწავლო პროგრამებში ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული ზოგადად სხვების მიმართ ნდობის ამაღლებაზე.”




სხვა სტატიები »