ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო ? - კითხვაზე პასუხს იულიხის კვლევით ცენტრში თსუ მეცნიერები და სტუდენტები საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად ეძებენ

როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო ? -  კითხვაზე პასუხს იულიხის კვლევით ცენტრში თსუ მეცნიერები და სტუდენტები საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად ეძებენ
6 მარტი, 2020
ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენის შემდეგ, სამყაროს წარმოშობის შესახებ კვლევები აქტიურ ფაზაში შევიდა.  
კითხვაზე პასუხს, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი სამყარო? - იულიხის კვლევით ცენტრში თსუ მეცნიერები და სტუდენტები საერთაშორისო მეცნიერებთან ერთად ეძებენ. ამ კვლევებს ნობელის პრემიას წინასწარმეტყველებენ და ისინი უკვე შეაფასეს,როგორც "ახალი ფიზიკის" აღმოჩენის წინაპირობა.
 იმისთვის,რომ შევიტყოთ, თუ რას იკვლევენ იულიხის ცენტრში, უნდა დავბრუნდეთ 14 მილიარდი წლით უკან, დაახლოებით იმ დროს, როდესაც დიდი აფეთქების შედეგად ჩვენი სამყარო წარმოიშვა. ამ მომენტში გამოთავისუფლებულმა ენერგიამ თანაბარი რაოდენობით წარმოშვა ნაწილაკები და ანტინაწილაკები. დროთაგანმავლობაში  ნაწილაკთა წყვილებმა მასის ენერგიად გარდაქმნა (ანიჰილაცია) განიცადა. ამ პროცესის შემდეგ, ყოველი ათი მილიარდი წყვილიდან მხოლოდ ერთი ნაწილაკი გადარჩა.  მატერია კი სწორედ ამ გადარჩენილი ნაწილაკებისგან შედგება. 
"სტანდარტული მოდელი  წარმატებით აღწერს დღეისათვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების ბუნებას და, მათ შორის, მოქმედი ურთიერთქმედებების ხასიათს, მაგრამ ვერ ხსნის სამყაროში არსებულ მატერია-ანტიმატერიის ცხად ასიმეტრიას და, შესაბამისად, ჩვენი არსებობის მიზეზს,"- გვეუბნება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველებო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ლანა რეხვიაშვილი,რომელიც ამჟამად გერმანიაში, იულიხის კვლევით ცენტრში იმყოფება. 
ის ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის,რომლებიც ცენტრის (Forschungszentrum Jülich)ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას. პირველად  იულიხში  2019 წელს მოხვდა, თსუ-დან შერჩეულ რამდენიმე სტუდენტთან ერთად. ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ კი ლანა რეხვიაშვილს  უკვე თავად ცენტრმა  შესთავაზა ექსპერიმენტში ჩართვა  და კვლავ მიიწვია. იულიხში ვიზიტამდე თსუ მე-2 კორპუსში არსებულ SMART|Lab-ში დაიწყო ექსპერიმენტის გაცნობა.
ლანას დღე კვლევით ცენტრში დილის 9 საათზე იწყება.  "პატარა ქალაქში", როგორც ამას თვითონ უწოდებს, ბევრი სხვადასხვა მიმართულების ინსტიტუტია : სამედიცინო ფიზიკის, კლიმატის, პლაზმის, ფიზიკის, ინჟინერიისა და სხვა. ლანა რეხვიაშვილი ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობს. 
***
როგორია თსუ სტუდენტის თვალით დანახული სამყაროს საიდუმლოს ამოხსნის პროცესი,რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება და რას გულისხმობს ელექტრული დიპოლური მომენტის გაზომვის ექსპერიმენტი? - ამის შესახებ ლანა თავად მოგვიყვება. 
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვფლობთ სამყაროს განვითარების სრულ სურათს. მეცნიერების თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე მატერიისა და ანტიმატერიის თანაბარი რაოდენობა უნდა წარმოშობილიყო. შემდგომში მიმდინარეობდა მათი ანიჰილაციის პროცესი და სამყაროს არსებობა დღევანდელი სახით, ცხადია, არასრული ანიჰილაციისა და  მატერიის დარჩენილი ნამეტის შედეგია. პასუხი კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მატერიის ნამეტის წარმოშობა დღეისათვის არ არსებობს,"- გვეუბნება ლანა.
 გვიხსნის,რომ მსოფლიოში სხვადასხვა კვლევა და ექსპერიმენტი ტარდება, რომლებიც დაფუძნებულია ისეთი მოვლენების დაკვირვებაზე და ახალი ეფექტების აღმოჩენაზე, რომლებიც ვერ აიხსნება სტანდარტული მოდელის თეორიით. "ახალი ფიზიკის" შექმნაც სწორედ ამ ექსპერიმენტებით იწყება. მათ შორის ერთ-ერთი ამბიციური მიმართულებაა ელემენტარული ნაწილაკების, ელექტრული დიპოლური მომენტის (ედმ,EDM) ძიება.  
"იმ შემთხვევაში, თუ ელექტრული მომენტის არსებობა დადასტურდება, აღმოვაჩენთ მოვლენას, რომელმაც გამოიწვია სამყაროში მატერიის და ანტიმატერიის ასიმეტრია. ედმ-ის გაზომვის ძირითადი სირთულე დაკავშირებულია მოსალოდნელი ეფექტის სიმცირესთან, რომლის გაზომვა საჭიროებს დღეისათვის არსებული ტექნოლოგიების მნიშვნელოვან სრულყოფას და გაზომვის ისეთი ინოვაციური მეთოდების განვითარებას, როგორიცაა JEDI კოლაბორაციის მიერ შემოთავაზებული - დამაგროვებელი რგოლების გამოყენებაზე დაფუძნებული მეთოდი,"- ამბობს ლანა. 
მისი ჩართულობა ამ ექსპერიმენტში სწორედ ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ლაბორატორიაში დეტექტორთან მუშაობით იწყება. 
"დეტექტორი უშუალოდ გაზომვებში გამოიყენება და სხვადასხვა მოდულიდან ძალიან დიდი სიზუსტით ზომავს ძაბვას. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ)  ელექტრულ ინჟინერიაზე ვსწავლობდი, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო კვლევის ეს ნაწილი. საინტერესოა ასევე ხელმძღვანელთან, დოქტორანტებთან, სხვადასხვა პროფესორთან და  აქ მყოფ პირებთან საუბარი, რომლებსაც შეუძლიათ მოგცენ ბევრი რჩევა ან ფიზიკიასთან დაკავშირებულ ჩემს  უამრავ  კითხვას გასცენ პასუხი. ამ რაოდენობის სხვადასხვა მიმართულების მეცნიერის ერთ სივრცეში ყოფნა ძალიან  მიმზიდველს ხდის აქაურობას,"- გვიხსნის ლანა. 
ქართველი მეცნიერები და სტუდენტები ცდილობენ ექსპერიმენტში გაზომვის სიზუსტე გააუმჯობესონ რამდენიმე რიგით, რაც გაზრდის  ელექტრული დიპოლური მომენტის აღმოჩენის შესაძლებლობას. ლანა გვეუბნება,რომ თუ ელექტრული დიპოლური მომენტის გაზომვა დაფიქსირდა, ფიზიკის სტანდარტული მოდელი ამ მოვლენის ახსნას ვერ შეძლებს.
"ეს კი ნიშნავს,რომ ჩვენ ახალი რეალობის წინაშე დავდგებით. ეს მოვლენა  შემოიტანს ახალ წარმოდგენას ფიზიკის შესახებ, რისთვისაც ნობელის პრემიაც კი შეიძლება მიანიჭონ. ამის გარდა, თუ გავითვალისწინებთ რა სიზუსტეებზეა საჭირო ამ მონაცემების გაზომვა, ეს ექსპერიმენტი ასევე დიდი მიღწევა იქნება ინჟინერიაში და ზუსტი ხელსაწყოების შექმნაში,"- ამბობს ლანა და იულიხის კვლევითი ცენტრიდან რამდენიმე ფოტოს გვიზიარებს, მათ შორის დეტექტორთან გადაღებულ ფოტოებს. 
ცდილობს მნიშვნელოვანი მოვლენები და ამ მოვლენების მთავარი ობიექტები ხშირად აღბეჭდოს. მანამ, სანამ იულიხის კვლევითი ცენტრიდან ჩამოვა და თსუ მეორე კორპუსის SMART|Lab-ში სხვა სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს, უკვე ფიქრობს იმ ინოვაციურ ექსპერიმენტებზე,რომლებშიც სიამოვნებით ჩაერთვება მომავალში. გრავიტაციული ტალღების ასტრონომია, ნეიტრინოების შესწავლა და სტანდარტული მოდელის კვლევა, იმ საინტერესო მიმართულებების მცირე ჩამონათვალია,რომელშიც ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხის ძიებას თსუ სტუდენტი ლანა რეხვიაშვილიც დაიწყებს.
სხვა სტატიები »