ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

როგორ ვმართავთ მყარ ნარჩენებს და რას ვაკეთებთ სხვის სასარგებლოდ? – თსუ დოქტორანტები რუსთაველის ფონდის გამარჯვებული კვლევების შესახებ

როგორ ვმართავთ მყარ ნარჩენებს და რას ვაკეთებთ სხვის სასარგებლოდ? – თსუ დოქტორანტები რუსთაველის ფონდის გამარჯვებული კვლევების შესახებ
26 ნოემბერი, 2019
საქართველოში ნარჩენების არასწორი მართვის პრაქტიკით დაინტერესდა თსუ გეოგრაფიის დოქტორანტი ლაურა კაველიძე. ის ერთ-ერთია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის 2019 წლის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებულ დოქტორანტებს შორის. მისი კვლევა მყარი ნარჩენების მართვას შეეხება სოფელ არაშენდას და გურჯაანის ნაგავსაყრელის მაგალითზე.
„მყარი ნარჩენების არასწორი მართვის შედეგად გამოწვეულმა პრობლემებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებით მაღალია რისკები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში. თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო და საქართველოში კი უამრავი სტიქიური ნაგავსაყრელი იზიდავს მწერებს, მავნებლებს, რომლებსაც წყლით და ჰაერით გადააქვთ გადამდები დაავადებები, რაც ინფექციების გავრცელების მიზეზი შეიძლება გახდეს“, - ამბობს ლაურა.
როგორც ლაურა გვიხსნის, საქართველოში სტიქიური ნაგავსაყრელები მდინარეების ხეობებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარეობს. პრობლემის აქტუალობასაც სწორედ ეს განაპირობებს.
„ადამიანის მიერ წარმოებული ნარჩენი მრავალფეროვანი კომპონენტების ნარევია: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტმასი, ლითონები, საკვები პროდუქტების და სხვა. მასში შერეულია ისეთი სახიფათო ნარჩენები როგორიცაა ვერცხლისწყალი, ფოსფატები, ტოქსიკური ქიმიკატები, საღებავები და სხვა. უმრავლესობა ბიოდეგრადირებადია, აზიანებს ნიადაგს, მიწისქვეშა წყლებს და მიმდებარე ტერიტორიაზე იწვევს სუნის გავრცელებას, ხდება დაავადებების მომრავლება. ლპობის შედეგად წარმოქმნილი მეთანი ხშირად თვითაალებადია და იწყება დანარჩენი ნარჩენების წვა, რის შედეგადაც წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები იფრქვევა ატმოსფეროში. ინსინერაციის ის ფორმა, რაც დღეს საქართველოს ნაგავსაყრელზე ხდება, ანუ ნარჩენების განურჩევლად დაწვა პირდაპირ პოლიგონებზე, სახიფათოა გარემოსთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად სარისკოა და როგორც უკვე აღვნიშნე სხვადასხვა დაავადებების გავრცელების საშუალებაა“, - ამბობს ლაურა. 
მისი მიზანია გამოკვეთოს აღნიშნულ სოფლებში დაბინძურების ხარისხი, კონკრეტული ნივთიერებები, რომელიც იფრქვევა ნიადაგსა და გრუნტის წყლებში. პროექტის ფარგლებში ლაურა GIS ტექნოლოგიების გამოყენებით შერჩეულ ტერიტორიებზე ნიადაგის და წყლების დაბინძურებას შეაფასებს. 
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მოსახლეობის ეკოლოგიური განათლება. ინფორმაციის და ეკოლოგიური კულტურის ნაკლებობა იწვევს სტიქიური ნაგავსაყრელების მომრავლებას, ნარჩენების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება უარყოფითად აისახება, როგორც უკვე ვისაუბრეთ გარემოზე, ადამიანთა ჯანმრთელობაზე და ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. 
კაცობრიობის ამოცანაა: წარმოება მინიმალური ნარჩენით, წარმოქმნილი ნარჩენის გამოყენება მისი რეციკლირების გზით, ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მინიმალური რაოდენობის განთავსება. ამ ამოცანის წინაშე დგას საქართველოც, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას ნარჩენების მართვის მხრივ. როგორც ვიცით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების 302-ე მუხლის თანახმად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ნარჩენების ეფექტიანი მართვა, წყლის და ნიადაგის ხარისხის კონტროლი, გარემოსდაცვითი მმართველობა, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. აქედან გამომდინარე ვფიქრობ პროექტის თემა იმდენად აქტუალურია, რომ უპირატესობა მიანიჭეს“, - გვიყვება ლაურა. 

***
ნოტინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მაგისტრი ქცევით ეკონომიკაში, თსუ დოქტორანტი რატი მექვაბიშვილი კიდევ ერთი თსუ-ელია, რომელმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის დოქტორანტთა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა კვლევითი პროექტით „პროსოციალური ქცევა ეკონომიკაში და სახელმწიფო ინსტიტუტების გავლენა საქართველოს მაგალითზე". რატი კვლევის შესახებ ჩვენთან საუბარს, პროსოციალური ქცევის განმარტებით იწყებს. 
„სოციალურ მეცნიერებებში ტერმინი პროსოციალური ქცევა შემოღებულ იქნა სოციოლური ფსიქოლოგიის მიერ და ფართო გაგებით განმარტებულია, როგორც სხვის საკეთილდღეოდ მიმართული ნებაყოფლობითი საქციელი, როგორიცაა მაგალითად ურთიერთდახმარება, სამართლიანობა, თანამშრომლობა, ქველმოქმედება და ა.შ. პროექტის ყურადღების ცენტრში მოქცეულია თანამშრომლობა, როგორც პროსოციალური ქცევა და მისი გავლენა ეკონომიკური ურთიერთობების ეფექტიანობაზე და ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გავლენა თავად პროსოციალურ ქცევაზე“, - გვეუბნება ის.
რატი მექვაბიშვილის კვლევა უკვე აქტიურ ფაზაშია. მიმდინაროებს ეკონომიკური ექსპერიმენტის კომპიუტერული პროგრამაში განახლებების შეტანა და ქართული ვერსიის შემუშავება, რის დასრულების შემდგომაც მოხდება ექსპრიმენტის ტესტირება კომპიუტერების ოთახში. 
„პროსოციალურ ქცევა „მეინსტრიმული“ თეორიული ეკონომიკისათვის საერთოდ უცხოა. ნეოკლასიკური თეორიული ეკონომიკა, რომელიც გაბატონებულია ეკონომიკურ მეცნიერებაში და განსაკუთრებით ეკონომიკურ განათლებაში, ეფუძნება ადამიანის სრული ეგოიზმის პოსტულატს. მრავალი ეკონომიკური ექსპერიმენტი და რაც უფრო მთავარია რეალური ეკონომიკური ქცევა ცხადჰყოფს, რომ ადამიანი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობით შეპყრობილი ეგოისტი ინდივიდი არ არის, მას სხვების კეთილდღეობაც აინტერესებს, რისთვისაც ზოგჯერ უარსაც კი ამბობს პირად ინტერესზე. ეკონომიკურ მეცნიერებაში სწორედ ქცევითი ეკონომიკის მიმართულებაა, რომელიც აღიარებს პროსოციალური ქცევის და პირველ რიგში, თანამშრომლობის მნიშვნელობას ეკონომიკაში, რის საკველევადაც მეტწილად იყენებს ლაბორატორიული და საველე ექსპრიმენტის მეთოდებს“, - გვიხსნის რატი. 
სანამ კვლევის პრაქტიკული ნაწილი განხორციელდება, რატი თეორიულ საფუძვლებს გვაცნობს. მისი თქმით, საერთო სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტიანად მიიღწევა პროსოციალური ქცევის ხელშეწყობის, კულტივაციის და გაძლიერების გზით. 
„ეკონომიკურ ურთიერთობათა უმეტესი ნაწილი შეიცავს პირადი და საზოგადოებრივი ინტერესის დაპირისპირების ელემენტს, რაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი დოვლათის წარმოების დილემით გვევლინება. ეკონომიკური ურთიერთობის დროს, ეგოისტი ინდივიდები ყოველთვის ეცდებიან ოპორტუნისტულად მოიქცნენ და „უბილეთო მგზავრის“ პოზიცია დაიკავონ - მიიღონ საზოგადოებრივი დოვლათი სხვების ხარჯზე. ასე მაგალითად, სხვების ხარჯზე მიიღოს გაუმჯობესებული გარემოს დაცვა; შენატანის გარეშე მიიღოს გაუმჯობესებული შრომითი პირობები; არ დახარჯოს დრო და ძალისხმევა სოციალური ნორმის აღსრულებაზე იმაზე გათვლით, რომ ამას სხვა გააკეთებს (გარემოს დაბინძურება, მოუწესრიგებელი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო, ცოცხალ რიგში ურიგოდ გასვლის მცდელობა და მსგავსი ქმედებები). ყოველ ასეთ ცალკეულ და მრავალ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მივყევართ სუბოპტიმალურ და არაეფექტიან ეკონომიკურ შედეგებამდე: არასაკმარისი გარემოს დაცვა, უთანასწორო შრომითი პირობები, არასაკმარისად დაცული სოციალური ნორმები, დაბინძურებული გარემო და ა.შ. 
ოპორტუნისტული ქცევის დასაძლევად თანამედროვე საზოგადეობებში არსებობს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები (მაგ. სასამართლო, პოლიცია და ა.შ.). თუმცა ეკონომიკა, სადაც მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებზეა დაკისრებული აღნიშნული ფუნქცია, ნაკლებად ეფექტიანია. თუ დავუშვებთ, რომ ვრჩებით ეგოისტური „Homo Economicus“-ის პარადიგმაში, სახელმწიფო ინსტიტუტებს ოპორტუნისტული ქცევის შემცირების მიზნით, სანქციებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარების გარდა სხვა არჩევანი არ რჩებათ. ესეთი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა კი თავისთავად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუ კი გამოვალთ „Homo Economicus“-ის პარადიგმიდან, მაშინ არსებობის უფლება აქვს შემდეგ ალტერნატიულ მიდგომას: საერთო სოციალურ კეთილდღეობისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტიანად მიიღწევა პროსოციალური ქცევის ხელშეწყობის, კულტივაციის და გაძლიერების გზით. თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ხელი შეეწყობა ისეთი გარემოს დამკვიდრებას, სადაც თანამშრომლობა და ნდობა არის დაცული და შენარჩუნებული, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ნაკლებად საჭირო ხდება ხარჯიანი მექანიზმების შემოღება. სწორედ ამ მიდგომას იზიარებს ჩვენი პროექტი. 
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ოპორტუნისტული ქცევისგან თავად სახელმწიფო ინსტიტუტებიც არ არიან დაცულნი. არაეფქტიანი, სუსტი და კორუმპირებული სახელმწიფო ინსტიტუტები ხშირად სახელდებიან ეკონომიკის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ მიზეზად, განსაკუთრებით გარდამავალ ეკონომიკებში. ჩვენი აზრით, საქართველო ამ მხრივ კვლევის საინტერესო ობიექტია. საქართველომ ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია განიცადა“, - ამბობს რატი.
პროექტი უკვე დაწყებულია. საბოლოო შედეგებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მანამდე გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება მოუწევს. ექსპერიმენტს გამართული პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება, საჭიროა ექპერიმენტის დოკუმენტალური ნაწილი და ინსტრუქციების მომზადება,თუმცა როგორც გვეუბნება, ყოველივე ეს გადალახვადია.

სხვა სტატიები »