ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის უნიკალური აღმოჩენა

თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის უნიკალური აღმოჩენა
16 ოქტომბერი, 2019
თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სვანეთში, სოფელ ბოგრეშში ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა. მესტიის მუნიციპალიტეტში 1979 წელს მესტია-უშგულის საავტომობილო გზის გაყვანის დროს ბრინჯაოს ხანით დათარიღებული თიხის ჭურჭელი (შუბის პირი, სამაჯურები, მძივები) აღმოაჩინეს. აღმოჩენილი არტეფაქტების შედეგად, ეს ადგილი ბრინჯაოს ხანის ბოგრეშის სამაროვნად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნამოსახლარი და არა სამაროვანი.
წლევანდელმა არქეოლოგიურმა გათხრებმა კი ეს ვარაუდი დაადასტურა - თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილია სახურავი, იატაკი, ორნამენტირებული კერამიკა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით თარიღდება. წინარე ანტიკური ხანის გორა ნამოსახლარი აქამდე მდინარე ენგურის ხეობაში მხოლოდ სოფელ ხაიშში, ნაკრაში, უშგულსა და ეცერში იყო, 2019 წელს კი მათ რიცხვს სოფელ ბოგრეშის ნამოსახლარი შეემატა.
ბოგრეშის ნამოსახლარის აღმოჩენის შესახებ თსუ პროფესორი და ექსპედიციის ხელმძღვანელი ზვიად კვიციანი გვესაუბრება. 1979 წლის შემდეგ, პირველად სწორედ თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის ინიციატივით დაიწყო სოფელ ბოგრეშში გათხრები. 
„2011 წელს სტრატეგრაფიული ჭრილის შედეგად, კულტურული ფენები გამოჩნდა. ფაქტობრივად, 1979 წლის შემდეგ, 2011 წელს, ამ მნიშვნელოვან ძეგლს პირველად ჩვენ შევეხეთ. ჩვენთვის საინტერესო იყო დაგვედასტურებინა ეს ძეგლი სამაროვანი იყო, თუ ნამოსახლარი. 2012 წელს სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში ჩავატარეთ მცირე დაზვერვა. ამ ფერდობზე, გათხრების დროს 2012 წელსვე დადასტურდა, რომ ძეგლის ზედა ფენა არის სამაროვანი და ნაეკლესიარი, მაგრამ არა გვიანი ბრინჯაოს ხანის, არამედ შუა საუკუნეების. ის სეზონი ასე დამთავრდა, პარალელურად, გათხრებს ვაწარმოებდით ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებში. 
ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტმა 100-ზე მეტი სტაციონალური და სადაზვერვო ექსპედიცია განახორციელა. 2011 წლიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, არქეოლოგიის ინსტიტუტი საველე არქეოლოგიურ გათხრებს ახორციელებს სვანეთში. გათხრები მიმდინარეობს,როგორც მდინარე ენგურის, ისე მდინარე ცხენისწყლის ხეობებში. 2011 წლიდან დღემდე უნიკალური აღმოჩენები გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაიშის საკულტო-რელიგიური კომპლექსი, სადაც აღმოვაჩინეთ უნიკალური არტეფაქტები, მათ შორის ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული თიხისაგან დამზადებული გამომწვარი კვერცხი ძვ.წ. VII საუკუნით დათარიღებული. ასეთის ანალოგი მსოფლიოს არცერთ მუზეუმში არ მოიპოვება. ჩვენს აღმოჩენებს შორისაა საოქრო-სამჭედლო-საიუველირო იარაღები.
2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძალისხმევითა და დახმარებით ჩავატარეთ გათხრები. წლევანდელი გათხრები იყო მასშტაბური მიწის სამუშაოების ჩატარების თვალსაზრისით, რადგან ნაგებობა-ნამოსახლარი მიწის ზედაპირიდან 2.5-3 მეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ამ გათხრებმა გვიჩვენა, რომ ზედა ფენაში სამაროვნისა და ნაეკლესიარის გარდა, წყლის არხიც არსებობდა. ამ სიახლესთან ერთად აღმოვაჩინეთ ქვედა ფენა: კედლები, იატაკი, ალიზი, კერამიკის ფრაგმენტები, ხის ძელები, რომლებიც გამოყენებული იყო მშენებლობისთვის, გადასახური მასალა და ასევე, ძვლოვანი მასალაც. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ნამოსახლარი მიეკუთვნება ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებს”, - გვიყვება თსუ პროფესორი. 
თსუ არქეოლოგიური ექსპედიცია ვარაუდობს, რომ ძეგლს შესაძლოა ჰქონდეს უფრო გვიანდელი ქვედა ფენაც. თუმცა, ძეგლი ამ ეტაპზე დაზიანებულია. მიზეზებზე ზვიად კვიციანი გვესაუბრა. 
„ეს არის მრავალფენიანი ძეგლი, პირველი ფენა არის შუა საუკუნეების, ქვედა ფენა ძვ.წ. VIII-VI საუკუნეების, ჩვენი ვარაუდით, კიდევ უნდა იყოს სხვა ფენები შემორჩენილი. თუმცა ძეგლი დაზიანებულია. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ღელე, რომელიც ძეგლთან სიახლოვეს ჩამოედინება და აზიანებს მას. მეორე მხრივ, 80-იან წლებში ამ ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც 3 ოჯახის კარ-მიდამო მთლიანად წაიღო. დაზიანდა ძეგლიც. ამასთანავე, 2016-2018 წლებში საავტომობილო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „მამისონს“, რომელიც მესტია-უშგულის საავტომობილო გზაზე ასფალტს აგებდა, რამდენჯერმე ვთხოვეთ, რომ ამ ძეგლთან ჩვენ გარეშე არ ჩაეტარებინათ სამუშაოები. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა და ძალისხმევისა, მათ გზის გაყვანის დროს ძალიან დააზიანეს და ფაქტობრივად, მოსპეს ძეგლი, იმდენად რომ გზაზე ძლოვანი მასალაც კი იყო დაყრილი”, - გვეუბნება ზვიად კვიციანი. 
თსუ არქეოლოგების ექსპედიციაში თსუ პროფესორებთან ერთად 10 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ექსპედიციაში ჩართული არიან გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები. ამ ეტაპზე თსუ-ში სამი მუდმივმოქმედი არქოლოგიური ექსპედიციაა: გრაკლიანში, სვანეთსა და კახეთში. ექსპედიციებში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუძლიათ.
2011-18 წლებში თსუ არქეოლოგების მიერ სვანეთში განხორციელებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდისა და კატეგორიის უაღრესად საყურადღებო არქეოლოგიური ძეგლები და უნიკალური არტეფაქტები: ძვ. წ. VIII-VII სს. მეტალურგიული წარმოების კერა (ჭუბერის თემი, სოფ. ქვედა მაღრი), ანტიკური ხანის მინის საწარმოს ნაშები (ძვ. წ. I-ახ. წ. I სს., მულახის თემი, სოფ. არცხელი), ძვ. წ. XV-IV საუკუნეების ბოგრეშის მრავალფენიანი ნამოსახლარი და სამაროვანი (იფარის თემი, სოფ. ბოგრეში), შუა საუკუნეების ხანის სამაროვანი (სოფ. ლუჰა, ფარის თემი), შუა საუკუნეების ნამოსახლარი (ბეჩოს თემი, სოფ. უშხვანარი), გვიანი შუა საუკუნეების სამაროვანი (ეცერის თემი, სოფ. ებუთი), საიუველირო (საოქრომჭედლო) სპილენძბრინჯაოს კოლექცია (ბეჩოს თემი სოფ. ქართვანი, ადგილი ბენიერი), სოფ. ხაიშის ანტიკური ხანის საკულტო-რელიგიური კომპლექსი, კლასიკური ხანის რკინის მეტალურგიული საწარმოო კერა და რკინის ქვის კარიერები (ჭუბერის თემი სოფ.ზედა ლახმი, ზედა მარღში); რომაული ხანის საგუშაგო კოშკი (ჭუბრის თემი სოფ.ზედა მარღი) ოქროს სარეწებთან დაკავშირებული კლდეში ამოკვეთილი გობი (ჭუბერის თემი, სოფ. სგურიში (მეკვშდა ბოგი), ანტიკური ხანის ნამოსახლარი (ნაკრის თემი, ადგილი ,,ლამზურბაჩი“) შუა საუკუნეების წყალსადენები (ლენჯერის თემი, სოფ.ქაშუეთი), სამთამადნო მაღარო (ბეჩოს თემი, ადგილი, ტირბიში), გვიანი შუსაუკუნეების ნამოსახლარი (ფარის თემი სოფ. ზემო ლუჰა), წმ. ბარბარეს სახელობის ნაეკლესიარი (ეცერის თემი, სოფ.ლადრერი), ხვამლის წმ. გიორგის სახელობის ნაეკლესიარი (ბეჩოს თემი, სოფ. ახალშენი), აღმოჩენილია უნიკალური არტეფაქტები ანტიკური ხანის საოქრომჭედლო (საიუველირო) იარაღები, რაც პირველი შემთხვევაა ქართულ არქეოლოგიაში და სხვა.
ამ ეტაპზე სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ უკვე შესრულებულია ჭუბერისა, ნაკრის, ფარის, ბეჩოს, მულახისა, იფარისა და უშგულის ტერიტორიებზე არსებული არქეოლოგიური ძეგლების (ობიექტების) ინვენტარიზაცია, ეს სამუშაოები ჩატარდა რანდენიმე ეტაპად: პირველი ეტაპი დაეთმო მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის, ნაკრის, ბეჩოს, მულახისა და უშგულის ტერიტორიებზე შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის გაცნობასა და სამეცნიერო ლიტერატურაში მათ შესახებ ცნობების მოძიებას, აგრეთვე ხეობის შესახებ წყაროთმცოდნეობით-ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის მოძიებასა და გაცნობას. მეორე ეტაპი მიეძღვნა საველე სამუშაოებს, რომლის დროსაც ჩატარდა სადაზვერვო სამუშაოები, ახალი არქეოლოგიური ძეგლების გამოვლენა, მათი და უკვე ცნობილი ძეგლების ზუსტი ადგილმდებარეობის, გავრცელების არეალისა და სავარაუდო საზღვრების დადგენა. ხდებოდა თითოეული ობიექტისა და იქ აკრეფილია არქეოლოგიური მასალის ფოტოფიქსაცია, აზომვა, აღწერა და GPშ კოორდინატების აღება. მესამე ეტაპი მიეძღვნა კამერალურ სამუშაოებს, რომლის დროსაც მოხდა მონაცემთა დამუშავება, ობიექტების რუკაზე დატანა, სააღრიცხვო ბარათების შედგენა, ანგარიშის მომზადება და ერთიან მონაცემთა ბაზაში განთავსება. ეს სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება. 
გარდა ამისა ექსპედიციების მიერ აღწერილია მოსახლეობაში გაბნეული უამრავი უძველესი არტეფაქტი ბრინჯაოს ეპოქიდან დაწყებული გვიანი შუასაკუნეებით დამთავრებული. 
თსუ პროფესორი ზვიად კვიციანი სვანეთის სისტემატიური და სტაციონალური არექოლოგიური კვლევა გადაუდებლობაზე საუბრობს.
„არქეოლოგიური კვლევები უნდა ჩატარდეს, როგორც ენგურის ასევე ცხენისწყლის ხეობებში, სხვანაირად ვერ შეივსება საქართველოს ისტორიოგრაფიაში არსებული სერიოზული ხარვეზი, რასაც ჩვენი ქვეყნის მთიანი ზოლის წარსულის შესწავლის უკმარისობა ჰქმნის. მასალის გარკვეული ნაწილის ახსნა ალბათ გაძნელდება ვიდრე არ განხორციელდება შემთხვევითი მონაპოვრების კვალდაკვალ უკვე მონიშნული ძეგლების (ხაიში, ჭუბერი, ბეჩო, უშგული, მულახი, ხოფური, ბაბილი, ნანარი) არქეოლოგიური გათხრები”, - აღნიშნავს თსუ პროფესორი.

სხვა სტატიები »