ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

CERN-ის CSM ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ტიციანო კამპორესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

CERN-ის CSM ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი ტიციანო კამპორესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
1 ოქტომბერი, 2019
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2019”-ის ფარგლებში , CERN-ის CSM ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორმა,  ტიციანო კამპორესიმ საჯარო ლექცია  „ფუნდამენტური კვლევების დღევანდელი გამოწვევები და ამაჩქარებელზე დაფუძნებული ექსპერიმენტის როლი მათთან მიმართებაში“ წაიკითხა. 
როგორ შეიქმნა სამყარო ან როგორი დასასრული ექნება მას ? რა არის „ბნელი მატერია“ და „ბნელი ენერგია“ ? –  ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრში (CERN,შვეიცარია) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ქართველ მეცნიერებთან ერთად ამ კითხვებზე პასუხს ეძებენ. 
შეძლებენ მეცნიერები სამყაროს საიდუმლოს ამოხსნას? ტიციანო კამპორესი გვეუბნება, რომ მიღწეული წარმატებების ფონზე,  ნამდვილად შესაძლებელია არსებული ცოდნის გაუმჯობესება.
„CERN-ის ყველა ექსპერიმენტი ცდილობს გაარკვიოს, როგორი იყო სამყარო მისი წარმოქმნის დროს, როგორ შეიქმნა პირველი ელემენტარული ნაწილაკები, შემდეგ კი - ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები; რა გზა გაიარა სამყარომ ან როგორი დასასრული ექნება მას.
CERN-ის ლაბორატორიებში  მეცნიერები სამყაროს შექმნის საიდუმლოების ახსნას ვცდილობთ. CMS ექსპერიმენტი ერთ-ერთია დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე სამი უდიდესი ექსპერიმენტიდან. თითოეულ ექსპერიმენტში ათასობით მეცნიერია ჩართული. ჩვენი ადრონული კოლაიდერი ექსპერიმენტულ მონაცემებს აგროვებს. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საკვლევად საინტერესოა შავი ხვრელი. CERN-ის ექსპერიმენტების ერთ-ერთი მთავარი ობიექტია  "ბნელი ენერგია" და "ბნელი მატერია", ჩვენ გვინდა ვიცოდეთ უფრო მეტი მათზე. ამ ეტაპზე ფუნდამენტურ მეცნიერების კიდევ ერთი სტრატეგიულ მიმართულების განვითარებას ვცდილობთ, ვსწავლობთ მოვლენებს,რომლებიც არ მოითხოვენ მაღალი ენერგიების ამაჩქარებლებს და თან არ ჯდებიან სტანდარტულ მოდელში. ვსწავლობთ თითქმის ყველა შესაძლო მატერიას,რომელიც არსებობს სამყაროში და ვცდილობთ გავიუმჯობესოთ არსებული ცოდნა სამყაროს შესახებ,” - აღნიშნავს ტიციანო კამპორესი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებით მონაწილეობს CERN-ში მიმდინარე დიდ ადრონულ კოლაიდერზე ATLAS და CMS ექსპერიმენტებში. CSM ექსპერიმენტის ხელმძღვანელი, ტიციანო კამპორესი 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტებში ქართული ჯგუფის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. 
„რომ გადავხედო ჩემს პროფესიულ ცხოვრებას, თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ ისეთ სამეცნიერო გარემოში, სადაც ქართველი მეცნიერები არ იყვნენ.  განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა,რომ ამ ყველაფერზე გვიან დავფიქრდი და  აღმოვაჩინე - ყოველთვის იყვნენ ქართველი მეცნიერები ირგვლივ. ქართველ მეცნიერებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, მათთან ერთად 80-90-იან წლებში დავიწყე თანამშრომლობა და მათი ძალისხმევა, ჩართულობა და რესურსი განუზომლად მნიშვნელოვანია. ისინი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში პოზიციონირდებიან,როგორც დამოუკიდებელი აქტორები.  
მე პატივს ვცემ ქართველ მეცნიერებსა და ინჟინრებს. ყოველთვის,როდესაც ვხვდები "ძე"-ზე ან "შვილზე" დამთავრებულ გვარებს, უკვე ვიცი რომ ქართველებთან მაქვს საქმე. მოხარული ვარ ჩემი ვიზიტით საქართველოში და იმ შესაძლებლობით,რომ მაქვს პატივი, საქართველოშივე გავიცნო სხვა ქართველი მეცნიერები და ვიმუშაო მათთან ერთად.,“ - ამბობს ტიციანო კამპორესი.

სხვა სტატიები »