ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი სტუდენტური ცხოვრება გალერეა

თსუ მაგისტრანტი სამცხე-ჯავახეთში არსებულ რელიგიურ იდენტობასა და რეზისტენტულობას იკვლევს

თსუ მაგისტრანტი სამცხე-ჯავახეთში არსებულ რელიგიურ იდენტობასა და რეზისტენტულობას იკვლევს
31 ივლისი, 2019
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის,  კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი სალომე ქველიაშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტის გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსის გამარჯვებული გახდა. სალომე ქველიაშვილის პროექტი სამცხე-ჯავახეთში არსებულ რელიგიურ იდენტობასა და მათი რეზისტენტულობის პრობლემას ეხება. „რეზისტანტულობაში“ იგულისხმება რელიგიური ჯგუფების მიერ კონკრეტული საკითხებისადმი პროტესტისა და ერთგვარი თავდაცვითი ქმედებების გამოხატვა, რაც ხშირად „კონტრ-ქმედების“ სახით ვლინდება," - გვიხსნის სალომე. მისი კვლევითი პროექტი მესხეთის სამ დასახლებაში, სოფელ მოხეში, ჭელასა და დაბა ადიგენში განხორციელდა.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გაშუქდა რელიგიურ ფონზე არსებული დაპირისპირების შემთხვევები საქართველოში, თუმცა კონფლიქტის მიზეზები სამივე სოფელში განსხვავებულია. საინტერესოა, რომ დაახლოებით 70 კმ-ის რადიუსში სამი სხვადასხვა კონფლიქტი წარმოიშვა, სამივე რელიგიურ ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისა და მედიის ინტერესი დიდი იყო, სამეცნიერო კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, რაც თემის სიახლის გამო სავსებით ბუნებრივია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოცემული პროექტით შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება, რადგან თემა აქტუალურია და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი. თემის ხელმძღვანელია ქეთევან ხუციშვილი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ ეთნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი.
პროექტის პირველ ეტაპზე დაიგეგმა სამუშაოები, რომლებიც კვლევის მიზნების მისაღწევად აუცილებელია. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო არსებული ლიტერატურის შესწავლა (ძველი და ახალი, როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული) რელიგიური იდენტობის, რეზისტანტულობის, ასევე საკვლევი სოფლების ისტორიისა და დემოგრაფიის შესახებ. კვლევის მეორე ეტაპი მოიცავდა საველე სამუშაოებს, რომლებშიც იგულისხმება ბუნებრივ პირობებში მოსახლეთა ქცევებზე, მოქმედებებზე, ერთმანეთთან ურთიერთობებსა და ზოგად ვითარებაზე დაკვირვება. დაკვირვების პარალელურად, მიმდინარეობდა სიღრმისეული ინტერვიუები იმ რესპოდენტებთან, რომლებიც უშუალოდ კონფლიქტის გადაჭრაში იღებდნენ მონაწილეობას ან კონფლიქტის მხარეებს წარმოადგენდნენ. კვლევის ფარგლებში ასევე შეიკრიბა ფოტომასალა. მოპოვებული მონაცემები, გაანალიზების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება ერთიანი ნაშრომის სახით.
სირთულეები კვლევის ყველა ეტაპზე არსებობს, დაწყებული ლიტერატურის სიმწირიდან, დამთავრებული რესპონდენტების საერთო სკეპსისითა და ჩაკეტილობით. მოცემული სოფლების შემთხვევები შედარებით ახალია, ამიტომ ლიტერატურა თითქმის არ არსებობს, ან მხოლოდ საგაზეთო სტატიებშია ინფორმაცია. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად მაღალი რანგის სასულიერო პირების პოზიცია, მათი ხედვები. ველზე მუშაობისას სოფლებში თავად რესპოდენტები ერიდებიან ხმამაღლა ამ თემაზე საუბარს, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას არასწორად თვლიან, არ სურთ კონფლიქტის რეესკალაცია. მიუხედავად ამისა, სხვა მეთოდებთან ერთად, სიღრმისეულმა ინტერვიუებმა მომცა საშუალება დაპირისპირებული მხარეების პოზიციები ამომწურავად შემესწავლა”, - ამბობს სალომე.
მომავალში ახალი პროექტის შემუშავებას აპირებს სადოქტორო სამუშაოს ფარგლებში. საკვლევი თემა ჯერ არ აქვს შერჩეული, მაგრამ მისი ინტერესის სფეროს რელიგია და რელიგიური ჯგუფები წარმოადგენს
“მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა (რელიგია და რელიგიური ჯგუფები) აქტიური შესწავლის საგანია, ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ანთროპოლოგიურ ჭრილში მოვლენების დანახვა. ეს მიმართულება ახალია საქართველოში და ჩემთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს. კონკურსში გამარჯვების სირთულე დამოკიდებულია კონკურსის პირობების ზედმიწევნით შესრულების ხარისხზე. პროექტის პირველ ეტაპზე ყველა მოთხოვნა ისეთი დეტალურია, რომ თუ არ იცი შენი საკვლევი საკითხი სიღრმისეულად, მაშინ დოკუმენტების დონეზეც კი გართულდება მონაწილეობა. ამიტომ აუცილებელია, რომ წინასწარ საკვლევი თემა კარგად იყოს შესწავლილი და გააზრებული. ზუსტად, ზედმიწევნით იყოს განსაზღვრული კვლევის მიზნები და კვლევის პროცესის ეტაპები”, - ამბობს სალომე ქველიაშვილი.

სხვა სტატიები »