ENG / GEO
ახალი ამბები განათლება მეცნიერება კულტურა და სპორტი გალერეა

სტატია მაგნიტური ნახევარგამტარების შესახებ უნიკალურ აღმოჩენაზე თსუ მეცნიერების თანაავტორობით

სტატია მაგნიტური ნახევარგამტარების შესახებ უნიკალურ აღმოჩენაზე თსუ მეცნიერების თანაავტორობით
24 მარტი, 2019


თსუ პროფესორის ალექსანდრე შენგელაიასა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორი კურსდამთავრებულის ზურაბ გუგუჩიას და ზურაბ შერმადინის სტატია „მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის“ მიერ გამოცემულ იმპაქტ-ფაქტორიან (11.5) ჟურნალში Science Advances-ში დაიბეჭდა. სტატია მაგნიტური ნახევარგამტარების შესახებ უნიკალურ აღმოჩენას ეხება. 
მაგნიტური ნახევარგამტარები მეცნიერებისთვის ერთ-ერთ საინტერესო საკვლევ ნივთირებებს წარმოადგენენ. ისინი სწრაფი და ახალი თვისებების მქონე ელექტრონული მოწყობილობების მისაღებად გამოიყენება. თსუ პროფესორმა ალექსანდრე შენგელაიამ და მისი კოლეგება აქამდე სრულიად უცნობი, ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარი აღმოაჩინეს.
„ჩვენი კვლევების შედეგად ვაჩვენეთ, რომ ორი ქიმიური ელემენტის, მოლიბდენის და სელენის შენაერთი ქიმიური ფორმულით MoSe2 წარმოადგენს ახალი ტიპის მაგნიტურ ნახევარგამტარს, რომელიც აქამდე არ იყო ცნობილი. ამ ნივთიერების დიდი უპირატესობაა ის, რომ მისი მიღება შედარებით ადვილია როგორც თხელი ფირების ასევე კრისტალების სახით. რაც მთავარია, თვითონ მაგნეტიზმის ბუნება სრულიად განსხვავდება აქამდე ცნობილი მაგნიტური ნახევარგამტარებისაგან. შესაბამისად ამ ნივთიერების კვლევა ძალიან საინტერესოა როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი თვალსაზრისით. როგორც ცნობილია თანამედროვე ელექტრონიკის საფუძველს წარმოადგენენ ნივთიერებები რომელთაც ნახევარგამტარები ეწოდებათ. ამ ნივთიერებებში ხდება ელექტრონების მუხტის მოძრაობის მართვა. ახალი ტიპის ელექტრონიკას, რომლის შექმნაზეც ამჟამად მუშაობენ მეცნიერები, სპინტრონიკა ეწოდება. ჩვეულებრივი ელექტრონიკისგან განსხვავებით სპინტრონიკის მიზანია მართოს არა ელექტრონის მუხტი, არამედ ელექტრონის კვანტური თვისება რომელსაც სპინი ეწოდება. სპინის მართვა მოგვცემს შესაძლებლობას მივიღოთ უფრო ენერგოეფექტური, სწრაფი და პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ელექტრონული მოწყობილობები. ამისთვის აუცილებელია ახალი ტიპის მასალები, მაგნიტური ნახევარგამტარები, რადგან ამჟამად გამოყენებულ ნახევარგამტარებს მაგნიტური თვისებები არ გააჩნიათ. აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა ძალიან რთული ამოცანაა და მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ასეთი მასალების ძიება“, - ამბობს თსუ პროფესორი ალექსანდრე შენგელაია.
მიღებული შედეგები ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის ნაყოფია, რომელშიც თსუ პროფესორთან, კურსდამთავრებულებთან და ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ მეცნიერები მსოფლიოში ცნობილი ცენტრებიდან: კოლუმბიის უნივერსიტეტი (აშშ), ბრუკჰეივენის ნაციონალური ლაბორატორია (აშშ), პაულ შერერის ინსტიტუტი (შვეიცარია), ციურიხის უნივერსიტეტი (შვეიცარია), დედოფლის უნივერსიტეტი ბელფასტში (გაერთიანებული სამეფო). 
როგორც თსუ პროფესორი ალექსანდრე შენგელაია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ყველაზე დიდი წვლილი განხორციელებულ კვლევებში სწორედ ზურაბ გუგუჩიას მიუძღვის და ამიტომ ის გამოქვეყნებული სტატიის პირველი ავტორია. ამჟამად ზურაბ გუგუჩია შვეიცარიაში, პაულ შერერის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო ზურაბ შერმადინი შვეიცარიიდან საქართველოში დაბრუნდა და ამჟამად ის თსუ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია. 
ჟურნალში შციენცე Aდვანცეს სტატიის გამოქვეყნებისათვის აუცილებელია მიღებული შედეგები ასახავდნენ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს მეცნიერებისა და ინჟინერიის დარგებში. შესაბამისად, Science Advances-ში გამოქვეყნებული ყველა სტატია მსოფლიოს მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. 
„სტატიის გამოქვეყნება ამ ჟურნალში ძალიან რთულია რადგან გადის ძალიან მკაცრ და ხანგრძლივ რეცენზირების პროცესს. ჩვენს შემთხვევაში სტატიის გაგზავნიდან მის დასაბეჭდად მიღებას 9 თვე დასჭირდა.გამოქვეყნებული შედეგები მხოლოდ პირველი ნაბიჯია ახალი მაგნიტური ნახევარგამტარების შესწავლის პროცესში. უკვე დაგეგმილია ახალი ექსპერიმენტები მათი თვისებების უფრო ღრმა შესწავლისათვის. ასე რომ წინ საინტერესო კვლევის პროცესი გველის“, - ამბობს თსუ პროფესორი ალექსანდრე შენგელაია.

სხვა სტატიები »